10:46:00     01-09-2011
პოლ ვიალარის „მწყერი“
ცნობილი ფრანგი მწერალი, პოეტი, ესეისტი და დრამატურგი, პოლ ვიალარი (Paul Vialar) დაიბადა 1898 წლის 18 სექტემბერს სენ-დენიში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ლიტერატურული მოღვაწეობა ომის შემდეგ დაიწყო. გამოაქვეყნა ლექსების კრებული და პიესები „პირველი სიყვარული“ და „ადამიანები“.
შემდეგ დრამატურგიას მიმართა. მისი პიესები პოპულარული იყო.
1939 წელს გამოსულმა მისმა რომანმა „ზღვის ვარდი“ ფემინას პრემია მიიღო. 1943 წელს მწერალს რომანმა „დიდი მარეკი“ არანაკლები წარმატება მოუტანა. პოლ ვიალარი იყო ფრანგი ლიტერატორების საზოგადოების პრეზიდენტი. საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი. გარდაიცვალა 1996 წლის 8 იანვარს, 98 წლის ასაკში. არის ოთხმოცამდე რომანის, უამრავი მოთხრობის, პიესის, ესეეს, ლექსისა და მემუარების ავტორი.
„მწყერი“ პოლ ვიალარის გულისშემძვრელი ნოველაა. თარგმნა ნუნუ ქადეიშვილმა. ეს არის შედევრი. დედაშვილობის გრძნობას ყველაფრის წარმოდგენა და ჩადენა შეუძლია. პოლ ვიალარი ირიბად, თითქოს მეორე პლანზე გადატანით, გვიხატავს მამის მორჩილი ქალიშვილის ცხოვრებას, რომელიც ნაწარმოებში სულ რამდენჯერმე გამოკრთება. მას მამა „მწყერს“ უწოდებდა... ისეა დაკავშირებული ყველაფერი ერთმანეთთან, რომ კითხვის დაწყებიდანვე ხვდები, რაღაც ძალიან საინტერესოს, მნიშვნელოვანს და ძალიან ამაღელვებელს წაიკითხავ...
მწყერი
(თარგმანი ნუნუ ქადეიშვილისა)
პირველად ბატონმა დე ბოლესტაკმა გამასროლინა თოფი. იგი დედაჩემის მეგობარი იყო და იმ წელიწადს არდადეგებს მის მამულში, ავეირონის კოშკში ვატარებდი. სწორედ იმ დროს ჩავედი, როცა სანადიროდ მომზადებული ძაღლს უსტვენდა. შარაგზას რომ დავადექით, ერთბაშად დაიძახა, მწყეროო. ფერმის უკნიდან პატარა, ჩამრგვალებული, ზღვისფერთვალა გოგო გამოჩნდა.
- ეს საძაგელი თოფი ისევ ხელში გიჭირავს მამიკო? ისევ ნადირი უნდა ხოცო?
ბეტონ დე ბოლესტაკს სიცილი აუტყდა:
- ჰო, მწყერზე უნდა ვინადირო. მაგრამ ამისთვის არ მომიხმიხარ. ჟანი უნდა გაგაცნო. დედა ავადა ჰყავს პარიზში და ორი თვით ჩვენთან გამოგზავნა. ამიერიდან შენი ამხანაგი იქნება.
გოგონამ ხელი ჩამკიდა. ბატონი დე ბოლესტაკი წინ გაგვიძღვა.
მალე პურის ყანას მივადექით, რომელსაც ალკორის ყანობირს ეძახდნენ. სალეწ მანქანაში ცხენი შეებათ. სამუშაო მთავრდებოდა. პურის ვიწრო, გრძელი ზოლიღა დაღცენილიყო მოსამკელი.
- დროზე მოვედით, - თქვა ბატონმა დე ბოლესტაკმა, - მწყერების აფრენას გაჩვენებთ. ისინი ახლა ამ ზოლის შუაგულში იქნებიან მიყუჟულნი.
მექანიკური სალეწის ხმაღა ისმოდა. ძნები რბილად წვებოდა მიწაზე; ზოლი თანდათან ვიწროვდებოდა. უცებ ჩვენს თვალწინ შეიფრთხიალა რაღაც ფრინველმა. მწყერი იყო. ბატონმა დე ბოლესტაკმა აფრენა დააცადა, შემდეგ დაუმიზნა და ესროლა.
პატარა ფრთოსანი ნამჯაში დაეცა. ბატონი დე ბოლესტაკი დასწვდა ნანადირევს და გვითხრა:
- დაინახეთ ოთხი ბარტყი, მეორე მხარეს რომ მიგოგმანობდნენ? ისარგებლეს შემთხვევით და სანამ მე დედას ვუმიზნებდი, გაიპარნენ, დედამ მათ გადასარჩენად მსხვერპლად გაიღო თავი.
დანიელმა (მამამ დანიელს ზედმეტსახელად „მწყერი“ იმიტომ შეარქვა, რომ ისიც მწყერივით ჩამრგვალებული იყო) წამჩურჩულა:
- მამიკო ვეღარ ინადირებს ბარტყებზე; თავს უშველეს! გულკეთილმა დედამ შვილებს შესწირა თავი.
თქვა და ხელში აიღო მწყერი. გაყინულ თვალთან შერჩენილი სისხლის წვეთი პაწაწინა ლალს წააგავდა.
მალე კოლეჯს დავუბრუნდი და ცხოვრების ფერხულში ჩავები. მე და დანიელი დავმეგობრდით, ერთხანს მიწერ-მოწერაც გვქონდა გამართული და თუმცა მეგობრობა შევფიცეთ ერთმანეთს, ფიცი მე გავტეხე, წერა შევწყვიტე და დანიელი მივივიწყე.
კოლეჯს ვამთავრებდი, როცა დანიელის ნიშნობის ამბავი შევიტყვე. მამამისის მოურავს, ვიღაც კარიეს მიჰყვებაო ცოლად. გამოგიტყდებით, მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან თბილი გრძნობა მქონდა მეგობრისადმი და ამ ახალმა ამბავმა, ცოტა არ იყოს, გული დამწყვიტა.
დედის სიკვდილის შემდეგ ბოლესტაკებთან კიდევ დავბრუნდი, ოღონდ მთელი ზაფხულით კი არა, რამდენიმე დღით. ძველი მეგობრები კვლავ შევხცვდით ერთმანეთს. მე უკვე კარგად შეღერებული ბიჭი ვიყავი, დანიელიც დაქალებულიყო. კარიეც ვნახე. არ მომეწონა. მივხვდი, ხელში ჩაეჭირა ბატონი დე ბოლესტაკი, ბებერი ქარაფშუტა, რომელიც ჰუმანური აზრებით ჰქონდა თავი გამოჭედილი და მამულის ბედი არ აწუხებდა. ჩემი გამგზავრების წინა ღამეს „მწყერი“ ოთახის კარამდე მივაცილე და მანაც გამაცნო თავისი საიდუმლო. შევეცადე, ხელი ამეღებინა ამ განზრახვაზე. იქნებ სხვა რამეს ელოდა ჩემგან?
- ვერ წარმომიდგენია, კარიეს როგორ მიჰყვები ცოლად?!
- მამას ასე სურს. მოურავი ემუქრება, თქვენი ქალი თუ არ დამთანხმდა, მიგატოვებთო. მამა ამბობს, კარიე ჩემი მეგობარი, ჩემი თანამოაზრეაო, უმისოდ გაძლება მართლაც არ შეუძლია. ხომ იცი, მას შემდეგ, რაც დამბლა დაეცა, წიგნების მეტი არაფერი აინტერესებს.
- კი მაგრამ, შენ რაღას ფიქრობ? განა გათხოვება აუცილებელია?
- მიკვირს, ამას რომ მეკითხები! - მითხრა მან და სპეტაკი თვალები შემომანათა, - ჟან, კარიეს იმიტომ მივყვები ცოლად, რომ აქ სხვა არავინაა; სანთლით რომ ეძებო, მამაკაცს ვერ იპოვი. გავთხოვდები და შვილები მაინც მეყოლება.
კვლავ გავიდა ხანი. მედიცინამ გამიტაცა. ამას მოჰყვა ცხოვრებაში გადადგმული პირველი ნაბიჯები, პირველი კაბინეტი, პირველი პაციენტები. „მწყერი“ სულ არ დამვიწყნია, მაგრამ ნამდვილი გრძნობების ადგილი ჩემს გულში უამრავმა წვრილმანმა დაიჭირა. დანიელი კი ამასობაში თავისთვის ცხოვრობდა.
თუკი ამას ცხოვრება ერქვა! გვერდით ჰყავდა ფანტაზიორი მამა, რომელსაც ამქვეყნიური ამბებისა არაფერი გაეგებოდა, ხოლო ქმარი მეტისმეტად „მიწიერი“ გახლდათ.
