ივანე კერესელიძის „სიმღერა“ (და ორი ლექსი) ივანე კერესელიძის „სიმღერა“ (და ორი ლექსი) />


  13:38:06     02-09-2011

ივანე კერესელიძის „სიმღერა“ (და ორი ლექსი)

a9590.jpg

მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე კერესელიძე დაიბადა 1829 წლის 10 ნოემბერს, ტფილისში. ჯერ პანსიონში სწავლობდა, 1841 წლიდან სასულიერო სასწავლებელში. ბავშვობიდან დაკავშირებული იყო თეკლე ბატონიშვილის ოჯახთან.

1850 წელს დაამთავრა გიმნაზია. ახალგაზრდობიდან წერდა ლექსებს, მონაწილეობდა დრამატული დასის საქმიანობაში. გატაცებული იყო ბეჭდვითი საქმიანობით.

1851 წელს სამეგრელის მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელად. სამეგრელოს მთავრის ოჯახი, მთავარი დავით დადიანი და ეკატერინე ჭავჭავაძე მისი კეთილისმყოფელნი გახდნენ. 1853 წელს წამოიწყო საქმიანობა ლიტერატურული ჟურნალის დასაარსებლად. გამოსცემდა წიგნებს. გიორგი ერისთავის მერე ივანე კერესელიძე ჩაუდგა სათავეში ქართულ თეატრსა და ჟურნალს. 1857-1875 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი.

1857 წელს ივანე კერესელიძემ ცოლად შეირთო მსახიობი ნინო უზნაძე, რომელიც მ,ხარში ამოუდგა მეუღლეს. მათი ოჯახი ქართული საქმის ენთუზიასტთა თავშეყრის ადგილად იქცა.

ივენე კერესელიძეს მძიმე ეკონომიკურ პირობებში უხდებოდა ერთადერთი ქართული ჟურნალის გამოცემა და ბევრი პრობლემებიც შეექმნა, თუმცა დიდი მამულიშვილი ცდილობდა ყველაფერს გამკლავებოდა.

წერდა ბევრს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულ და მხატვრულ თხზულებებს, ბეჭდავდა წიგნებს. მისი ნაწარმოებები ძალიან პოპულარული იყო და იმღერებოდა. მაგალითად, ლექსი „სიმღერა“ („შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი“). რომელსაც დღეს ვიხსენებთ, „ჩემო თვალის სინათლევ“ და სხვა. ივანე კერესელიძე ითვლება ქართული ფელეტონის მამამთავრად. მისი ნაწარმოებები გაჯერებულია პატრიოტული და სოციალური, ასევე მორალური თემატიკით.

ივანე კერესელიძე გარდაიცვალა 1892 წლის 21 დეკემბერს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ამ შესანიშნავი ადამიანის შესახებ კიდევ გვექნება საუბარი. ახლა კი მისი რამდენიმე ლექსი გავიხსენოთ.

სიმღერა

შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი,
დაჰკა გრძნობით დაირასა,
თუ ხარ საქართველოს შვილი,
ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა!

მაგა ხმამან სანეტარომ
მომიტანა მწუხარება,
მასში ისმის სევდიანი
ჩემი ქვეყნის მდგომარება.

მამა-პაპათ ეგ მაგონებს,
ეგ მიწყლულებს ტანჯულ გულსა,
ეგ არის, რომ წარმომიდგენს
ჩემს სამშობლოს დაჩაგრულსა

ტურფავ, დაჰკა, დაჰკა გრძნობით!
შემოსძახე ქართველურად;
დაჰკა, მაგ ხმას მსურს დავაკლა
მსხვეროლად თავი ჩემი სრულად.

შენმა მღერამ დამაღრუბლა,
მომიმატა მწუხარება.
მასში ისმის სევდიანი
ჩემი ქვეყნის მდგომარება.
(1872 წ. თებერვლის 18)

ვ... გ... ისას

მაგ შენი მზერით მოკლული გული
აღდგა და ტრფობით ისე გაება,
რომ მსურს ვიოხრო, კვალად ვიტანჯო
და მასში ვპოვო მე ნეტარება.

მაგ შენსა სახეს, თეთრს, სპეტაკს, ნათელს,
თაყვანს ვცემ გრძნობით, გულით, სულითა,
თაყვანს ვცემ შენს გულს, უმანკოს და წრფელს,
მე უიმედო სიყვარულითა!

ახ! ნეტავ ვიყო ტავისუფალი,
რომ თავისუფლად შენზე მემღერა,
და მაგა გულზე, მშვენებით სრულზე,
ჩემი სახელი ზედ დამეწერა...

ერთია კაცი ბუნებისათვის

ერთია კაცი ბუნებისათვის -
მდიდარი, გლახა, დიდი, პატარა,
რა დღით ის წუთის ცხოვრებისათვის
ქვეყნად მოვიდა და დაემყარა.
მათზე განაგებს ერთგვარ ბუნება,
ერთგვარად ესვამს იგი მათ ცელსა,
და ისე სული დიდ კაცსაც ხდება,
როგორც მის მსახურს უკანასკნელსა.

0

ავტორი: