ჩრდილოკავკასიელებს რუსულ არმიაში აღარ გაიწვევენ ჩრდილოკავკასიელებს რუსულ არმიაში აღარ გაიწვევენ />


  21:55:45     06-09-2011

ჩრდილოკავკასიელებს რუსულ არმიაში აღარ გაიწვევენ

a9731.jpg

საბჭოთა კავშირის დროს, არმიის სამეთაური რგოლთან დაკავშირებით, კრემლს მკვეთრი და კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის დამღუპველი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ეს ქვეყნები, იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ მას ამ საკითხში, ისევე როგორც სხვა მრავალში. კრემლის ამოცანა იყო, არ „გამოეზარდათ“ საბჭოთა არმიაში სხვა ეროვნების მაღალი და თუ საშუალო რანგის ოფიცრები, რუსების გარდა.

კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგაც კი, კრემლი რომ საბჭოთა აზროვნებიდან ვერ გამოსულა, ჩელიაბინსკის ოლქის სამხედრო კომისრის, ნიკოლაი ზახაროვის განცხადებაც მეტყველებს.„კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებს, არმიაში აღარ გაიწვევენ“ - განაცხადა კომისარმა ზახაროვმა.

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი გადამჭრელი ზომები, კრემლმა არმიაში ეთნიკური ნიშნით დაძაბულობისა და ამ ნიადაგზე გახშირებული კონფლიქტების გამო მიიღო, რომლებსაც რუსი ოფიცრების განცხადებით, მუდმივად აპროვოცირებენ და აღვივებენ ჩრდილოკავკასიელი წვევამდელები.

შესაძლოა, ნაწილობრივ მართლაც ასეა, მაგრამ თუ კრემლის მუდმივად შორსმჭვრეტელ პოლიტიკას გავითვალისწინებთ, აზრს მოკლებული არ არის, რომ რუსეთის ხელისუფლება, უბრალოდ, თავს იკავებს იმ კავკასიური რესპუბლიკებისათვის სამხედროების გამოზრდისაგან, სადაც რაც დრო გადის, სულ უფრო მწიფდება დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყების იდეა.

ამ მხრივ, პირველი მერცხალი, დაღესტანი აღმოჩნდა. საგაზაფხულო გაწვევის მონაცემებით, ამ სეზონზე წვევამდელთა რიცხვი, წინა წელთან შედარებით, ხუთჯერ შემცირდა. თუ 2010 წლის გაზაფხულზე რუსულ არმიაში 2000-მდე დაღესტნელი ახალგაზრდა გაიწვიეს, წელს მათი რაოდენობა 400-მდე დავიდა.

რუსეთის გენშტაბს, აღნიშნული რეგიონიდან გაწვევის სრულად შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩრდილოკავკასიელ წვევამდელთა რიცხვი სულ უფრო კლებულობს.

რუსული არმიისათვის ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება უცხო ხილი არ არის, რატომ მიმართეს რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასეთ გადამჭრელ ზომებს ახლა? სწორედ ეს ბადებს ეჭვს, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბოლოს და ბოლოს, ბუნტისთავი წვევამდელების დასასჯელად, რუსულ ჯარში ჰაუპტვახტებს რა დალევს.  

საწინააღმდეგოს აკეთებს რუსეთის გენშტაბი ოკუპირებულ აფხაზეთში. გავრცელებული ინფორმაციით, არანაკლებ დაძაბული მდგომარეობაა აფხაზეთში დისლოცირებულ რუს სამხედრობსა და ადგილობრივ, აფხაზ ჯარისკაცებს შორის, თუმცა კრემლი, აფხაზეთში, რუსი სამხედროების კონტიგენტს არამცთუ ამცირებს, მათ რიცხვს სულ უფრო ზრდის.

სულ ცოტა ხნის წინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსებმა, დამატებითი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ  Livepress.ge ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, სოფელ ხუმუშკურის გავლით, გალში რუსებმა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, 30 ერთეული ტანკი და სატვირთო მანქანა გადაიყვანეს. „უკვე დიდი ხანია, ჩვენთან ამხელა სამხედრო კოლონა აღარ გვინახავს. ტანკებიც იყო და სხვა სამხედრო მანქანებიც“ - ამბობს თვითმხილველი, რომლისთვისაც გაუგებარია სამხედრო ძალების ასეთი როტაცია გალის მიმართულებით.
0

ავტორი: