ვიქტორ ჰიუგოს „Sinite parvulos venire ad me“- Iesus ვიქტორ ჰიუგოს „Sinite parvulos venire ad me“- Iesus />


  15:56:59     06-09-2011

ვიქტორ ჰიუგოს „Sinite parvulos venire ad me“- Iesus

a9723.jpg

ძალიან საინტერესოა ვიქტორ ჰიუგოს ლექსი, Sinite parvulos venire ad me – Iesus. Sinite parvulos venire ad me - Iesus ლათინურად ნიშნავს: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა - იესუ.

მარკოზის სახარების მიხედვით (მარკოზი, 10, 13-14) იესოს სანახავად მივიდნენ ბავშვები, მშობლებმა მოიყვანეს. იესოს მოწაფეებმა შეაჩერეს ისინი, არ მიუშვეს იესოსთან, ალბათ, იფიქრეს არ შეაწუხონო.

“და მოჰგვრიდეს მას ყრმებსა, რაჲთა ჴელი დასდვას მათ; ხოლო მოწაფენი აყენებდეს მათ, რომელნი-იგი მოგჰვრიდეს.

ვითარც იხილა იესუ, შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“

ვიქტორ ჰიუგოსათვის ეს სიტყვები და ბავშვებისადმი სიყვარული იქცა შთაგონების წყაროდ და შექმნა შესანიშნავი ლექსი, სადაც ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს სიხარულად სახლში ბავშვების ჟრიამულია გამოცხადებული. ლექსი კარგად გადმოსცემს დიდი შემოქმედის კეთილშობილ ბუნებას. და იქნებ შვილმკვდარი მამის სევდასაც...

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ამ ლექსს, რომელიც ფრანგულიდან გივი გეგეჭკორის მიერ არის თარგმნილი.

Sinite parvulos venire ad me
Iesus*

(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

მოვიდნენ ჩემთან, შემოუშვით ჩემთან ბავშვები,
ვერ გამიქრები, მე თუ ბავშვებს ვეთამაშები,
ლაჟვარდოვანო ბუშტის ნაჭერო!
რომელმა ბრძანა: რომ ღვთაებრივ მუზას განდევნის
მათი სიცილი უზრუნველი და უდარდელი...
აქეთ, ცელქებო და კუდრაჭებო!

შემოდით ჩემთან! აქ ირბინეთ, ამ ოთახებსაც
თქვენი სიცილი და ყიჟინა რომ თავს დაესხას
და შეებრძოლოს შფოთსა და ბორგვას.
არ ემუქრება ქვეყანაზე რადგან წალეკვით
თქვენი ღიმილის სიხარული და ანარეკლი
პოეტის სულში დარხეულ ორღანს.

თქვენ ვინ გიშორებთ? ჩემთან მოდით და ამ კედლებში
ვიქნები უფრო შუბლნათელი და უკეთესი,
მე თქვენს ფერხულში თუკი ჩავები...
ცეცხლმოდებული, სისხლიანი სიზმრის ნათელში
რად მეშინოდეს, თუ ვიხილე მე უცხადესი
ოქროსთმიანი თქვენი თავები?

თქვენი ღიმილი სიცოცხლეა! ვინ დაიჟინა,
ვინ ამჯობინა მხიარული ბავშვის ყიჟინას
დამუნჯებული სახლის წყვდიადი?
ბავშვს ვინ წამართმევს? სიბრალული იარაღია, -
ისე აშუქებს ბავშვის ღიმი ჩემს სულს ნაღვლიანს,
როგორც სიბნელეს - სხივის ჭიატი!

ნურავინ მეტყვის, რომ ბავშვები, სადა ნახულა,
საკურთხეველთან მიიყვანოს კულტის მსახურმა,
რომ თითქოს მუზას დააფრთხობს ჩქამიც...
არა მინდა-მეთქი, გეუბნებით არა მჭირდება
არც უკვდავება, არც პატივი, და არც დიდება,
მსურს სიხარულის უბრალო წამი!

დე, იმას ჰქონდეს განდიდება, ფუჭი სახელი,
სიმღერის ნაცვლად სიმღერების გამოძახილი,
ვინც უღალატა სიმღერას ნამდვილს,
წუთისოფელი მწუხარე და ღვარძლით ნათესი,
ღამის კოშმარით მარტვილობა დღის სინათლეზე
და დამარხული დიდების ლანდი!

იმაზე დიდი სიხარული განა არსებობს,
ჩვენი ოჯახი რომ მაგიდას უზის გარშემო
და დროს ატარებს... ფუჭი დიდება
განდევნილია სიცილით და ჩვენი საუბრით.
ასე დამფრთხალი ბეღურების გუნდი გაურბის
გაქცეულ ბიჭებს და ერიდება!

ის ცოცხლობს, რასაც ბავშვი ელამუნება,
იშლება კვირტი, ოქროვანი ჰყვავის ბუნება,
ჯადოსნურია მინდვრის ღაღანი,
გაჰყვება სული ბალადების ცოცხალ სტრიქონებს,
ოდების სუნთქვით ფრთაშესხმული ზევით იქროლებს
და ის იქნება უფრო მაღალი.

ცეროდენების სიხარულით მეც ვყმაწვილდები,
ხასხასებს ლექსი, ვით აპრილში მწვანე მინდვრები.
ო, ძმებო, სულით რომ დაჩიავდით,
მერწმუნეთ, ბავშვის ჟრიამული თუ გაალაღებს
ჩვენს ლექსს, რომ იქცეს პოეზიად, ასე ბალახებს
აცოცხლებს ცვარი და განთიადი.

ჩემთან, ბავშვებო! ან ეზოდან ანდა ბაღიდან
გამოიქეცით! დაეჯახეთ სკამს და მაგიდას
და ოთახები დაინაწილეთ!
და როცა სახლ-კარს ფუტკრებივით შემოესევით,
განახლებული ჩემი სული, ჩემი ლექსები
აედევნება თქვენს სიყმაწვილეს!

არსებობს სული უნაზესი და ის იცილებს
მიწიერს, რადგან ეზიარა არამიწიერს
ღამის დუმილით და ჰარმონიით
და ეფინება სიმფონია სულს ფრაგმენტებად. –
ფოთლის ჩურჩული, ზღვის ღრიალი, ქარის შეტევა,
დასიზმრებული და გაგონილი.

ო, მე არ ვიცი, რა იქნება, ან რა მომელის,
მეხსიერებას რა გაჰყვება, რა შეცდომები,
შემინდობს თუ არ შემინდობს ღმერთი. –
მაგრამ მე მინდა, რომ იქ ვიყო და იმ ქალაქში,
სადაც სიცილი ისმის ბავშვის, ასე ხალასი,
მე მსურს ცხოვრება ბავშვების გვერდით.

და თუ ოდესმე დავუბრუნდი უმშვენიერეს
ქვეყანას, სადაც ჩემი მზერა ისევ იელვებს,
და რომლის ენაც თითქოს ლექსია,
სადაც ვიხილე ულანები ნაპოლეონის,
ო, ესპანეთის! ციხე სიდის! კიდევ ლეონი,
არაგონია და ვალენსია!

დე, აღიმართონ რომაული აკვედუკები,
ჩემი ბავშვობის მოედნები ანდა შუკები,
ანდა ნაშთები მავრთა ქალაქის,
დაე, მირბოდეს დაკლაკნილი გვადალკვივირი,
ჩარდახზე ვიჯდე, აქეზებდნენ ჯორებს ყვირილით
და ჟღარუნობდეს კვლავ ზანზალაკი.

0

ავტორი: