14:36:22     06-09-2011
7 წლის ბავშვის გატაცებასა და მკვლელობაში, მამამ არასრულწლოვანი შვილიც დაიხმარა

ალბათ გახსოვთ, მეზობლის მიერ, ფულის გამოძალვის მიზნით, 7 წლის ბავშვის გატაცებისა და მკვლელობის გახმაურებული, შემზარავი დანაშაული, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია სასამართლო განხილვის დეტალები, რომელმაც დამნაშავის კიდევ უფრო მძიმე ბრალეულობა გამოკვეთა. დღეს ამ დანაშაულისთვის სანდრო ჯ., საკუთარ შვილთან ერთად იხდის სასჯელს. მას სასამართლომ თავისუფლების სამუდამოდ აღკვეთა, ამავე დანაშაულში მონაწილე მის ვაჟს კი - 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ სანდრო ჯ.-მ განიზრახა მძევლად ხელში ჩაეგდო მეზობლად მცხოვრები, შვიდი წლის ირაკლი გ., მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით და აღნიშნული განზრახვა არასრულწლოვან შვილს გაანდო. მამა-შვილი შეთანხმდნენ, რომ ირაკლი გ.-ს მძევლად ხელში ჩაგდების შემდეგ მას გადამალავდნენ ერთ-ერთ სოფელში, მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც გამოსასყიდის მიღებამდე, ბავშვზე მეთვალყურეობას სანდრო ჯ.-ს შვილი განახორციელებდა. დეტალურად შეისწავლეს ირაკლი გ.-ს გადაადგილების მარშრუტი, მისი მშობლების სამსახურში და სახლში ყოფნის დრო, მობილური ტელეფონის ნომრები და მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ის ადგილები, სადაც ბავშვი ხშირად თამაშობდა. შუადღისას, სანდრო ჯ.-მ ირაკლი გ. ეზოდან გამოიყვანა და იმავე კორპუსში, თავის საცხოვრებელ კორპუსში აიყვანა, რომ ხელსაყრელ დროს დალოდებოდა მის სოფელში გადასაყვანად. ბავშვს რომ არ ეყვირა, სანდრო ჯ.-მ მას ალკოჰოლური სასმელი მიაღებინა, მამამისს კი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ ბავშვი მძევლად ჰყავდა და კატეგორიულად გააფრთხილა პოლიციასთან დაკავშირების შემთხვევაში, შვილს ვეღარ იხილავო, ასევე უთხრა, რომ ორ დღეში შეატყობინებდა მძევლის გათავისუფლების სანაცვლო პირობას. ირაკლის მშობლები პოლიციას დაუკავშირდნენ, სანდო ჯ.-მ ეს რომ შეიტყო, ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა. მან გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განსაკუთრებული სისასტიკით სცემა ბავშვს, შემდეგ კი ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით მოკლეს იგი. გვამის გადამალვის დეტალებს სანდრო ჯ.-ს ვაჟი, კახა ჯ. ასე იხსენებს: "ღამის სამ საათზე გააღვიძა მამამისმა და უთხრა რომ ჩაეცვა, რადგან სოფელში უნდა წასულიყვნენ, გზაში სანდრო ჯ.ს ბევრჯერ დაურეკეს სამსახურიდან და ძალიან ნერვიულობდა. სოფელში რომ ავიდნენ, ბებიას და მამიდას ეძინათ, თუმცა მათი მისვლისას გაიღვიძეს. ჭიშკარში შესვლისას, მამამისმა უცხო მანქანა შეამჩნია და გარეთ დარჩა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში გაიხმო და უთხრა, რომ ვინაიდან სამსახურიდან ბევრჯერ დაურეკეს, უნდა წასულიყო. მას კი დაუბარა, რომ ბავშვი წაეყვანა და "ზევით მხარეს" დაესვენებინა და თუ მანქანა უკან გაყვებოდა, დაერეკა და ეცნობებინა მისთვის. მან უპასუხა, რომ არ შეეძლო ამის გაკეთება, რაზეც ყვირილი დაუწყო და აიძულა მისი მოთხოვნები შეესრულებინა.
სანდრო ჯ.-ს წასვლის შემდეგ შეამჩნია რა, რომ ამ უკანასკნელს გაჰყვა მანქანა, დაურეკა და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ. შემდეგ ბავშვი ორ ცელოფანში შეახვია და ჩადო ტომარაში, რომ არაფერს გაეფუჭებინა და 200 მეტრის მოშორებით გადაასვენა "ზემოთ ბუჩქებთან". დაბრუნებისას, მანქანით უცნობები წამოეწივნენ და უთხრეს, რომ "სოდიდან" იყვნენ და გაქცეულს ეძებდნენ. აღნიშნულის შემდეგ, დათვალიერების მიზნით, ისინი სახლში შეუშვა. დილით 10-11 საათისთვის კი იგი წაიყვანეს "სოდში". კახა ჯ.-მ განმარტა, რომ ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით იგი თავისი ნებით გაჰყვა გამომძიებლებს და გვამის ადგილსამყოფელიც თვითონ აჩვენა. ამასთან განმარტა, რომ სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნის და არ იცის საიდან გაჩნდა მის ოთახში. მიაჩნია, რომ იგი მიიტანეს სოდის თანამშრომლებმა, ხოლო წყლის მაგივრად, კოკა-კოლა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხე იყო, ძალით დაალევინეს, რათა მეტი დამაჯერებლობისთვის სისხლშიც აღმოჩენოდა ნარკოტიკი."
წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა არც სანდრო ჯ. მან განმარტა, რომ იმ დღეს დედასთან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და დასალევი წყალი უნდა წაეღო. `სასმელი ჭურჭელი დაალაგა აივანზე. წყლის ჭურჭელი მანქანაში რომ ჩაელაგებინა ავტომანქანა წაიყვანა უკუსვლით სადარბაზოსკენ, რა დროსაც იგრძნო, რომ რაღაცას დაეჯახა. მანქანიდან გადმოვიდა და ნახა, რომ ბავშვზე, ირაკლი გ.-ზე იყო შეჯახებული, რომელიც ბორბლებს შუა იყო მოქცეული. ის მანქანას ხელით მიაწვა და ცოტა წინ გადააგორა, ბავშვი გაუნძრევლად ეგდო. ამ დროს ეზოში არავინ ჩანდა. ამის შემდეგ ბავშვი ხელში აიყვანა, თავის ბინაში შეიყვნა და თავისი ვაჟის საძინებელ ოთახში იატაკზე დააწვინა. სცადა ირაკლი გ.-ს წყლით მოსულიერება, მაგრამ უშედეგოდ. ამასობაში მიხვდა, რომ ბავშვი მკვდარი იყო და გადაწყვიტა მისი გვამი სადმე დაემალა, მოგვიანებით კი შეეტყობინებინა ბავშვის მშობლებისათვის მომხდარის შესახებ."
გვამის სოფელში ჩატანისა და გადამალვის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და ირაკლი გ.-ს მამას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა და მოგვიანებით გააგებინებდა, სად იყო მისი შვილი. ამის შემდეგ კი, ტელეფონი მოიშორა. სანდრო ჯ.-ს განმარტებით: "საღამოს სამსახურიდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სასწრაფოდ გამოცხადებულიყო. მიხვდა, რომ "ყველაფერი რიგზე ვერ იყო" და ძალიან აფორიაქდა. გვიან შვილთან ერთად ისევ ავიდა სოფელში, გზაში კვლავ ურეკავდნენ სამსახურიდან. სოფელში რომ ავიდნენ კახა სახლში შევიდა, თვითონ კი ფიქრობდა როგორ დაემალა გვამი. სათავსოდან გამოიტანა ხელსაწყოები, გარდაცვლილი ბავშვი ამოასვენა ჩემოდნიდან და ჩაასვენა იმ ორმოში, სადაც ღობის იქით მიწა ნახევარ მეტრამდე უკვე ამოთხრილი იყო. ამის შემდეგ გარდაცვლილს მიწა მიაყარა. ჩემოდანს კი ბენზინი გადაასხა და დაწვა.
მალევე სახლიდან, სოფლის გზაზე შეამჩნია რამდენიმე საეჭვო მანქანა. კახას უთხრა, რომ ბავშვის გვამი ორმოდან ამოეღო და მოშორებით გადაეტანა. ამ ფაქტმა ძალიან ცუდად იმოქმედა კახაზე, მაგრამ მისი ბრძანების შეუსრულებლობა ვერ გაბედა. ასევე დაუბარა კახას, რომ დაერეკა და ეცნობებინა, თუ ვინმე უკან გაყვებოდა, რის შემდეგაც წამოვიდა თბილისში. როდესაც მანქანა გააჩერა, მასთან მივიდნენ "სოდის" თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ უნდა გაჰყოლოდა მათ "სოდის" შენობაში. სანდრო ჯ.-მ ასევე განმარტა, რომ ამ შემთხვევამდე ირაკლის მამასთან პრობლემები არ ჰქონია, იმ დრიოსთვის ვალები აღარ ჰქონდა. ასევე აჩვენა, რომ "სოდში" მას სცემეს და აიძულებდნენ ეღიარებინა ის, რაც არ ჩაუდენია. ემუქრებოდნენ შვილების დაჭერით და მოკვლით. წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებისთვის არ გაუწევია."
სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ: "დაკითხვა წარმოებდა ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #72-ში მდებარე საქართველოს შს სამინისტროს #2 ადმინისტრაციული შენობის საგამოძიებო ოთახში, სადაც სანდრო ჯ.-მ აღიარა ბავშვის გატაცება და მკვლელობა, ამის შემდეგ, შედგა მისი ეჭვმიტანილად დაკავების ოქმი და განემარტა, რომ იყო დაკავებული, რა დროსაც სანდრო ჯ.-მ აიღი იქვე, მაგიდაზე დადებული საფერფლე და ისროლა გამომძიებლის მიმართულებით, მას საფერფლე ასცდა, მოხვდა უკანა კედელს და დაიმსხვრა. ამის შემდეგ სანდრო ჯ. შეეცადა მისი დაკავების და მოწმის სახით დაკითხვის ოქმების განადგურებას, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ძალის გამოყენებით წაართვეს აღნიშნული ოქმები. სანდრო ჯ.-მ ასევე თავი დაარტყა მაგიდას და შეეცადა გაქცევას, რა დროსაც მისი დაკავებისას გახდა უფრო აგრესიული, გამომძიებელს შემოახია სამსახურებრივი საზაფხულო მაისური, აიღო სკამი და ცდილობდა მათი მიმართულებით სროლას. აღნიშნულის გამო, სანდრო ჯ.-ს წინააღმდეგობის გაწევის დასაძლევად და დასაკავებლად საჭირო გახდა და გამოყენებულ იქნა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც სანდრო ჯ.-მ მიიღო სახისა და ტანის არეში დაზიანებები."
სასამართლომ განსასჯელის ჩვენება, რომ თითქოსდა ბავშვი შემთხვევით შემოაკვდა, არ გაიზიარა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით არც ბავშვს და არც ავტომანქანას ავარიის კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ "ბავშვს სიცოცხლეში, სიკვდილამდე, მიღებული ჰქონდა ეთილის სპირიტის შემცველი ალკოჰოლური სასმელი გარკვეული დოზით. ასევე, მას სიცოცხლეში, სიკვდილამდე, გადატანილი ჰქონდა ძლიერი შიში, რასაც ადასტურებს სისხლში ჰორმონ ადრენალინის მოჭარბებული არსებობა, რასაც იწვევს გარკვეული დროის განმავლობაში შიში განცდა, ან უეცარი (შიშის) განცდა."
0