17:43:19     02-11-2023
ღარიბაშვილის FB-გვერდის რეკლამირებისთვის, 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 20 102 აშშ დოლარი დაიხარჯა
მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის 20,102 აშშ დოლარი დაიხარჯა, - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, საკვლევ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის პოლიტიკური/სოციალური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა. მას მოჰყვება "ქართული ოცნების" გვერდი, რომლის რეკლამირებისთვისაც 15,869 აშშ დოლარი დაიხარჯა. 11,242 აშშ დოლარი დაიხარჯა საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამირებისთვის, დამატებით 7,102 დოლარი კი სამთავრობო მედიასაშუალების, ტელეკომპანია "იმედის" გვერდების რეკლამირებისთვის დაიხარჯა.
ISFED წერს, რომ პოლიტიკური რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" ან მისმა წარმომადგენლებმა, მათ შორის, საქართველოს მთავრობამ და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა დახარჯეს.
პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე მონიტორინგის პერიოდში არანაკლებ 65, 132 და არაუმეტეს 68,232 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა 45 022-დან 46 210 აშშ დოლარამდე დახარჯეს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა ჯამში ორჯერ ნაკლები - 20 110-დან 22 022-მდე აშშ დოლარი.