15:20:55     05-09-2011
თემურ შაშიაშვილის მძახალი, ე.წ. კანონიერი ქურდი „ჭია“ მოსკოვში გაიქცა?!

საქმე იმერეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმე თვის წინ აღიძრა და ჩივაძეების ოჯახი თემურ შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს კაპიკებში მისაკუთრებული ქონების უკან დაბრუნებას ცდილობს, რომელიც თავის დროზე დღეს ოპოზიციაში მოკალათებულმა ყოფილმა ჩინოვნიკებმა ჩაიგდეს ხელში.
მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში ფაქტის ირგვლივ საჩივარი შეიტანა და თან მას არსებული დოკუმენტაციაც დაურთო: როგორ ჩაიგდეს კაპიკებად უკანონოდ თითქმის მილიონიანი კერძო საკუთრება თემურ შაშიაშვილის გუბერნატორობისას და რას ითხოვს დაზარალებული მხარე?!
„პრესა ჯი“-ს თავად მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ესაუბრა. მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი და სახალხო-წარმომადგენლობითი კრების „ვარსკვლავი“ თემურ შაშიაშვილი, მისი ნათელმირონი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, კახა ქორიძე, რომელიც დღეს საპატრიარქოსგან მოწონებული „მეფის პროექტის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი და „არშემდგარი მეფის კარზე“ დანიშნული სამეფო კარის კანცლერია (არ გაგიკვირდეთ, ასეთი პოსტებიც არსებობს ვირტუალურ სამეფოში) და ნინო ბურჯანაძის პარტიის მაღალჩინოსანი სკანდალში ეხვევიან.
კახა ქორიძეს, ბურჯანაძის მეზობელსა და მარჯვენა ხელს, მისი პარტიული აპარატის ბოსს გია გაბიძაშვილსა და კიდევ რამდენიმე პერსონას თემურ შაშიაშვილის ხელშეწყობით სოლიდური აქციებისა და კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ.
ბუბა ჩივაძე - სს. „სარკმელის“ მფლობელის ვაჟი: „ვიდრე ამ უკანონოდ ქონების მისაკუთრებზე მოვყვები, როგორც ქუთაისელმა მინდა ისიც მოგახსენოთ - ქუთაისში ყველამ იცის, რომ, თემურ შაშიშვილის ქალიშვილი არის „კანონიერ ქურდად“ ცნობილი ავტორიტეტის, მეტსახელად „ჭიას“ რძალი, რომელიც ქუთაისში კარგა ხანია აღარ ცხოვრობს და რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ბრძოლა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ისინი მოსკოვს აფარებენ თავს.
არადა თავის ინტერვიუებსა და გამოსვლებში შაშიაშვილს სულ ქურდებთან შეურიგებელ მებრძოლად რომ მოაქვს თავი, ქუთაისში უბრალოდ ხალხს ეცინება ამაზე, ოჯახში მოიკითხოს ქურდებიო.
შაშიაშვილს რომ თავი მოაქვს ახლა ოპოზიციის რიგებიდან კერძო საკუთრების დამცველად, სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა ის უკანონობა, რაზეც ახლა მოგახსენებთ.
გუბერნატორი რომ ხარ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ნულოვანი აუქციონით კაპიკებად გასხვისებას თვალს უხუჭავ და მეტიც, ხელს აფარებ, ახლა ოპოზიციონერის სახელით მაინც ნუ ლაპარაკობს დღეს მიმდინარე პრივატიზაციებზე.
1997 წელს ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „სარკმელი“ რომლის საწესდებო კაპიტალი საკმაოდ დიდი იყო და რომელიც შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს ნულოვან აუქციონზე გამოიტანეს, თავისი შვილობილი კომპანიებით და 85 ერთეული ტექნიკით (ელმავლები, ვაგონები, ტრაქტორები, ბულდოზერები, ეს კომბინატი იყო სახლმშენებელი მძლავრი კომბინატი და 1000 მდე თანამშრომელი მუშაობდა) კაპიკებში ჩაიგდეს ხელში.
გაფორმებული იყო საიჯარო ხელშეკრულება მაშინდელ ქალაქის მერსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის და ამ ხელშეკრულების მიხედვით 7 წლის განმავლობაში მერიისთვის სააქციო საზოგადოებას 400 000 ლარი უნდა გადაეხადა. კაციშვილს არ მოუთხოვია არც მაშინდელი მერიიდან და არც გუბერნატორიდან, რომ ეს თანხები ჩარიცხულიყო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებობდა, რომელიც მაშინდელ მერს და საგადასახადო სტრუქტურებს ავალებდა, რომ სააქციო საზოგადოება დაყადადებულიყო.
ამ დროს ჩაიგდო სწორედ შაშიაშვილის ნათელმირონმა ეს ქონება, 1997 წელს კაპიკებად. მის სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენდნენ ექსპრეზიდენტ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, კახაბერ ქორიძე, რომელსაც ახლა კერძო არქიტექტურული ფირმა აქვს. თავდაპირველად ეს ქორიძე არ იყო მეწილე, მაგრამ ისარგებლა რა სახელისუფლებო გავლენებით, მაშინ შევარდანაძის კარზე უკვე ეკონომიკური მრჩეველი იყო, პლუს შაშიშვილის ლობირება და 2 ახალი ელმავალი თვითონ საწარმოს ქონებიდან გაყიდა და ამ ელმავლების ფულით 50 პროცენტი დაისაკუთრა.
