ჯეიმზ ჯოისის „ევილინი“ ჯეიმზ ჯოისის „ევილინი“ />


  11:47:18     06-09-2011

ჯეიმზ ჯოისის „ევილინი“

a9711.jpg

დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ჯეიმს ჯოისის მოთხრობას “ევილინი“.

მოთხრობა ძალიან საინტერესოა.დიდი მწერალი წარმოგვიდგენს დუბლინელი გოგონას განცდებს, რომელსაც უნდა, რომ გაექცეს საშინელ სინამდვილეს, უხეშ მამას, რომელმაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამოავლინა სითბო მის მიმართ, გაექცეს დედის ბედს, რომელიც სისასტიკემ, თუ გრძნობის გარეშე ცხოვრებამ, გააგიჟა. გაექცეს დუბლინს...  გაქცევა მისთვის ოჯახის შექმნის პერსპექტივაა, მას დიდი სიყვარული არ აღელვებს, დიდი გრძნობა არ აქვს. მისი გადაწყვეტილება მხოლოდ გამოსავლის ძიება ყოფილა... ან იქნებ წასვლა არ შეუძლია და ამიტომ თავის გრძნობა აეჭვებს... ვინ იცის. „მსოფლიოს ყველა ზღვა ერთად ბობოქრობდა მის გულში“ - გვეუბნება ჯოისი.

მომავალი აქვე გოგონას? არ ვიცით. საქმეც ესაა, ის უპერსპექტივო დუბლინს ვერ წყდება, ოჯახს, რომელიც არაფერს მისცემს, ვერ ტოვებს. იქნებ სიყვარული ეწვიოს როდესმე? ღმერთმა ქნას.

ჯოისი ევილინის გულშემატკივრად გვაქვევს, მისი ცხოვრებით დაინტერესებულ ადამიანად. რამდენია მისი მსგავსი ჩვენს გარშემო, ჩვენ კი ვერც ვხედავთ მათ. ჯოისი ხედავს და ამ ღვთისგან მიტოვებული ადამიანების ბედით ჩვენც გვაინტერესებს...

ეს არის დიდი მწერლის ნიჭი.

1984 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოვიდა ჯეიმზ ჯოისის მოთხრობების წიგნი „დუბლინელები“. თარგმანი ლია იმერლიშვილისაა. წიგნში შესულია 15 მოთხრობა. წიგნმა მაშინ ძალიან დააინტერესა ქართველი მკითხველი.

ევილინი

ის ფანჯარასთან იჯდა და გასცქეროდა, როგორ იპყრობდა საღამო ქუჩას. თვით ფარდას მიყრდნობოდა და ცხვირში მტვრიანი კრეტონის სუნი უღიტინებდა. დაღლილი იყო.

ქუჩაში თითო-ოროლა გამვლელი თუ გამოჩნდებოდა. კუთხის სახლში მცხოვრებმა კაცმა ჩაიარა. შინ მიიჩქაროდა. მისმა ნაბიჯებმა ჯერ ბეტონის ტროტუარზე გაიბაკუნეს, მერე კი წიდამოყრილ ბილიკზე ახრაშუნდნენ წითელი, ახლადნაგები შენობების წინ. ერთ დროს აქ ტრიალი მინდორი იყო, სადაც ისინი ყოველ საღამოს თამაშობდნენ ხოლმე სხვა ბავშვებთან ერთად. მერე ვიღაც ბელფასტელმა იყიდა ეს მინდორი და სახლები ააშენა, - მათი პატარა, მურა ქოხების მსგავსი კი არა, მბზინავსახურავიანი წითელი აგურის სახლები. მანამდე კი მინდორზე მთელი ამ ქუჩის ბავშვები თამაშობდნენ - დივაინები, უორტერსები, დანნები, პატარა ხეიბარი კოუ, თვითონ ის და მისი და-ძმები. თუმც, ერნსტი არასოდეს არ თამაშობდა: ის უკვე დიდი იყო. მამამისი ხშირად ერეკებოდა ხოლმე ბავშვებს მინდვრიდან თავისი კოჟრებიანი ჯოხით, მაგრამ პატარა კოუ ფხიზელი გუშაგი იყო და, როგორც კი მამა გამოჩნდებოდა, მაშინვე ნიშანს აძლევდა მოთამაშეებს. მაინც ის დრო სჯობდა. უფრო ბედნიერები იყვნენ. მამამისი, ასე თუ ისე, წელმაგრად იყო. დედაც ცოცხალი ჰყავდათ, მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ის და მისი და-ძმები დაიზარდნენ. დედა გარდაეცვალათ. ტიზი დანნიც მოკვდა, უორტერსები კი ინგლისში დაბრუნდნენ. ყველაფერი იცვლება ამ ქვეყნად, ახლა თვითონაც აპირებს წასვლას, სხვების მსგავსად, უნდა დატოვოს მშობლიური სახლი.

სახლი! ოთახი მოათვალიერა, მზერა მოავლო ნაცნობ ნივთებს, ყოველკვირა რომ წმენდდა, ეს უკვე მერამდენე წელიწადი იყო, და მაინც უკვირდა, საიდან გროვდებოდა ამოდენა მტვერი. იქნებ აღარც ეღირსოს ამ ნივთების ხელახლა ხილვა, ნივთებისა, რომლებთან განშორებაც ვერასოდეს წარმოედგინა. საოცარი იყო, მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე ვერა და ვერ შეიტყო იმ მღვდლის სახელი, რომლის გაყვითლებული ფოტოსურათიც გატეხილი ფისჰარმონიის თავზე ეკიდა წმიდა მარგერიტ-მერი ალაკოკელისადმი მიცემული აღთქმების გვერდით. მღვდელი მამამისის სკოლის მეგობარი იყო, როდესაც მამა მის სურათს ვინმეს უჩვენებდა, თითქოს სხვათაშორის დააყოლებდა ხოლმე: - ის ახლა მელბურნშია.

უკვე დათანხმდა გამგზავრებულიყო, სახლი დაეტოვებინა. კი მაგრამ, გონივრული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? შეეცადა კარგად აეწონ-დაეწონა თავისი გადაწყვეტილება. შინ, რაც უნდა იყოს, ჭერიც ჰქონდა და ლუკმაპურიც. ისინიც გვერდით ჰყავდა, ვისთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა. თუმცა, ჯაფა კი დიდი ადგებოდა სახლშიც და სამსახურშიც. რას იტყვიან მაღაზიაში, როცა გაიგებენ, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად გაიქცა? ალბათ სულელად ჩათვლიან, განცხადებას გამოაქვეყნებენ და მის ადგილზე სხვას მიიღებენ. მის გევენი ცას ეწევა სიხარულით. აკი ძალზე ათვალწუნებული ჰყავდა და სულ იმის ცდაში იყო, როგორმე შარი მოედო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლომახლო უცხო ვინმე ეგულებოდა.

- მის ჰილ, განა ვერ ხედავთ ქალბატონები რომ გელიან?

- უფრო ცოცხლად, მის ჰილ, თუ შეიძლება!

არა, მაინცდამაინც დიდად არ დაამწუხრებს იმ მაღაზიის დატოვება.

მაგრამ, ახალ სახლში, შორეულ, უცხო მხარეში, ყველაფერი სხვაგვარად მოეწყობა. იქ უკვე გათხოვილი ქალი იქნება. ხალხიც მეტი პატივისცემით მოეპყრობა. ისე კი არ მოექცევიან, როგორც დედამისს ექცეოდნენ. უკვე მეოცე წელში გადადგა, მამამისისა კი ზოგჯერ ახლაც ეშინია. გულისფრიალიც ამის გამო სჭირს, რაღა თქმა უნდა, ვიდრე დაიზრდებოდნენ, მამას არასოდეს უცემია ისე, როგორც ერნსტსა და ჰარის სცემდა ხოლმე, იმიტომ რომ გოგო იყო. მერე კი ხშირად ემუქრებოდა, ეუბნებოდა, მარტო იმიტომ არ გახლებ ხელს, რომ დედაშენის ხსოვნას ვცემ პატივსო. ახლა აღარავინ დარჩა ქომაგად. ერნსტი გარდაიცვალა, ჰარი ეკლესიების მოპირკეთებაზე მუშაობს და სულ გზაზეა გაკრული. ყოველ შაბათს კიდევ ფულის გულისათვის ატეხილმა აყალმაყალმა სულ მობეზრა თავი. თვითონ მთელი თვის ხელფასს სდებდა, შვიდ შილინგს, ჰარიც ყოველთვის გზავნიდა, რამდენიც შეეძლო, მაგრამ მამისთვის ფულის გამორთმევა მთელი დავიდარაბა იყო. ბუზღუნებდა, ფულს ტყუილუბრალოდ ფლანგავ, უთავო ხარ, სულაც არ მინდა, ჩემი ოფლით ნაშოვნი ფული ქარს გაატანოო. ბევრ სხვა რამესაც ამბობდა, იმიტომ, რომ შაბათობით ყოველთვის გულაღრენილი იყო. ბოლოს და ბოლოს, მაინც მისცემდა ხოლმე ფულს და ჰკითხავდა, აპირებ თუ არა საკვირაო სადილისათვის სანოვაგის ყიდვასო. მაშინ გოგო კისრისტეხით გარბოდა დუქნებისაკენ, იდაყვებით მიიკვლევდა გზას ბრბოში, შავი ტყავის საფულე კი მაგრად ჩაებღუჯა ხელში. შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა, ტვირთმძიმე და დაქანცული. ძნელი საქმე იყო ოჯახის გაძღოლა, მის ანაბრად დარჩენილი ორი ბავშვის მოვლა-პატრონობა, მათი დროულად დაპურება და სკოლაში გასტუმრება. მძიმე შრომას ეწეოდა. მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა გამგზავრებას აპირებდა, უწინდელი ცხოვრება არც თუ ისე აუტანელი ეჩვენებოდა.