ცხადია, სიყვარულს არ აჰყოლია იგი, როცა ამ ხეპრეს ცოლი გახდა! არა, ეგოისტი მამის ხათრითა და შვილების გაჩენის სურვილით გადადგა ასეთი ნაბიჯი. აკი ერთ საღამოს თვითონვე გამომიტყდა. მას ახლა სამი შვილი ჰყავდა: ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
კარიემ კი, რაკი ცოლს არ უყვარდა, სმასა და დებოშს მიჰყო ხელი, მთელი დღეები როდეზში დაწანწალებდა, საეჭვო ყოფაქცევის ქალებს დასდევდა, კარტს თამაშობდა და სპეკულაციას ეწეოდა.
და აი, ერთ დღეს ბატონი დე ბოლესტაკი თავის გორგოლაჭიან სავარძელში გარდაიცვალა. მოვიდა ნოტარიუსი. მამის ცხედართან დანიელმა გაიგო, რომ თითქმის გაკოტრებულიყო: საცხოვრებლად კოშკიღა შერჩენოდა, რომლის სახურავი საცაა თავზე ჩამოენგრეოდათ, ხოლო მამულებიდან ალკორის ყანობირიღა გადარჩენოდა გაყიდვას, სადაც დიდი ხნის წინ არდადეგებზე ჩემი იქ ყოფნისას ბატონმა დე ბოლესტაკმა მწყერი მოკლა. დანიელმა დეკეული გაყიდა. აღებული ფულით გადაუდებელ ვალებს გაისტუმრებდა და ცოტაოდენ თანხასაც გადაინახავდა, ერთხანს ტავი რომ გაეტანა. მაგრამ მალე კარიე, რომელსაც დანიელმა მცირეოდენი წილი გამოუყო, სახლიდან გაიპარა და ასიგნაციებით სავსე კონვერტიც თან გაიყოლა. მიტოვებული, მაგრამ აბეზარი ქმრისაგან გათავისუფლებული დანიელი სამ ბავშვთან ერთად ცხოვრების ჭიდილში ჩაება.
ყველაფერს ეშველებოდა, უფროსი ბავშვი ავად რომ არ გამხდარიყო. ერთ დღეს ხველება დააწყებინა, საღამოს სიცხეც მისცა. ექიმმა გასინჯა ბავშვი და მთაში წაიყვანეთო, ურჩია. რაკი საქმე ბავშვის ყოფნა-არყოფნას ეხებოდა, დანიელი წუთითაც არ შეყოყმანებულა. დიახ, არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ანდრე უნდა გადაერჩინა და უმცროს ორი ბავშვისათვის სარჩენი ფული დაეტოვებინა. ამისთვის კი დიდი თანხა იყო საჭირო. დანიელმა გაყიდა ანკორის ყანობირი, უკანასკნელი მამული, რომელსაც კიდევ შერჩენოდა რაღაც ფასი. კოშკში კვლავ წინანდებურად, თითქმის წინანდებურად აეწყო ცხოვრება.
დანიელმა ერთი მილიონი მიიღო და ეტყობა მის დასაბანდებლად გაემგზავრა როდეზში. კოშკის დიდი დარბაზი ხელახლა გადაღებეს, ბავშვების ოთახებში ახალი ფარდები ჩამოჰკიდეს. ანდრე შვეიცარიაში იყო, ლეიზენის კლიმატურ სადგურში. კიდევ ერთი წელი და იგი სავსებით განიკურნებოდა. ოღონდ ესაა, „მწყერმა“ უცნაურად დააბანდა თავისი ფული! მანქანაში კი ჩაჯდა და ქალაქშიც ჩავიდა, მაგრამ როდეზში ჩასვლისთანავე დაზღვევის კანტორის აგენტს მიაშურა და თავი დაიზღვია. თუ უეცრად მოკვდებოდა, მთელი ქონება შვილებს დარჩებოდათ. ალკორის ყანობირიდან მიღებული თანხით პირველი შესატანი გადაიხადა და კარგად იცოდა, რომ მეორე შესატანს ვერსად იშოვიდა. მაგრამ ამ ვადის დადგომამდე არაფერზე არ უნდა ეფიქრა. დღევანდელი დღით ცხოვრობდა. ქალი წავიდა შვეიცარიაში და უფროსი ვაჟი მოინახულა, შემდეგ უმცროსებთან დაბრუნდა. არასოდეს ასე ძალიან არ ჰყვარებია შვილები!
ხუთი თვე გავიდა, რაც მან დაზღვევის პოლისს ხელი მოაწერა. დაზამთრდა. ერთ დღეს გლეხები მოვიდნენ და მოახსენეს, კოშკის მახლობლად, ტყვეში, გარეული ღორი შევამჩნიეთ, ნეზვი უნდა იყოს რამდენიმე გოჭითო.
დანიელმა მყისვე გასცა განკარგულება, დღესვე წადით სანადიროდო. როცა მამაკაცები მისი სახლის წინ შეგროვდნენ, ქალმა მათ განიცხადა:
- მეც თქვენთან ერთად მოვდივარ!
ბავშვებმა სანადიროდ მიმავალ დედას თვალი მოჰკრეს. უმცროსმა, ფრანსუამ ტირილი მორთო, მეც წამიყვანეთო. ქალმა გულში ჩაიკრა ბავშვი:
- აბა საყვარელო, ნუ ტირი! ვაჟკაცი არა ხარ?
მამაკაცებმა ალყა შემოარტყეს ტყეს, სადაც ნადირის კვალს წაწყდომოდნენ. ყველამ თავისი პოსტი დაიკავა. დანიელი ტყის პირას, ბილიკზე იდგა. მწევრები აუშვეს.
მარტო დარჩენილმა დანიელმა მოქუფრულ ცას ახედა და ტყეში შევიდა. ჯერ ფეხაკრეფით მიდიოდა, შემდეგ, როცა ჩანჩქერისაკენ მიმავალ ციცაბო ფერობს მიადგა, გაუჭირდა, ძეძვის ტოტები სახელოებს უფხრეწდა, ეკლები ხელებს უკაწრავდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ, სადაც შემართული თოფები ეგულებოდა.
აჰა, გზაც დაილია, ვიწრო ზოლი ისევე შეიკრა მის ირგვლივ, როგორც ოდესღაც მწყერის გარშემო. ახლა მასაც ისღა დარჩენოდა, შვილების გადასარჩენად თავი გაეწირა.
ქალი მტკიცედ, ურყევი გადაწყვეტილებით მიაბიჯებდა. მას საკუთარი სიცოცხლე გაეწირა, რადგან უამისოდ მისი შვილები ვერ იცოცხლებდნენ. იმ სამს უნდა დახმარებოდა, სიკვდილისა თუ დამცირებისაგან დაეხსნა.
როცა ხევში ჩავიდა, მიპარვით სიარულს თავი ანება, მართალია, ბუჩქნარს ამოფარებოდა, მაგრამ ტოტების ლაწალუწით მიიწევდა წინ და თან ფეხებზე შემოხვეულ სუროს იგლეჯდა.
- აგერ, ტახი უნდა მოდიოდეს! - თქვა ერთმა მონადირემ.
- არა მგონია! ძაღლების ყეფა რომ არ ისმის? - იკითხა მეორემ.
- მერე რა? ასეც ხდება ხოლმე. ალყა დიდია, ტახი ალბათ უკვე წამოაგდეს და ახლა ცდილობს ჩანჩქერის გადსწვრივ გაიკვლიოს გზა.
მან თოფი მოიმარჯვა.
- სანამ თვალს არ მოჰკრავ, არ ესროლო! - ურჩია ამხანაგმა.
- მაშ, რა ვქნა, სხვა გზა არ არის! ისე გაგეპარება, თვალს ვერც შეასწრებ.
ტოტების მტვრევის ხმა თანდათან ახლოვდებოდა; კაცი იფიქრებდა, ნადირს სიცოცხლე მობეზრებია და სიკვდილს ეძებსო.
მონადირეებმა თოფები მოიმარჯვეს. ღარტაფში ტოტები შეინძრა.
- ესროლე!
თოფი გავარდა, სხვა თოფებმაც ბანი მისცეს. როცა კვამლი გაიფანტა, აღარაფერი იძვროდა.
- მოხვდა!
- ჩანს, მარტო ნეზვია, რადგან გოჭების ხმა არ ისმის.
- მივიდეთ, ვნახოთ!
ტევრში შევიდნენ.
- ღმერთო გვიშველე! - დაიყვირა მონადირემ, - ქალბატონია!
დიახ, „მწყერი“ ნაცრისცერ პატარა გუნდასავით ეგდო მიწაზე. მონადირეები ძრწოლვით, მოწიწებით მიუახლოვდნენ. ერთ-ერთი მათგანი დაიხარა, შეეცადა მის წამოყენებას, მაგრამ პაწია, მრგვალი თავი მოწყვეტით დაეცა ძირს. თვალი ღიად დარჩენოდა, მოღომარ ბაგესთან კი ერთი წვეთი სისხლი მარგალიტის მძივივით კიაფობდა.
0