გერმანული იარაღის ფირმა Heckler & Koch „ლიბიურ სკანდალში“ გაეხვია გერმანული იარაღის ფირმა Heckler & Koch „ლიბიურ სკანდალში“ გაეხვია />


  21:31:31     31-08-2011

გერმანული იარაღის ფირმა Heckler & Koch „ლიბიურ სკანდალში“ გაეხვია

a9514.jpg

ლიბიაში გერმანულმა მედიასაშუალებებმა  გერმანული იარაღის ცნობილი კომპანიის Heckler & Koch-ის იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც, მათი ვარაუდითა და წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, მუამორ კადაფის მომხრეებს მიეწოდებოდა. რა თქმა უნდა, გერმანიის მიერ შემოღებული აკრძალვების გვერდის ავლით.

გერმანელმა ჟურნალისტებმა ლიბიელი მეამბოხეების მიერ ტრიპოლის აღების შემდეგ მათ შეიარაღებაში HK G36 სისტემის ავტომატები  შეამჩნიეს. რასაკვირველია, გერმანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა გზით აღმოჩნდა გერმანული, ახალი იარაღი ამბოხებულთა ხელში. ჟურნალისტებმა დამოუკიდებელი წყაროები გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ ეს ავტომატები მეამბოხეებს, სავარაუდოდ, მუამორ კადაფის რეზიდენციაზე შტურმის დაწყების წინ დაურიგეს.

იმაში, რომ გერმანული იარაღი ნამდვილად ახალია და ნამდვილად იმის ანალოგია, რასაც გერმანული სპეცდანაყოფები იყენებენ, სამხედრო ჟურნალისტებს ეჭვი არ შეპარვიათ: ლიბიელ ამბოხებულებს ხელთ ეპყრათ მოკლელულიანი HK G36 KV მოდიფიკაცია.

ეს იარაღი გერმანულ სპეციალურ დანაყოფებში გამოიყენება და ელიტარულ იარაღად ითვლება. დეტალური ინფორმაცია გერმანულმა „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა, გამოცემა The Local კი იუწყება, რომ ლიბიელმა აჯანყებულებმა HK-ის („ჰეკლერი და კოხი“) ფირმის შაშხანების დიდი საწყობი ჩაიგდეს ხელთ.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ იარაღის ლიბიაში გაყიდვის ლიცენზია არ გაუციათ. „ჰეკლერი და კოხის“ მესვეურები, თავიანთი მხრიდან, ირწმუნებიან, რომ ამ ტიპის შაშხანები ლიბიაში არასდროს გაუგზავნიათ. შეგახსენებთ, რომ გერმანული კანონების მიხედვით, იკრძალება იარაღის გაყიდვა იმ ქვეყნებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია, მიწოდებული იარაღი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გამოიყენონ.  

სხვათა შორის, იარაღის მიწოდების შესახებ არსებული სანქციების დარღვევაში Heckler & Koch-ის დადანაშაულება პირველი შემთხვევა არ არის. 2010 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია იარაღს გზავნიდა მექსიკის შტატებში, სადაც მაშინ დიდი არეულობა და დაძაბულობა სუფევდა.

კომპანიის მიმართ გაჩენილი ეჭვების შემდეგ დაიწყო გამოძიება, ხოლო Heckler & Koch-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. სხვათა შორის, კომპანიას ხელისუფლებასთანაც არა აქვს მაინცდამაინც თბილი ურთიერთობები. ასე მაგალითად, 2011 წელს გერმანიის ხელისუფლებამ კომპანიას მთლიანად აუკრძალა საკუთარი პროდუქციის გატანა მექსიკის მიმართულებით.

0

ავტორი: