14:33:49     02-04-2024
"ვერავინ შეგვაშინებს" – "მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "მთავარი არხი" ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხოდ საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
"
ვეხმიანებით ხელისუფლებისა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ “მთავარი არხის” წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
ჩვენ, თითქმის, ორი წელია ვმუშაობთ მეგობარ ქვეყნებთან მსხვილი საერთაშორისო ფონდებიდან დახმარების მისაღებად და არხის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამ დრომდე არ არის დასრულებული.
ბუნებრივია, ჩვენგან მოთხოვნილ გრანტს აქვს მიზანი - “მთავარი არხის” დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან და მაქსიმალურად დაბალანსებულ კრიტიკულ მედიად ჩამოყალიბება. არხის ხელმძღვანელობას არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება ამ თემაზე და ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქებისა და მაღალი სტანდარტების დასანერგად, რასაც ამჩნევს “მთავარი არხის” მაყურებელიც და საერთაშორისო ფონდებიც. სწორედ ამ მიმართულების მხარდასაჭერად გადაწყვიტეს მათ ჩვენთან მოლაპარაკებების წარმოება.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და მისი კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ დასახელებულ კონკრეტულ მიზნებს - თითქოს, “მთავარმა არხმა” მიიღო გრანტი სასამართლოს დისკრედიტაციისა და ლგბტ-პროპაგანდისთვის, ეს არის თავად ხელისუფლების მიერ გამოგონილი სრული სიცრუე, რაც მარტივად ამოსაცნობია: ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ სტატიებში არ არის მოყვანილი არცერთი ირიბი მტკიცებულებაც კი მსგავსი ბრალდების გასამყარებლად - არც სიტყვიერი, არც დოკუმენტური.
ხელისუფლებისა და სამთავრობო არხების მხრიდან განზრახ ტყუილის გავრცელება არის იმ "რუსული კანონის" ოპერაციის გაგრძელება, რომელიც გასული წლის მარტში, ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ ვერ გაიტანა. ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში მძიმე მოვლენების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების უპრობლემოდ მუშაობის ფონზე, ხელისუფლებისა და მისი მედიებისთვის კერძო ტელეკომპანიის მიერ გრანტის სავარაუდო მიღება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა.
ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს ჩვენ მიჩვეულები ვართ და ამით ვერავინ შეგვაშინებს. “მთავარი არხი” აგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიისა და ქართული საზოგადოების ინტერესების დასაცავად და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობრებთან", – ნათქვამია განცხადებაში.