13:59:08     10-07-2024
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ გალტ & თაგარტის დახმარებით 19.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ტრანზაქციის საწყისი მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, მოცულობა 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული ემისია 2024 წელს განხორციელებული ყველაზე დიდი საჯარო ტრანზაქციაა.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[1], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მეხუთე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით განხორციელდა. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია კორპორატიული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.
2023 წლის დეკემბერში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის დეკემბერში 20 მილიონი დოლარის, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 მილიონი ევროს მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა. აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წლის პირველი საჯარო განთავსება იყო.
ახალი, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2026 წლის 8 ივლისს მოხდება. ობლიგაციები შეიძინა საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 125-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. ობლიგაციების ჯამური მოცულობიდან 15 მილიონი დოლარის მიზნობრიობაა 2022 წლის 7 ივლისს განთავსებული ობლიგაციების, ხოლო დარჩენილის - არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.
„კომპანია გალტ & თაგარტთის დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეხუთედ ახორციელებს საკმაოდ მოცულობით, 2024 წლის ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. 2023 წელს კომპანიამ კიდევ ერთი, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განათავსა ჯერ 20 მილიონი დოლარის, შემდეგ კი 5 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციები. მიმდინარე ტრანზაქციამ კი წარმატებით გამოიწვია ინვესტორების მოსალოდნელზე მაღალი დაინტერესება, რის შედეგადაც საწყისი, 15 მილიონი დოლარის მოცულობა 19.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. „აი ჯი დეველოფმენტისათვის“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტიონერებსა და ინვესტორებს“, - აცხადებს მინდია საბანაძე, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ექსკლუზიური პარტნიორიორობით უკვე მეხუთე ერთობლივი გარიგება განხორციელდა. ინვესტორთა მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა და შედეგად წლის უმსხვილესი ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი საჯარო ტრანზაქციაც აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ განახორციელა, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, წარმატებულ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ“, - აცხადებს ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი.