13:57:12     26-09-2023
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნუციკო გოგილაშვილი UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მონაწილეობდა
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნუციკო გოგილაშვილი ნიუ-იორკში გამართულ UN Global Compact-ის „ლიდერთა სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ნუციკო პირველი ქართველია, რომელიც “ლიდერთა სამიტზე“ სპიკერად მიიწვიეს.
პანელზე - „ბიზნესების გადასვლა ვალდებულებიდან მოქმედებაზე ადამიანის უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებში“ - მან ადამიანის, მომხმარებლისა და შრომითი უფლებების შესახებ ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა მონაცემთა დაცვის, გარემოსდაცვითი და სოციალური რისკ-მენეჯმენტის მნიშვნელობაზე, ქართულ რეალობაში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ პრაქტიკებზე.
პანელის სპიკერები იყვნენ: ტორსტენ პინკეპანკი - BASF-ის კორპორატიული მდგრადობის ურთიერთობების დირექტორი; ლუსიტა ჟასმინი - აზიისა და წყნარი ოკეანეთის რესურსების საერთაშორისო ჰოლდინგის (APRIL Group) მდგრადობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; რამონ გუემესი - BMV Group-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი და ასლი კასაპოლუ, Aslı Tekstil-ის ბორდის წევრი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
პანელის ფარგლებში სპიკერები განიხილავდნენ ადამიანის უფლებებს კორპორატიულ გარემოში, მსმენელებს უზიარებდნენ შრომითი და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით მათი კომპანიების გამოცდილებას, რაც შესაძლებლობას მისცემს აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფ მენეჯერებს, გასცდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს და გადავიდნენ მოქმედებაზე.
აღსანიშნავია, რომ UN Global Compact-ის მიზანს კერძო სექტორის მხარდაჭერა და მათი მოტივირება წარმოადგენს, რათა მათ გადადგან ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიზნებისკენ და განახორციელონ ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთ გამოწვევებთან გამკლავებას, როგორებიცაა გლობალური პანდემია, კლიმატური ცვლილებები, უთანასწორობა, კონფლიქტები, გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები. ეს ის ამბიციური მიზნებია, რომლის დაძლევაც კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანებით არის შესაძლებელი.