საბჭოთა უშიშროების თანამშრომელმა, მისგან მიტოვებულ ქალს დააწერინა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდებოდა საბჭოთა უშიშროების თანამშრომელმა, მისგან მიტოვებულ ქალს დააწერინა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდებოდა />


  15:35:42     03-09-2011

საბჭოთა უშიშროების თანამშრომელმა, მისგან მიტოვებულ ქალს დააწერინა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდებოდა

a9630.jpg

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არქივი, უამრავ იდუმალებით მოცულ საქმეს ინახავს. ამჯერად "პრესა.ჯი" წარმოგიდგენთ 1972 წლის, სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს, რომელშიც ნათლად ჩანს იმდროინდელი უშიშროების გავლენა და ბინძური საქმიანობა.

სასამართლოში გამოძიების მიერ საქმე ასე გადაიგზავნა: გიორგი გოგეშვილს ბრალად ედებოდა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სქესობრივ კავშირში იყო საკუთარ ქალიშვილთან. 1971 წლის 24 ივნისს, შეიტყო რა, რომ იგი ორსულად იყო, 30 ივნისს, დროებით საცხოვრებლად გადაიყვანა რუსთავში, თავის ნათესავთან, სადაც ხშირად აკითხავდა. 14 ივლისს კი, 12 საათზე მივიდა მასთან და თავისი ამორალური საქციელის დაფარვის მიზნით და იმ განზრახვით, რომ არ გახმაურებულიყო მისი დანაშაული, ყელში დანის დარტყმით საძილე არტერია გადაუჭრა და მოკლა იგი. თუმცა, როგორც შემდგომ ირკვევა, ორი თვის ორსული შვილის მკვლელ მამას, უშიშროების კომიტეტის თანამშრომელმა საშინელი ბრალდება, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით შეუთითხნა.

თვით სასამართლოც კი იძულებული გახდა აღნიშნული არ გაეზიარებინა, თუმცა ამისთვის საბჭოთა უშიშროების თანამშრომელმა, რომლის თანამდებობასაც სასამართლო არ აკონკრეტებს, სასამართლოზე ცრუ მოწმეები წარმოადგინა და სიკვდილის წინ მის მიერ მიტოვებულ ქალს დააწერინა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდებოდა. სასამართლო არც ცრუმოწმეების დასჯით დაინტერესებულა და არც მერაბ ნონიაშვილის დანაშაულებრივი ქმედებით.

ნელი გოგეშვილის მკვლელობის საქმეზე, სასამართლო განხილვისას, რამდენიმე ვერსია ვითარდება. ერთ-ერთი ვერსიით ნელი გოგეშვილი საკუთარმა თანამშრომელმა, რომელიც შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გადავიდა, გააუპატიურა, რის შემდეგაც ნელი ორსულად დარჩა. მეორე ვერსიით, რომელშიც სასამართლოსაც ეჭვი შეაქვს, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი არსებობს, ნელისთან საკუთარ მამას ჰქონდა იძულებითი სქესობრივი კავშირი და შემდგომ ამ ამბის გახმაურების თავიდან ასაცილებლად მოკლა იგი.

ერთადერთი, რაც სადაო არ გამხდარა, ის არის, რომ 1971 წლის 14 ივლისს, ვინაიდან ნელის დედა სამსახურიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, შვილის გინეკოლოგთან წასაყვანად მამა მივიდა, რომ ნაყოფი მოეცილებინა მისთვის, თუმცა ამაზე ნელიმ უარი უთხრა, ბავშვი დაიბადება და მე საერთო საცხოვრებელში გადავალო. აღშფოთებულმა ჯიბიდან დანა ამოიღო და შვილს ყელში დაარტყა, რითაც საძილე არტერია გადაუჭრა, ნელი ადგილზე გარდაიცვალა. წარდგენილ ბრალდებაში გიორგი გოგეშვილმა ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ. მან შვილის მკვლელობა აღიარა, თუმცა მოტივი, რომ მასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და ამის დაფარვის მიზნით მოკლა იგი - კატეგორიულად უარყო. სასამართლო მაინც დიდხანს მუშაობდა ამ ვერსიაზე, თუმცა საქმეში არსებული უამრავი ფაქტორი, ამ საზარელ ჭორს აბათილებდა.

ნელი გოგეშვილი მამასთან ერთად ლაბორატორიაში მუშაობდა, იგი ქმარს გაყრილი იყო. სამსახურში მან გაიცნო და დაუახლოვდა ცვლის უფროსს მერაბ ნონიაშვილს. გიორგი გოგეშვილი მივიდა მერაბ ნონიაშვილთან და უთხრა, რომ მისი შვილი მართალია გათხოვილი იყო, მაგრამ იგი ქმარს გაეყარა იმ მიზეზით, რომ მას არ შეეძლო ქალთან ფიზიკური ურთიერთობა, ამიტომ მისი შვილი იყო ქალიშვილი და რაიმე ურთიერთობებზე არც ეფიქრა.   მიუხედავად ამისა, მან მაინც გააგრძელა ურთიერთობა. ერთ-ერთი ვერსიით, მერაბ ნონიაშვილმა ნელის გაუპატიურება სცადა, ქალმა მისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა ორსულად მაინც დარჩა. ამავე ვერსიას ამყარებს ისიც, რომ დედამისმა გინეკოლოგთან მიიყვანა ნელი გოგეშვილი, მას შემდეგ, რაც გაიგო მოარული ხმები აღნიშნულის შესახებ. თუმცა თავად ნელი გოგეშვილი ექიმთან მისვლამდე ამტკიცებდა, რომ იგი ქალიშვილი იყო და მასსა და მერაბ ნონიაშვილს შორის არაფერი მომხდარა. გინეკოლოგმა ქალიშვილობა დაასტურა, თუმცა ასევე თქვა, რომ ნელი გოგეშვილი 6 კვირის ორსული იყო. ამის შემდეგ მშობლები სთხოვდნენ შვილს წაჰყოლოდა სოხუმში და ნაყოფი მოეცილებინა, თუმცა ნელი აღნიშნულზე უარს აცხადებდა.

გიორგი გოგეშვილმა სამსახურში მიაკითხა მერაბ ნონიაშვილს, მაგრამ ვინაიდან ის თბილისში არ იმყოფებოდა ესაუბრა მის უფროსს, აუხსნა სიტუაცია და სთხოვა დახმარება, რომ მერაბს ცოლად მოეყვანა მისი შვილი და ოჯახისთვის თავი არ მოეჭრა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განყოფილების უფროსი მას დაჰპირდა, რომ გიორგი ნონიაშვილს შეახვედრებდა. შეხვედრა მართლაც შედგა, რომელსაც ნელიც ესწრებოდა. მერაბმა აღნიშნული ფაქტი უარყო, ნელის კი სიტყვაც არ დაუძრავს. მისი მეგობრები სასამართლოზე აცხადებდნენ, რომ იგი ოცნებობდა შვილის გაჩენასა და მერაბის ცოლობაზე. თუმცა, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, არსებობდა მეორე ვერსია და მოწმეები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

ასევე არსებობდა წერილი, სადაც ნელი გოგეშვილი წერდა, რომ მას მამასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი და ბავშვსაც მისგან ელოდებოდა. მოწმეები ამბობდნენ, თითქოსდა ნელი გოგეშვილმა მათ გაუმხილა, რომ მამა მასზე ძალადობდა და ამის გამო სახლიდან იყო წამოსული. ასევე ერთ-ერთმა მოწმემ წარმოადგინა ნელის წერილი, რომელიც მან თითქოსდა საფოსტო ყუთში იპოვა და თავის უფროსს წარუდგინა. ნათესავმა, რომელთანაც ბოლო დროს ნელი გოგეშვილი ცხოვრობდა, განმარტა, რომ იმ დღეს, როცა წერილი იქნა ნაპოვნი, ნელი სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, შესაბამისად, სასამართლომ ეჭვი შეიტანა, რომ იმ დღეს იგი შეგნებულად დაათვრეს და წერილიც შესაძლოა დაწერილი ყოფილიყო ძალადობრივი გზით.

გიორგი გოგეშვილის მეუღლე და ვაჟი აცხადებდნენ, რომ მამა-შვილის ურთიერთობებში მსგავსი რამ არ შეუნიშნავთ, იგივეს ამტკიცებდა ნათესავი, რომელთანაც ბოლო დროს ნელი ცხოვრობდა და სხვა მოწმეები. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა გამოძიების ვერსია, რომ მამამ შვილი მისივე დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლა. გიორგი გოგეშვილს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლის მიერ შეთითხნილი უბინძურესი ბრალდება ჩამოერეცხა, მას სასამართლომ შვილის მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

(სახელები და გვარები შეცვლილია ეთიკური მოსაზრებით. ავტ.)

0

ავტორი: