13:39:44     26-03-2024
ბათუმის ბულვარში 140 000 ლარიანი საპირფარეშო მოეწყობა
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოსაწყობად მერია 140 000 ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
სამუშაოები ითვალისწინებს როგორც მშენებლობა-მონტაჟს, ასევე ელექტრო, წყლისა და კანალიზაციის ქსელების მოწყობას. პროექტის მიხედვით, საპირფარეშო გათვლილია შშმ პირებზე. ამასთან, იქნება, როგორც ქალების და კაცების, ასევე ცალ-ცალკე ბავშვებისა და დედების საპირფარეშო ოთახებიც. სატენდერო თანხა 142 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 575 ლარი იყო გათვალისწინებული. თუმცა ეს ტენდერი არ შედგა - მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მიმდინარე წლის 31 იანვარს არშემდგარი ტენდერის შემდეგ ბულვარის ადმინისტრაციას განმეორებით ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. 22 მარტს კი ახალი ტენდერი ცალკე საპირფარეშოს მოწყობაზე გამოაცხადა.
"ახალი საბავშვო სკვერის მოწყობაზე ტენდერი მეორედ ჩავარდა. კიდევ რომ გამოგვეცხადებინა და რომც შემდგარიყო, სამუშაოების დასრულება ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ვერ მოესწრებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე საპირფარეშო მაინც მოვაწყოთ, ვინაიდან, როგორც ადგილობრივებიდან, ასევე ვიზიტორთა მხრიდან არის მომართვიანობა და არის იმის აუცილებლობა, რომ ახალ ბულვარში საპირფარეშო იყოს. დღეს მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა, ფართობი ახალი ბულვარის დიდია და ეს იქნება მეორე საპირფარეშო პრომინადთან ახლოს.
რაც შეეხება ახალ საბავშვო სკვერს, მის მოსაწყობად თანხას 2025 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. ბულვარის განაშენიანების გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ და ეს გეგმა ითვალისწინებს, როგორც საპირფარეშოს, ასევე საბავშვო სკვერის მოწყობასაც," - განუცხადეს გამოცემას ბულვარის ადმინისტრაციაში.
საპირფარეშოს მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს - "2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან/და სამშენებლო ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 356 ათასი ლარის ოდენობით."