15:56:34     31-05-2023
საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკი განაგრძობს შემოქმედებითი, კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და განათლების მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, წელს უკვე მეოთხედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში (MASE), საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის და Copywriting-ის ორ წლიან პორტფოლიო პროგრამაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ აღნიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე. ამისათვის, უნდა გააგზავნონ საკუთარი სივი, სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო მეილის მისამართზე [email protected]. საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. განაცხადების მიღება 30 ივნისს დასრულდება.
ჩარიცხული კანდიდატებიდან სპეციალურად შექმნილი ჟიური ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულს გამოავლენს და ის სწავლას Miami Ad School Europe-ში შემოდგომის სემესტრში დაიწყებს.
„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით ინიციატივების განხორციელებას. ჩვენთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, მისი სახელით გამორჩეული, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შევქმნათ სწავლის, განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღების და დასაქმების ახალი შესაძლებლობები. Miami Ad School Europe-ი მსოფლიოში აღიარებული სკოლაა Art Direction-ის და Copywriting-ის მიმართულებით, აქ მიღებული ცოდნა კი ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გახდნენ გლობალური სარეკლამო ქსელის წევრები. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აგრძელებს ახალი ინიციატივების შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი უნარების აღმოჩენის და როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პროცესში დაეხმარება“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.
ინფორმაციისთვის, Miami Ad School-ი ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა თუ ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. ის აერთიანებს 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კი Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.
საქართველოს ბანკსა და Miami Ad School Europe-ს უკვე ყავს სამი სტიპენდიატი, რომელთა რიცხვს წელს კიდევ ერთი გამარჯვებული შეემატება.