ამიერიდან მას ფრენკთან ერთად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. ფრენკი ძალიან კეთილი, ვაჟკაცური და გულღია ბიჭი იყო. მასთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო ამაღამ გემით, მისი ცოლი გამხდარიყო და ბუენოს აირესში ეცხოვრა, სადაც ფრენკს სახლი ჰქონდა, და ეს სახლი მას, ევილინს ელოდა. რა კარგად ახსოვდა ის დღე, როდესაც ფრენკს პირველად მოჰკრა თვალი. ფრენკი მაშინ მთავარი გზის პირას ცხოვრობდა. იმ სახლში, სადაც ხშირად დაიარებოდა თვითონ, თითქოს ეს ამბავი სულ რამდენიმე კვირის წინ მომხდარიყოს. ფრენკი ჭიშკართან იდგა. ქუდი კინკრიხოზე ჰქონდა მოქცეული, ურჩი ქოჩორი კი ბრინჯაოსფერ შუბლზე ჩამოშლოდა. მერე ერთმანეთი გაიცნეს. ფრენკი ყოველ საღამოს მაღაზიასთან ხვდებოდა და შინ აცილებდა. ერთხელ „ბოშა ქალის“ სანახავად წაიყვანა. როგორი სიხარულით ევსებოდა გული, როცა მის გვერდით იჯდა თეატრში, უჩვეულოდ კარგ ადგილზე. ფრენკს ძალიან უყვარდა მუსიკა და ცოტას თვითონაც მღეროდა, ევილინი წითლდებოდა ხოლმე. ფრენკმა ხუმრობით პოპენსი შეარქვა. ევილინს თავდაპირველად მხოლოდ ის აღელვებდა, რომ თაყვანისმცემელი ჰყავდა, მერე კი თვითონ ფრენკმაც მოხიბლა. იგი შორეული ქვეყნების ამბებს მოუთხრობდა. იუნგობით დაეწყო გემზე სამსახური, თვეში ერთ გირვანქად დაცურავდა ალენის ხაზზე, კანადის მიმართულებით. სათითაოდ აცნობდა იმ გემებს, რომლებზეც ემსახურა, ათასგვარ საზღვაო გზებს უსახელებდა. მაგელანის სრუტეშიც კი იყო ნამყოფი და საზარელი პატაგონელების ამბებს უყვებოდა. ახლა კი, როგორც თვითონ ამბობდა, ბუენოს აირესი აერჩია საცხოვრებლად და სამშობლოში შვებულებით ჩამოსულიყო. ევილინის მამამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოიძია და ქალიშვილს ფრენკზე ფიქრიც კი აუკრძალა.

- ვიცნობ ამ მეზღვაურებს, რა შვილებიც ბრძანდებიან. - თქვა მან.

ერთ დღეს ფრენკს კიდეც წაეჩხუბა და ამის შემდეგ ქალიშვილი თავის მიჯნურს მალულად ხვდებოდა ხოლმე.

ქუჩაში ბინდმა იმძლავრა. ორი თეთრი ლაქა - ორი წერილი, კალთაში რომ ეწყო, თანდათანობით ერწყმოდა სიბნელეს. ერთ მათგანს ჰარის უგზავნიდა, მეორე კი მამისთვის უნდა დაეტოვებინა. მისი სათაყვანო ძმა ერნსტი იყო, მაგრამ ჰარიც უყვარდა. ამ ბოლო დროს მამა ძალიან მოტყდა. ალბათ ქალიშვილს ძალიან მოისაკლისებს. ზოგჯერ კეთილიც კი იყო. ერთხელ, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, როცა ევილინი ავად გახდა და მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა, მამა მოჩვენებების ამბავს უკითხავდა და ცეცხლზე პურს უხუხავდა. ერთხელ კი, მაშინ დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პიკნიკი მოაწყვეს ჰაუთ-ჰილში. მამამ დედის ქუდი ჩამოიფხატა და ბავშვების გასამხიარულებლად ოინბაზობდა.

დრო მიჰქროდა, ის კი ისევ გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან, თავით ფარდას მიყრდნობილი, და მტვრიანი კრეტონის სუნს იყნოსავდა. სადღაც, ქუჩის ბოლოდან, არღნის ხმა მოისმა, ნაცნობ მელოდიას უკრავდა. საოცარი იყო, თითქოს არღანმა განგებ დაუკრა ამ საღამოს ეს მელოდია, რათა დედისთვის მიცემული აღთქმა მოეგონებინა მისთვის. მან ხომ აღუთქვა დედას, რამდენადაც შემეძლება, გვიან მივატოვებ სახლსო. გაახსენდა დედის უკანასკნელი ღამე. ისევ იმ პატარა, ბნელ ოთახში იყო, დერეფნის მეორე მხარეს, გარედან კი სევდიანი იტალიური სიმღერა მოისმოდა. მეარღნეს მაშინ ექვსი პენსი მისცეს და უბრძანეს იქაურობას გასცლოდა. გაახსენდა, როგორი გაბღენძილი შემოვიდა მამამისი ავადმყოფის ოთახში და თქვა:

- წყეული იტალიელები! აქაც მოეხეტნენ.

და დედამისის უბედურმა ცხოვრებამ, ერთბაშად თვალწინ რომ გაუელვა, აუტანელი სევდით აუვსო გული. ეს მთელი ცხოვრება სავსე იყო ყოველდღიური უსიტყვო მსხვერპლით და ბოლოს სიგიჟით დასრულდა. ევილინს გააჟრჟოლა, ყურში ცხადად ჩაესმა დედის ხმა, შეშლილი სიჯიუტით რომ იმეორებდა:

- „დერევონ სერონ! დერევონ სერონ!*

უეცარმა შიშმა ფეხზე წამოაგდო. გაიქცეს. უნდა გაიქცეს. ფრენკი იხსნის, ფრენკი მიანიჭებს სიცოცხლეს, და, შესაძლოა, სიყვარულსაც. სიცოცხლე სწყურია, რატომ უნდა იყოს უბედური? მას აქვს ბედნიერების უფლება. ფრენკი ხელს მოჰხვევს, მკერდში ჩაიკრავს. ფრენკი დაიხსნის.

 ევილინი ნავმისადგომთან თავშეყრილ მოფუსფუსე ბრბოში იდგა, ნორთ-უოლში, ფრენკს მისი ხელი ეჭირა, ესმოდა, როგორ უყვებოდა რაღაცას, გაუთავებლად ელაპარაკებოდა მგზავრობაზე. ნავმისადგომი სავსე იყო ზურგჩანთიანი ჯარისჯაცებით. პავილიონის განიერი კარიდან გემის უზარმაზარი სილუეტი მოჩანდა. გემი ზედ სანაპიროს მოსდგომოდა, გაჩახჩახებული ილუმუნატორებიდან შუქი იღვრებოდა. ევილინი სდუმდა. გრძნობდა, როგორ გაუფითრდა და გაეყინა ლოყა, სასოწარკვეთილებამ თავგზა აუბნია. ღმერთს ევედრებოდა შემწეობას, რჩევას სთხოვდა, როგორ მოქცეულიყო, რა გზას დასდგომოდა. გემის საყვირი გაბმით, გულისგამაწვრილებლად გაისმა ნისლიან ჰაერში. თუ წავიდა, ხვალ უკვე შუა ზღვაში იქნება, ფრენკთან ერთად ბუენოს-აირესისაკენ მიმავალი. ბილეთები უკვე ნაყიდია. როგორ შეუძლია უკან დაიხიოს ყოველივე იმის შემდეგ, რაც ფრენკმა მისი გულისთვის გააკეთა? მეტისმეტი მღელვარებისაგან გულის რევა აუტყდა. განუწყვეტლივ ლოცულობდა, ჩუმად, მხურვალედ.

 ზარის ხმამ დანასავით გაუსერა გული. ფრენკის ხელისმოჭერა იგრძნო.

- წავიდეთ!

მსოფლიოს ყველა ზღვა ერთად ბობოქრობდა მის გულში. ფრენკი ეწეოდა ამ უფსკრულისკენ - მისი დახრჩობა სურდა. ქალი ორივე ხელით ჩააფრინდა რკინის მოაჯირს.

 - წავიდეთ!

არა! არა! არა! შეუძლებელია. მოკრუნჩხული თითებით ეჭიდებოდა მოაჯირს.სასოწარკვეთილი კივილი აღმოხდა და ზღვათა უფსკრულში დაინთქა.

- ევილინ! ევი!

ფრენკი ბარიერს იქით გავარდა და მასაც თავისკენ უხმობდა. ვიღაცამ დაუყვირა ფრენკს, გაიარეო, მაგრამ ის მაინც იდგა და ეძახდა. ევილინმა მისკენ მიაბრუნა გაფითრებული სახე, უაზროდ, უმწეო ცხოველივით. მის თვალები ფრენკს შესცქეროდნენ უსიყვარულოდ, უცნობოდ, გამოუთხოვებლად.

-----

„დერევონ სერონ! (დამახინჯ. ირლ. - „სიამეთა დასასრული - ტკივილი“.

0

ავტორი: