AS90 – 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა AS90 – 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა />


  11:05:10     06-09-2011

AS90 – 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა

a9707.jpg

155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, AS90, (AS იშიფრება, როგორც - Artillery System-საარტილერიო სისტემა, ხოლო ინდექსი „90“ მისი შექმნის წელს აღნიშნავს) საერთაშორისო პროგრამა SP70-დან განვითარდა, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს, ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა. საარტილერიო სისტემა AS90-ზე მუშაობა ბრიტანულმა კომპანია Vickers-მა დაიწყო. თვითმავალი ჰაუბიცა ბრიტანეთის არმიამ შეიარაღებაში 1993 წელს მიიღო, ხოლო მისი სერიული წარმოება 1995 წელს დასრულდა და სულ ბრიტანეთის არმიისთვის 179 ერთეული ამ ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემა აიგო. ახალი თვითმავალი საარტილერიო სისტემით FV433 Abbot-ისა და ამერიკული M109-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები ჩანაცვლდა.

AS90 აღჭურვილია L39-ის ტიპის 155 მმ-იანი ჰაუბიცით, რომელიც FH70-ის ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიციდან განვითარდა. ჰაუბიცაზე ავტომატური დატენვის სისტემაა დამონტაჟებული და ის შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 155 მმ-იან ამუნიციასთან. თვითმავალი ჰაუბიცის სროლის მაქსიმალური მანძილი, სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ჭურვის გამოყენების შემთხვევაში, 24.7 კილომეტრია, ხოლო რეაქტიული ჭურვების სროლისას მაქსიმალური მანძილი 32 კილომეტრამდე იზრდება. თვითმავალი ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტი 48 ჭურვისაგან შედგება. საარტილერიო სისტემის მაქსიმალური სწრაფსროლა წუთში 6 გასროლაა, ხოლო სტანდარტული სწრაფსროლა წუთში 2 გასროლას შეადგენს. თვითმავალ ჰაუბიცას, ასევე, შეუძლია გაისროლოს 3 ჭურვი 10 წამში.

თვითმავალი ჰაუნბიცის, AS90-ის, დამხმარე შეიარაღება 1 x 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისა და საკვამლავი ყუმბარების გამშვები დანადგარებისაგან შედგება.

საარტილერიო სისტემის კოშკურა და კორპუსი დაჯავშნულია. ჰაუბიცის შუბლა ჯავშანი 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო დაჯავშნა დანარჩენ ადგილებში 7.62 მილიმეტრიან ჯავშანგამტანი ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მასზე, ასევე, დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო და NBC-ის დაცვის სისტემები, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი საარტილერიო სისტემის ეკიპაჟის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

ძალური დანადგარის სახით თვითმავალ ჰაუბიცაზე Cummins VTA903-ის ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 660 ცხენისძალას გამოიმუშავებს. მასზე ასევე დამონტაჟებულია დამატებითი ძალური აგრეგატი, რომელიც საბორტე ელექტრონული სისტემების ელექტრო ენერგიით მომარაგებას ძირითადი ძრავის გამორთვის დროს უზრუნველყოფს. თვითმავალი ჰაუბიცის მრავალი კომპონენტი ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკიდან Challenger-2-დან არის გადმოტანილი.

army.ge

0

ავტორი: