17:49:45     07-08-2024
"საქართველო დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე 2008 წელს" - კახა ოქრიაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი 2008 წლის ომიდან 16 წლის გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანა დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე აგვისტოს ომის დროს იყო. მისი თქმით, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის დაცულობის ხარისხი ორ მთავარ ბერკეტზე, მოკავშირეობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე გადის.
"2008 წლის აგვისტოს ომიდან უკვე 16 წელი გავიდა. ჩვენმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს სამშობლოს და ქართველი ხალხის ღირსება და წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთიდან შემოჭრილ ურდოს. ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ უბრძოლველად არ ჩავბარებულვართ. თითოეულ ქართველს ჩვენი გმირების ვალი გვაქვს, რადგან მათ ჩვენი წილი სისხლიც დაღვარეს რუსეთთან ომში!
რა ვითარება გვაქვს დღეს უსაფრთხოების კუთხით - 2008 წლის შემდეგ, 16 წლის განმავლობაში, რა გაკეთდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად? დღეს უფრო დაცული ვართ რუსეთის აგრესიისგან, ვიდრე 2008 წელს? გვყავს თუ არა პოტენციური მტრები, რუსეთის გარდა? წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო ტერორიზმი ჩვენთვის რეალურ საფრთხეს?!
პასუხი: საქართველო დღეს უფრო დაუცველია, ვიდრე 2008 წელს! ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის დაცულობის ხარისხი ორ მთავარ ბერკეტზე, მოკავშირეობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე გადის.
ჩვენი ხალხის არჩევანი ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაა. ამ თვალსაზრისით, უკვე რამდენიმე წელია წინსვლა არ გვაქვს, თან იმის ფონზე, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ნატო-ს წევრი თურქეთი ჩვენი მეზობელია. მეტიც, წინსვლა კი არა, სრული უკუსვლა გვაქვს და ფაქტობრივად, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობა შეჩერებულია! 2008 წელს არ ვყოფილვართ ნატო-ს წევრი ქვეყანა და ჩვენზე არც მეხუთე მუხლი გავრცელებულა ტოტალური თავდაცვის შესახებ, მაგრამ რომ არა მათი მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ 20% კი არა, მთლიანად ქვეყანა იქნებოდა ოკუპირებული.
მეორე ბერკეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაა. 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, უარი თქვა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დაფინანსებაზე. ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი 2012 წლიდან, დოლარის კურსის გათვალისწინებით, 280 მლნ დოლარიდან 350 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. შედარებისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 10-ჯერ და ზოგიერთ წლებში მეტჯერაც აღემატება საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტს. ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის დაფინანსება 300 მილიონი დოლარით პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არის ნულის ტოლი! რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლება თითქოს ოდნავ გამოფხიზლდა და 500 მლნ დოლარამდე გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, რაც აბსოლუტურად არასაკმარისია.
2012 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ
1 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო, არაკორუმპირებული, კომპეტენტური მთავრობის პირობებში და შედეგად, მივიღებდით პატარა, მაგრამ ძლიერ და ბრძოლისუნარიან ჯარს. როცა კარგი ჯარი გყავს, უფრო საპატივსაცემო ქვეყანა ხარ მტრისთვისაც და მეგობრისთვისაც. მაჩანჩალა ქვეყანა მოკავშირედ არავის სჭირდება.
სამწუხარო დასკვნა - დღეს ჩვენი ქვეყანა გაცილებით მოწყვლადია ნებისმიერი სამხედრო აგრესიის მიმართ, ვიდრე 2008 წელს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ახალმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი 1 - 1,2 მილიარდ დოლარამდე, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით, ყოველწლიურად. შედეგად, მივიღებთ თავდაცვისუნარიან ჯარს, გავხდებით სასურველი და ღირებული სამხედრო პარტნიორი სხვა ქვეყნებისთვის და მტერი მრავალჯერ დაფიქრდება, განახორციელოს თუ არა აგრესია ჩვენს წინააღმდეგ", - წერს კახა ოქრიაშვილი.