10:47:30     01-09-2011
ვახტანგ ორბელიანისა და დიმიტრი ყიფიანის მიმოწერა ლექსებად
ვახტანგ ორბელიანი და დიმიტრი ყიფიანი მეგობრები იყვნენ. ვახტანგ ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი რუსებმა აიძულეს აჯანყებული კახელების წინაარმდეგ საომრად წასულიყო, მან კი ხმლის ამოუღებლად თავი შეაკლა კახელ მეომარს. თავისი სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა განადგურებას და კახელების წინააღმდეგ კი მაინც არ იბრძოლა... პოეტი ვახტანგ ორბელიანი რუსებმა 1832 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის რუსეთში გადაასახლეს, დედასთან და ძმებთან ერთად... საქართველოს დასაცავად შემართული დიმიტრი ყიფიანი, ასევე, რუსებმა მოგვიკლეს... მაგრამ მათს სიცოცხლეს და სიკვდილს უკვალოდ არ ჩაუვლია...
ვახტანგ ორბელიანი დაიბადა 1812 წლის 5 აპრილს. მამას ვახტანგი ერქვა. პოეტის დედა ერეკლე მეორის ასული თაკლე ბატონიშვილი გახლდათ. მამის გარდაცვალებიდან ერთ თვეში შობილ ვაჟს თეკლემ თავისივე მამის სახელი დაარქვა. თეკლე ბატონიშვილის ქმარი, ვახტანგი სოფელ ჩუმლაყთან დაიღუპა, რუსებისა და აჯანყებული ქართველების შეტაკ. ვახტანგ ორბელიანის ვაჟკაცური დაღუპვის ამბავი ჩვენ მოთხრობილი გვაქვს პრესა.გე-ს მკითხველებისათვის („ვერაგი რუსი დამპყრობლები და ქართველი კაცის ვაჟკაცობა გამოუვალ მდგომარეობაში“, 21.02.2011). აქ მოკლედ გავიმეორებთ. თეკლა ბატონიშვილისა და ვახტანგ ორბელიანის სახლს რუსებმა ზარბაზნები დაუმიზნეს და ვახტანგს (მამას) მოსთხოვეს კახეთის აჯანყებულების წინააღმდეგ გალაშქრება. კახელებს გრიგოლ ბაგრატიონი მეფედ გამოეცხადებინათ და ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იბრძოდნენ. ვახტანგ ორბელიანმა ხერხი იხმარა. გამოემშვიდობა ცოლ-შვილს, ბრძოლაში წავიდა, ცხენი მიაჭენა ერთ კახელ მხედართან და შეჰყვირა, თითქოს ხმლის წართმევა უნდოდა. აჯანყებულმა კახელმა სთხოვა თავს ნუ მომაკვლევინებო, ცუდი ვინმე არ ჩანხარო. ვახტანგი „არ მოეშვა“, მაშინ კახელმა თოფი ესროლა და მოკლა. ასე გადაირჩინა თავი ვახტანგ ორბელიანმა ღალატისაგან, ქართველების წინააღმდეგ ბრძოლისაგან, თავი შეაკლა აჯანყებულებს და ამით, ცოლ-შვილი რუსების მხრიდან ამოჟუჟვას გადაარჩინა.
გავიდა დრო. მისი შვილები, - მათ შორის ახალგაზრდა, ოციოდე წლის ვახტანგი, - და მეუღლე, თეკლე ბატონიშვილი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი გახდნენ, რისთვისაც რუსულმა იმპერიალისტურმა რეჟიმმა ისინი გადაასახლა საქართველოდან.
ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ პოეტ ვახტანგ ორბელიანს მამისგან გაორებული გრძნობა გამოჰყვაო და ამაში გულისხმობს მის სამხედრო კარიერას რუსულ არმიაში (გენერალ-მაიორი).
ვფიქრობ, მამამისს ეს არ უნდა ეხებოდეს. სამეფო ოჯახი (ალექსანდრეს გამოკლებით) უომრად შეხვდა სამეფოს გაუქმებას და სხვა როგორ იომებდა?! მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ორბელიანმა რუსული არმიის პოლკოვნიკობამდე მიაღწია, მან არ ისურვა კახელების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ინფორმაცია ოჯახში კარგად იცოდნენ, ამის შესახებ მისი უფროს შვილი, ალექსანდრე წერდა კიდეც. ვახტანგ ორბელიანმა სახელოვანი სიკვდილი ჰპოვა და შეცდომაა ზოგიერთი მკვლევარის მტკიცება, აჯანყებული კახელების წინააღმდეგ იბრძოდაო.
ასევე მისი შვილი, უმცროსი ვახტანგი. 1832 წლიდან, შეთქმულების ჩავარდნის მერე, ის პესიმიზმში ჩავარდა, როგორც ყველა, დიდი დროით, ილიასა და მისი თაობის მოსვლამდე. ამითაა გამოწვეული მათი სევდიანი და უიმედო რომანტიზმი (ეროვნული თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში). თუმცა სამშობლო ძალიან უყვარდათ (აქ პოეტებს ვგულისხმობ და არა მოღალატეებს, რომლებიც მართლა არსებობდნენ).
მათ ლიდერი არ ჰყავდათ. ბატონიშვილებმა ვერ შეძლეს ერის ლიდერი გამხდარიყვნენ, ალექსანდრესა და გრიგოლის მერე, ფაქტიურად. შემდეგ ბაგრატიონების როლი ილია ჭავჭავაძემ შეასრულა ეროვნულ ასპარეზზე, და ამიტომაც უწოდეს უგვირგვინო მეფე.
ვახტანგ ორბელიანი გახლდათ რომანტიკოსი პოეტი, დიდი პატრიოტი, ქართველთა დიდებულ წარსულზე შეყვარებული ადამიანი, თუმცა, როგორც ვთქვი პესიმისტი.
ვახტანგ ორბელიანმა დიმიტრი ყიფიანს, თავის ძველ მეგობარს, მისწერა ლექსი ძველ მეგობარს“. აღნიშნული ლექსი დაიწერა 1883 წელს. თუ არ ვცდები, დაიბეჭდა „დროებაში“. ლექსში კარგად ჩანს ვახტანგ ორბელიანის წუხილი სიბერის გამო და მისი სურვილი, ძველ მეგობართან ერთად მიმართოს დიდ ლიტერატურას (რუსთველს, გოეთეს (გეტეს), შექსპირს, შილერს), დრო გაატარონ ბუნებაში და სამშობლოს ისტორია გაიხსენონ.
ვახტანგ ორბელიანი:
ძველ მეგობარს
დავბერდი, დავჩაჩანაკდი, წვერი შემექმნა ჭაღარა;
შინ ცოლ-შვილს მოვძულებივარ, მოყვასთ უნდივარ აღარა.
წავიდნენ წელნი, დავბერდი, ვეღარ ვნადირობ მთა-ბარში,
ვეღარ მოვექეც მთას წვერზედ ვეღარც ავდარში, ვერც დარში
და ვეღარ ვუმზერ იქიდამ სამშობლო მამულს დახატულს,
ტურფად, ვით სასძლო ასული მშვენიერებით შეკაზმულს!
ძველმა სიმარდემ მიმტყუნა, ძლივსღა შევმჯდარვარ ცხენზედა.
ვეღარ ვნადირობ, ვერ ვმარდობ, ვეღარ დავქროლავ ველზედა.
დავბერდი! აღარ ვარგივარ არც ჩემს სახლს გარე, არც შინა,
აღარც მეჯლისში, არც ლხინში, აღარც ბრძოლაში მტრის წინა!
