17:32:30     02-11-2023
2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება
2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნება - ამას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტში 2025 წლიდან როგორც დეპუტატების, ისე პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაა გათვალისწინებული.
- პარლამენტის თავმჯდომარეს - 10 000 ლარი [არსებული ხელფასი: 6 740 ლარი];
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი];
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 9 250 ლარი [არსებული ხელფასი: 6 340 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს - 9 000 ლარი [არსებული ხელფასი: 5 540 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს - 8 750 ლარი [არსებული ხელფასი: 4 800 ლარი];
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს - 8 500 ლარი [არსებული ხელფასი: 4 740 ლარი];
- პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი - 8250 ლარი [არსებული ხელფასი: 4 624 ლარი].
აქვე, ინიცირებულ კანონპროექტში დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ფულადი დახმარების საკითხიცაა განხილული. დოკუმენტში წერია ისიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას შშმ პირად იქნება აღიარებული:
- "თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
- პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
- პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით ", - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც წერია, რომ დეპუტატების ხელფასები ფაქტობრივად 2013 წლის შემდეგ უცვლელია და მისი გადახედვის საკითხი დღის წესრიგში სწორედ ამის გამო დადგა.
კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ დეპუტატებისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების
ხელფასების ზრდა საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.