21:34:49     21-08-2023
მარნეულში კაცმა ცოლი საძინებელში ხანჯლით მოკლა
57 წლის მამაკაცმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ცოლი მოკლა, ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი - მამაკაცმა მკვლელობა საძინებელში, ოჯახის წევრების თანდასწრებით ჩაიდინა, რომლებიც მის შეკავებას ცდილობდნენ და ამ პროცესში ბრალდებულის 28 წლის შვილი ხელის არეში დაიჭრა. ამის შემდეგ კი, როგორც სასამართლო სხდომიდან გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მეუღლე მოკლა, სცადა ადგილიდან მიმალვა და ასევე მკვლელობის იარაღი, ხანჯალი დამალა.
დაკავების შემდეგ მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მაშინვე აღიარა და სამართალდამცველებს საგამოძიებო ექსპერიმენტისას თავად მიუთითა დამალული ხანჯლის ადგილსამყოფელზე. ამ დროისთვის ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები და ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული შეურაცხად მდგომარეობაში - ამას გამოძიების მიმდინარეობისას ჩანიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რაც წინასასამართლო სხდომაზე - 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ბრალდებულს16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.