მოდის კეკლუცი და ტურფა, მშვენიერება ასული:
გაივლის ჩემ-წინ და წავა, ერთს არ მომხედავს წყეული.
ამასაც ვითმენ, - შენ და მე ბევრი რამ მოგვითმენია, -
დიახ, მოვხუცდით! ერთი-ღა მხოლოდ ნუგეში გვრჩენია;
ვისიც თვალს კიდევ ახარებს ბუნების მშვენიერება,
ვინც არ დამშვრალა გულითა და კვლავ სწამს ძმობა, ერთობა,
ვისიც სულს შერჩა ბოლომდის ცის ნაპერწკალი ცხოველი, -
იმისთვის სიტკბოებითა მაინც სავსეა სოფელი.
მაგრამ მარტო ვარ, არვინ მყავს, მე აქ არვისი რა მესმის,
ვინც რომ მიყვარან, ვერ ვხედავ, ამაოდ გული მათ სძებნის!
მოდი, რკინის გზა გვერდით გაქვს, მოსვლა არ გაგიძნელდება,
მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,
იმის ფურჩვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;
გეტე, შექსპირი, შილერი კვლავ ერტად გადავიკითხოთ.
გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,
სამშობლოს ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული.
ერთად შევხედოთ ჩვენს ცასა და ზედ გარდათხმულს ლაჟვარდსა,
მასში მნათობთა ელვარეთ, მთვარეს, დიდებით მავალსა,
და რა გაივლის ზაფხული და დაგვიდგება ზამთარი,
ნისლი მოიცვამს მთა-ბარსა, დაგვძლევენ თოვლი და ქარი, -
აჰა, გრიალებს ბუხარი, გამდევნი შავი სევდისა,
და ცხოველს ნაღვერდალზედა ტრიალებს მწვადი შველისა;
გავშალე ქეჩა-ხალიჩა, მოვუსხდით; კულა კარკარებს...
მაგრამ რას ვროტავ? ამაოდ გული მეგობარს გულს ეძებს.
(1883)
იმავე წელს დიმიტრი ყიფიანმა ლექსადვე მისწერა ვახტანგ ორბელიანს - „ძველი მეგობრის პასუხი“. ეს ლექსი დაიწერა 1883 წლის 12 ნოემბერს. დაიბეჭდა „დროების“ 231-ე ნომერში (ვინ-ონო ვახტანგ ორბელიანის ინიციალებია - ვ. ო.)
ძველი მეგობრის პასუხი
ვინ-ონო ჩემო! ასჩივებიხარ დაბერებასა?
ეს ის არ იყო, როს ცხებული შენი მშობელი
ცისმარადისად ზე აღუვლენდა ღმერთს ვედრებასა
შენისა სიყმის, შენის სიცოცხლის შემომტრფობელი?
ქვეყნის თანარსის კანონის ძალით რა არ ჰბერდება
და, როგორც ვამბობთ, სულ სხვა არსებათ არ გადიცვლება?
ეს სჯულის დება ხორციელისთვის გარდუვალია;
სულიერად კი არსება შენი სულ სხვა გვარია.
მთასა და ბარში ვერ ვნადირობო, ეს სამდურავი
შენ არ გეკუთვნის, როგორც პოეტსა; შენ გაქვს უფლება
უსაზღვრო, ვრცელი, ყოვლითურთ გარე შეუზღუდავი.
პოეტს გარეშე ვისა ჰქონია ამის შეძლება,
რომ სარბიელზედ, ამისებრ ვრცელზედ, მონავარდობდეს;
მაღლა თუ დაბლა, მარჯვნით თუ მარცხნით, დაუკითხავად -
თუ ჰნებავს ცხადად, თუ ჰნებავს მალვით და უხილავად?
ვეღარ მოვექეც მთას წვერზედაო? რა ხმა მომმართე!
შეისხი ფრთები, როგორც პოეტმა და წარიმართე
იმასაც ზევით, სადაც ქვეყანამ, აღბორგების ჟამს
უწია ზვირთნი ზეშესროლილნი; მაგრამ, რასაც წამს
იქ სივრცეს შეხვდნენ უჰაეროსა, შესდგნენ მყისვეა,
არარაობის ნახვის შიშით განქვავებულნი, -
სად სჩანან თხემნი დიდ გოლიათთა დამწკრივებულნი
ჰიმალაია, კორდილერია თუ კავკასია -
აღვედ კვალადცა და გადმოჰხედო სამშობლოს შენსა,
გარეგანობით ისევ სატრფოს, ისევე მშვენსა,
რომ არ აკლია ბუნებითადი უხვი შემკობა.
და შინაგნობით თუ ვეღარ ჰპოვე ძველი ქველობა, -
მტერთან გმირობა, მოყვასთან ძმობა, სათნო საქმისთვის
რაინდულებრი თავის განწირვა, მშობელ ქვეყნისთვის, -
საღმრთო ნიჭისა დედა ენისთვის მოღვაწეობა, -
გვაყარე მაშინ, ნუღარ დაგვინდობ, რისხვა, წყეობა.
ცხენზედ შეჯდომა მიჭირდებაო! რათ გინდა ცხენი?
ცისკრის ნიავი, დილის მზის სხივი ელეკტრომდენი, -
ყვავილთა სუნი, ათასგვარ ორთქლის, - შენივ ფიქრები -
ყველა არ არის პოეტისთვის მსწრაფლმატარები?
არცა სადა დრო, არც სიშორე აბრკოლებს მასა, -
დაბლა უფსკრულნი, მაღლა სივრცენი, ზღვა უძირონი, -
ყველა გზა არის პოეტისთვის, გზა - უბრგვილონი, -
რა დააბრკოლებს ელვას ან ვარსკვლავთა ბრწყინვალებასა?
ვეღარ დავქროლავ მე ველზედაო! შენ რად დაჰქროლო?
შენ მოიმართე შენი მგოსანი, შენი სიმბოლო -
მომხრე ხმანი შენის მომხრესი, ბუნებისანი:
დაგვძახე შენებრ დიდ მოძახილი და ჩვენ ქართველნი,
ჩვენ დავაქროლებთ მთათა და ველთა, ჩვენ აღვბორგდებით,
რომ ჩვენ წავრეცხოთ მწიკვლნი ჩვენის გონებისანი;
რომ დავუკმიოთ ჩვენსა სამშობლოს გულის სიწმინდე
და მისნი მავნნი კიდეს გაღმა გადავაბნიოთ.
კეკლუცი ქალი აღარ მიმზერსო! რატომ - მე გეტყვი:
ბევრი რამ არის თქმული ქალზედ, მაგრამ მეც ვიტყვი, -
ქალია ნაზი, სანარნარები, საფუფუნები;
შენ რომ სულისა გარს მოსასხმელი დაგძველებოდეს,
აღარ იქნება, რომ იმისს თვალსა ეწონებოდეს.
მაგრამ სული გაქვს თვით თან მბრწინავი და მას ევლება,
როგორც სამკაულს, როგორც საუნჯეს დაუფასებელს, -
და ისღა არის რომ მოსწონს ქალსა, რომ ენატრება.
მარტო ღა ვარო! ეს რაღა არის? როგორ თუ მარტო?
ხელთ არ გიპყრია ბუკი, ნაღარა და ღოროტოტო?
შეჰყარე ძალნი შენი ნიჭისა, გონებისანი,
თან მიაყოლე შენი უნარით ქნარი, მგოსანი, -
და მაშინ მითხარ, რომელი იყო შენებრი გმირი,
რომ მარტოდ მარტო არა მგდარიყოს? ვინ ჰყავდათ ტოლი
ჰომერს, ვირგილს, შოთა რუსთველს, მილტონს, შექსპირსა,
შილლერსა, გეტეს, ვოლტერსა, რუსსოს, ბაირონს, ჰეინეს?
