13:32:58     03-10-2023
ოფიციალური დახვედრები, დროშების ფონზე ფოტოგადაღება, ერთობლივი ვიდეომიმართვა – რა წერია "ოცნების" საკონსტიტუციო წარდგინებაში პრეზიდენტის წინააღმდეგ
კონსტიტუციურ წარდგინებაში, რომლითაც "ოცნებამ" პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, მისი ვიზიტებია ჩამოთვლილი. კობახიძე და 80 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს გერმანიის პრეზიდენტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან უნებართვო შეხვედრებისთვის უჩივის:
"...საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირთან სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კონსტიტუციის ამ მოთხოვნის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული, რასაც ის გარემოებაც ადასტურებს, რომ მან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის განსახორციელებლად და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შესახვედრად თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას 2023 წლის 12 ივლისს წერილობით თავად მიმართა.[2] თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართვას წერილობითი უარით უპასუხა,[3] საქართველოს პრეზიდენტმა მაინც განახორციელა აღნიშნული სამუშაო ვიზიტი და 2023 წლის 31 აგვისტოს გამართა სამუშაო შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც დამატებით ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეწვია; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწყო დახვედრა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან შედგა სამუშაო შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.[4] ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განზრახ და უხეშად დაარღვია;
- რამდენიმე სამუშაო ვიზიტზე უარის მიღების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, რათა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო თანხმობა ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის განხორციელებასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვაზე.[5] საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი განახორციელა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა ქ. ბრიუსელში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც დამატებით ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში გამართა სამუშაო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრეზიდენტის ოფისში; ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით. კერძოდ, შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრა და ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოგადაღება.[6] შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც განზრახ და უხეშად დაარღვია;
- რამდენიმე სამუშაო ვიზიტზე უარის მიღების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტს ასევე არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, რათა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიეღო თანხმობა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის განხორციელებასა და საფრანგეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრის გამართვაზე.[7] საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აუცილებელი თანხმობის არარსებობის მიუხედავად, 2023 წლის 6 სექტემბერს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი განახორციელა და საფრანგეთის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები, რასაც პრეზიდენტების მიერ სამუშაო შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი ვიდეომიმართვაც ადასტურებს.[8] შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამ შემთხვევაშიც განზრახ და უხეშად დაარღვია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ კონსტიტუციური წარდგინებით, თქვენი დასკვნით დაადასტუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კერძოდ, მისი 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა...."