ჩვენი 4 პროცენტი ოფიციალური დივიდენდი კი დღემდე არ მიგვიღია, ისე ჩაიგდეს ხელში ამ ხალხმა. მამაჩემი ოფიციალურად ფლობდა პროცენტებს ამ საწარმოში, თუმცა დღემდე არაფერი მიგვიღია. მარიამ ქორიძე, კახას ქალიშვილია, რომელიც მართვაში მონაწილეობდა, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და სწორედ შაშიაშვილის წყალობით მიაღწიეს იმას, რომ ჩვენი კუთნილი ქონება მიეთვისებინათ.
შაშიაშვილი ქორიძის ქალიშვილის ნათლიაა და როგორ ფიქრობთ, ჩვენ მაშინდელი ჩინოვნიკებისა და პროკურატურის წინააღმდეგ რამეს გავხდებოდით? როცა იმის ჩანაწერებიც კი არსებობს, სადაც ერთ-ერთი დამნაშავე ამბობს, შევარდნაძის „პროკურატურა 5 000 დოლარად ვიყიდეო“.
მამაჩემი ვიტალი ჩივაძე მძიმედ იყო ავად და ფიზიკურად ვერ ახერხებდა სააქციო საზოგადოების მართვაში მონაწილეობას. ორი წლის წინ გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე პირადად კახა ქორიძეს გადასცა 20 000 დოლარის ნაღდი თანხა, რადგან ქორიძეები მსხვილი აქციონერები იყვნენ (58 პროცენტის მფლობელები), მათგან უნდა შეესყიდა შენობა-ნაგებობები, თუმცა ჩვენი თანხა მიიღო და არაფერი დივიდენდი არ დაგვბრუნებია.
შაშიაშვილი საქმეში ფიგურირებდა, როგორც ამ ნათელმირონების „პადერჟკა“. შაშიაშვილის გუბერნატორობოს პერიოდში ამ ქორიძემ გააკეთა რაღაც განათლების რეფორმის პაკეტი იმერეთისთვის. ამ დროს „სარკმელის“ მსხვილ აქციონერებში შედიოდა გია გაბიძაშვილიც, ნინო ბურჯანაძის ოფისის ხელმძღვანელი ქუთაისში, თან ბურჯანაძის მამის მარჯვენა ხელი და მეზობელია დღემდე ქუთაისში.
მისი მფარველობით სარგებლობდა მაშინ. დიდი ბიზნესები აქვს მას ხელში ჩაგდებული მაგ დროისთვის. ბურჯანაძის პარტიის აქტიური „ფეისი“ იყო. აქვე შედიან სხვა აქციონერებიც.
როცა ამ საქმის გარჩევები იყო, კახა ქორიძეს მხარს უმაგრებდა ასევე დღეს ძებნილი და კრიმინალად გამოცხადებული კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი. აი, ამ შემადგენლობამ ხელში ჩაიგდო ეს კომბინატი ნულოვან აუქციონზე, როცა შევარდნაძის დროს ხდებოდა ქონების განიავება.
ქორიძე მართალია ჩემთან საუბრისას მამაჩემის ვალს აღიარებს, თუმცა ხელს იშვერს ამ ხალხისკენ. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ და იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ახლა მაინც დაინტერესდება ამ საქმის ობიექტური გამოძიებით.
დიდი ბობოლები იყვნენ ყოველთვის ჩართულები და ამიტომაც ვერ ვახერხებთ ჩვენი სიმართლის დადგენას. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაინც მოახერხებს კანონის დადგენას. შევიტანე განცხადება და მეუბნებიან, რომ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა. ველოდებით გამოძიების შედეგებს.
შაშიაშვილი ასევე ურცხვად იტყუება, როცა ამ საქმეზე ამბობს, რომ პირიქით, აქეთ დაინტერესებული ვიყავი სიმართლის აღსრულებით და კონტროლის პალატასაც კი მივმართეო.
მაგან არა და მე კი, ოფიციალური წერილით მივმართე კონტროლის პალატას და არაფერი შაშიაშვილს ამ საქმის ირგვლივ არ მოუკითხავს. ჩემი ქონების მითვისებისა და კანონიერების დადგენის მიზნით ვაპირებ შიმშილობა დავიწყო, რათა იქნებ ასე მაინც დავიბრუნო უკან წლების წინ, თემურ შაშიაშვილის დახმარებით წართმეული ქონება“.
ასეთი მძიმე ბრალდებების მოსმენის შემდეგ, „პრესა.ჯი“ თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო თემურ, რა კავშირი გაქვთ ე.წ. კანონიერი ქურდ „ჭიასთან“ და სად ცხოვრობს იგი ამჟამად?
თემურ შაშიაშვილი: ვინ არის ჭია? საერთოდ არ ვიცნობ ასეთ ვინმეს და ის საიდან უნდა ვიცოდე, სად იმყოფება?
- ეს პიროვნება თქვენი ქალიშვილის მამამთილია...
- ვიმეორებ, რომ მე ასეთ პიროვნებას არ ვიცნობ (ყვირის).
- ნუ გვეჩხუბებით... ჩვენ თქვენთან ინფორმაციის გადასამოწმებლად დავრეკეთ. ბუბა ჩივაძესთან დაკავშირებით შეგეკითხებით...
- ეს ვინღაა?
- ეს ადამიანი ამბობს, რომ თემურ შაშიაშვილის ძალისხმევით, მას თავის დროზე ქონება დააკარგვინეს და ახლა სასამართლოში ჩივის და შიმშილობის დაწყებასაც აპირებს...
- რას ლაპარაკობთ, ვინ არის ეს ჩივაძე, რა არის, რა უნდა? მე მზად ვარ მივიდე სასამართლოში და გავცე პასუხი ყველაფერზე. ვიღაცას, ჩემთვის სახელის გაფუჭებით, თანამდებობების შოვნა უნდა, კარგად ვხვდები მე ამ ყველაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ“!
0