ქართლის ცხოვრება გადავფურცლოთო! მოძღვარ გვექმენი, -
რადგან ჩვენცა გვსურს, მოვედ, გვამხილე ჩვენ მოწაფეთა,
რა იყვნენ ადრე მამასახლისნი, ცხებულ მეფენი?
რა ჰქმნეს: ფარნავაზ, ან მირიანმა, სკიპტრა-მპყრობელთა;
წმიდამან ნინო, ვახტანგ მგელ-ლომმა, დავით აღმდგენმა;
თამარმა მზემან; დიმიტრიმ, არჩილ, ლუარსაბ, შალვამ;
ბიძინამ, დავით და კონსტანტინემ; ერეკლე კახმან,
პატარამ მაგრამ დიდმა ერეკლემ, პაპამან შენმან?
გვამხილე, რაც კი აღმადგენია მოთხრობის ძალით;
რაც რომ შემძლეა გვემილ სულის განმტკიცებისა;
სამშობლო ქვეყნის, სამშობლო ენის აღმაფრენისა.
თუ ისე წავჰხდით და დავმცირდით, რომ ერთი ქნარით
ყურადღებასა ჩვენსა ეჭვობდე, - მოგვმართე მაღლით
სიცხოვლე შენი, შეაწყე თუნდა სრული ორკესტრო
ხმათა ციურთა, ჭექა-გრგვინვათა თან შეწყობილთა
და შეგვაძრწუნე, ოღონდ ნუ გვეტყვი, რომ ვერ მოგესწრო,
მოგვბერე შენი ცხოველი სული ძმობილთა შენთა.
12 ნოემბერსა 1883-ს. ტკოცა
(„დროება“. 1883 წ., # 231)
ვახტანგ ორბელიანმა თავის მეგობაარს ამ ლექსზე უპასუხა ლექსით „ბაქარ ქართლელს“, რომელიც იმავე, 1883 წელს დაწერა, თუმცა „დროებაში“ დაიბეჭდა 1884 წლის 19 იანვარს (# 13). მოგეხსენებათ ბაქარ ქართლელი - დიმიტრი ყიფიანის ფსევდონიმია.
თუ ბექარ ქართლელი (დიმიტრი ყიფიანი) ცდილობდა ვახტანგ ორბელიანის გამხნევებას, ცდილობდა მასში გაეღვიძებინა პოეტის თუ ბაგრატიონთა ნათესავის ძალები, სამხედრო განწყობა, სამშობლოსადმი ბრძოლის პრესპექტივის იმედი და ამასთან ერთად, ის მიაჩნდა, როგორც ლექსში ჩანს, შესანიშნავ პოეტად, მხედართმთავრად და ღირსეულ შთამომავლად ერეკლე მეორისა, ვახტანგ ორბელიანის პასუხში ისევ პესიმიზმი ჩანს. საერთოდ პესიმიზმი დამახასიათებელი იყო რომანტიკოსი ვახტანგ ორბელიანისათვის.
ვახტანგ ორბელიანი:
ბაქარ ქართლელს
რისთვის მიწოდებ მე შენ პოეტად?
გეტყვი: რასაც მწერ, მწერ მეტსა მეტად!
არ ვარ პოეტი; ნიჭი მაღალი
ჩემს თავზედ მაღლით არ გარდმოსულა,
და ჩემს გულ-სულში ცით ნაპერწკალი
პოეზიისა არ აღგზნებულა.
არ ვარ პოეტი; წყობილის რითმით
დამშვრალს კაცის თვალს ვერ მოვგვრი ცრემლსა,
ლექსით ცხოველით, ძლიერით, მდიდრით
ვერ ავაღელვებ, ვერ აღვძრავ ერსა!
