14:05:35     03-11-2023
საქართველოში დააკავეს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული აშშ-ის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაკავებულია არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
უწყება ამბობს, რომ დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში", - წერია განცხადებაში.