10:38:49     05-09-2011
NZLAV - ახალზელანდიური ჯავშანტრანსპორტიორი
ახალზელანდიური ჯავშანტრანსპორტიორი NZLAV-ი ამერიკული LAV III-ის სხვა ვარიანტს წარმოადგენს. 2003 წლიდან, ახალი ზელანდიის არმიამ 100 ერთეულზე მეტი ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი შეიძინა, რითაც მოძველებული M113-ების ჩანაცვლება სურს. ამჟამად NZLAV-ი მხოლოდ ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში იმყოფება.
მისი ჯავშანი 7.62 მმ-იანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა, დამატებითი ჯავშნის სახით, მასზე შესაძლებელია კერამიკული ჯავშნის დაყენება, რომლის დამონტაჟების შემთხვევაშიც ჯავშანმანქანა 14.5 მმ-იანი ტყვიებისაგანაც კი საიმედოდაა დაცული. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით კი, მისი დამატებითი ჯავშანი არ მხოლოდ 14.5 მმ-იანი ტყვიებისაგან, არამედ 30 მმ-იანი ჭურვებისაგან დაცვასაც კი უზრუნველყოფს.
NZLAV-ებზე ასევე შესაძლებელია მეტალის ცხაურების დაყენებაც, რომელიც ჯავშანტრანსპორტიორს ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნებიდან გახსნილი ცეცხლისაგან იცავს. მას ასევე გაუმჯობესებული აქვს ნაღმებისაგან დაცვაც. NZLAV-ის ყველა მოდელზე, როგორც სტანდარტი, დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო და NBC დაცვის სისტემები. NBC დაცვის სისტემა ეკიპაჟის დაცვას ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან უზრუნველყოფს.
NZLAV-ის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მეთაურის, მსროლელისა და მძღოლისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით ჯავშანტრანსპორტიორში შვიდი სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი თავსდება. დესანტს ჯავშანმანქანაში შესვლა და მისი დატოვება, როგორც ლუკებიდან, ისე კორპუსის უკან განთავსებული კარებიდან შეუძლია.
განსხვავებით სხვა მავალი ჯავშანტრანსპორტიორისაგან, NZLAV-ი არ არის ამფიბიური. მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.
Army.ge
0