ეტლისგან დევნილს, სულით დავრდომილს
სულს ვერ აღვუდგენ, ვერ მივცემ სიმხნეს,
და ბოროტზედა კაცსა დაყრდნობილს
ვერ დავსცემ ზარსა, ვერ მივცემ სიბრძნეს!
მდიდარ-ანგართა, სოფლის მარალტა
ჭეშმარიტებას ციურს ვერ ვამხელ
და დაბრმავებულთ და მძინართ თვალთა
მგრგვინავის ლექსით მე ვერ ავუხელ!
მშვენიერს, ტურფას, კეკლუც ასულსა
ჩემის ჩანგითა ვერ ჩავაფიქრებ
და მელოდიით იმის ნაზ გულსა
ვერ მივცემ ლმობას, ვერ ავატირებ!
არ ვარ პოეტი: იქ მაღლა ცაში
აზრით მფრინავი ვერ აღვეწევი
და იმის წმინდა, ტურფა ლაჟვარდში
ვარსკვლავთ, მთოვარეს, მზეს ვერ ვეწევი!
საკმაო არის, რა გითხრა მეტი?
ვარ, ვით სხვა კაცი: არ ვარ პოეტი!
მხოლოდ მიკრულსა ამ წუთს სოფელსა
მიყვარს ვუმზირო დღე ცას ნათელსა;
განთიადს - რიჟრაჟს და ტურფა მთიებს,
ღამე ბრწინავთა ცაში ვარსკვლავებს.
(1883)
წინამდებარე ლექსები კარგად წარმოგვიდგენს ორი ადამიანის პოეტურ სამყაროს, მათ განათლებას, მათ პატრიოტიზმს, მათ დამოკიდებულებას მწარე სინამდვილისადმი, ვახტანგ ორბელიანი პესიმისტია, დიმიტრი ყიფიანი კი სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ნიშანს ელის...
ბაგრატიონებს და ბაგრატიონების ნათესავ წარჩინებულ არისტოკრატებს აღარ შეეძლოთ ერის წინამძღოლობა. მათი დრო წასული იყო. ვახტანგ ორბელიანმა ისიც იცოდა, რომ არ იყო დიდი პოეტი, თუმცა მისმა ლექსებმა მაინც დიდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე...
სულ მალე ქართველი ხალხი დასწყევლა წყეულმა და გათახსირებულმა რუსმა ეგზარქოსმა... და დიმიტრი ყიფიანი აღიმართა თავისი მშობლიური ხალხის დამცველად და გარყვნილი რუსი ეგზარქოსის რისხვას, მთელი რუსული იმპერიის შურისძიებას არ მოერიდა...
მერე რუსმა იმპერიალისტებმა ის ჯერ გადაასახლეს, მერე კი მოკლეს. ეს მოხდა 1887 წელს.
დღეს დიმიტრი ყიფიანი მთაწმინდისმწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. ის წმინდანადაა შერაცხული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.
ვახტანგ ორბელიანი გარდაიცვალა 1890 წლის 29 სექტემბერს. დაკრძალულია თბილისის სიონის საკეთედრო ტაძარში. მის შესახებ ილია ჭავჭავაძემ თქვა:
„უმთავრესი ძარღვი ვ. ორბელიანის პოეზიისა ერთი გულსაკვდომი, მაგრამ გულწრფელი გოდებაა წარსულისათვის... ვითარცა სიყვარულის მადლით მოსილს პოეტს დიდი წილი უდევს, რომ ამ გრძნობამ ჩვენში ფეხი მოიკიდა და ფრთა აისხა“.
მართლაც, ვახტანგ ორბელიანის ლექსებზე და დიმიტრი ყიფიანის გმირობაზე, მათ მამულიშვილურ გრძნობებზე აღზრდილმა თაობებმა დიდი ბრძოლები გადაიტანეს ქართული კულტურის აღორძინების, ეკლესიის ავტოკეფალიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის...
და კიდევ იბრძოლებენ...
0