ანქვაბი  ყაჩაღურ-ქურდული სახელმწიფოს ლეგალიზებას ახდენს ანქვაბი ყაჩაღურ-ქურდული სახელმწიფოს ლეგალიზებას ახდენს />


  10:55:32     01-09-2011

ანქვაბი ყაჩაღურ-ქურდული სახელმწიფოს ლეგალიზებას ახდენს

a9518.jpg

თვითაღიარებული აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი, იმ კატეგორიის ადამიანებს განეკუთვნება, რომელიც აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილში, ნდობას არ იწვევს, მიიჩნევს აფხაზური სახალხო პარტიის ლიდერი, იაკუბ ლაკობა. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ახალი პრეზიდენტის არადემოკრატიული სტილი.

„ტელე–ეთერების დროს, რომელშიც ანქვაბი მონაწილეობდა, ძალიან უხეშად, არაეთიკურად არიდებდა თავს მისთვის უხერხულობის შემქმნელ პირდაპირ კითხვებს, რითიც საკუთარი უტაქტობის დემონსტრირებას ახდენდა და ხშირად ეს ყველაფერი თავხედურ რიტორიკაში გადასდიოდა.

ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთან, ბატალ ტაბაღუასთან ერთად, ფაქტობრივად შეურაცხყოფდა საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მონაწილეებს, სხვა კანდიდატებს“, მიიჩნევს ლაკობა.

აფხაზი ოპოზიციონერის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ტელეგამოსვლებში, არ გაჟღერებულა აფხაზეთის სახალხო პარტიის განცხადება, რომელშიც სხვა კანდიდატის მხარდაჭერა იყო გამოხატული. ამ დროს, ამავე არხზე, ერთმანეთის მიყოლებით შუქდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციების ანქვაბის მხარდამჭერი განცხადებები.

ლაკობას თქმით, გამარჯვებული კანდიდატის შტაბიდან ხშირად ისმოდა და ისმის ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, რომ აფხაზური ტრადიციები, მათ შორის სახალხო შეკრებები წმინდა ადგილებში, სადაც უძველესი ქრისტიანული კერებია, ყველაფერი, გასული საუკუნეების ატავიზმია.

„და რა არ არის ატავიზმი? ბიზნესი, ფული, ნებისმიერი გზა ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად? ეს ბატონები ნაციონალური მენტალიტეტის წინააღმდეგ გამოდიან. მათ უკვე ყველა ზღვარს გადააბიჯეს. ჩვენ თვალწინ, ჩვენს ჭეშმარიტ ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს. ამ პირდაპირი შეტევების დანიშნულებაა მექანიკურად შეიცვალოს აფხაზი ხალხის ღირებულებები და სანაცვლოდ „გერმანული წესრიგი“ მივიღოთ. ეს ბოლო სიტყვები, თავად ანქვაბს ეკუთვნის“, აღშფოთებას ვერ მალავს იაკუბ ლაკობა. 

ოპოზიციონერი ხაზს უსვამს, რომ ახლანდელი პრეზიდენტი, წლების განმავლობაში, ჯერ პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ხოლო შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი და პირდაპირი კავშირი აქვს აფხაზეთში შექმნილ იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან რაც დღეს არის.

ამ ვითარებას, მხოლოდ ნაწილობრივ გამოხატავს ისეთი სერიოზული დაკუმენტი, როგორიც არის „საკონტროლო ღონისძიებების აქტი“, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში, ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გამოქვეყნდა. სწორედ ამ დოკუმენტის გამოსვლის შემდეგ გახმაურდა 347 მილიონი რუბლის „დაკარგვის“ ამბავი.

თუმცა, წინასაარჩევნო ტელეეთერებისას, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აქტის მიხედვით, „ყველაფერი რიგზეა“ და არავითარი საფუძველი არსებობს საქმის პროკურატურისათვის გადასაცემად. „იმის ნაცვლად, რომ ანქვაბი ამომრჩევლებს აღნიშნული დოკუმენტის პროკურატურის გადაცემას შეჰპირებოდა, სახალხოდ იცავდა ქურდებსა და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს „დაუმსახურებელი თავდასხმისაგან“.  

ცდილობდა ჩაეხშო ეს სკანდალი და ღიად იღებდა თავის თავზე ადვოკატის ფუნქციას. არაფრად აგდებდა პოკურატურასა და სასამართლოს. მსგავსი მოქმედებებით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მან, ეჭვმიტანილის სტატუსი შეიძინა.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნაბიჯია უსულო, ყაჩაღურ-ქურდული სახელმწიფოს მშენებლობის ლეგალიზებისაკენ. ეს სიტუაცია ერთ ჰოლანდიურ ანდაზას მაგონებს: ახალგაზრდა, რომელიც წარმატებით მოიპარავს ასი ათას გულდენს, შეძლებს დარჩენილი ცხოვრება პატიოსნად გაატაროს,“ ამბობს ლაკობა და ასკვნის, რომ ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ენდო ასეთი ტოტალიტარული და სხვა საეჭვო გამოხდომების მქონე პოლიტიკოსს.

0

ავტორი: