22:49:07     07-04-2023
"მოწმემ განმარტა, რომ ვაკის პარკის შადრევანი გათვლილი არ ყოფილა, რომ მასში ადამიანები ჩასულიყვნენ" – ადვოკატი
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, სამი ბრალდებულის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ თქვა, საქმის მოწმემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტისა და არც შესრულების ეტაპზე, შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ადამიანები ჩასულიყვნენ.
ბატონმა შალვა ქორიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ არც პროექტის და არც შესრულების ეტაპზე, მითითებული შადრევანი არ ყოფილა გათვლილი იმისთვის, რომ მასში ჩასულიყვნენ ან გადაადგილებულიყვნენ ადამიანები. შესაბამისად, წარმოიქმნა კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და თავის ტკივილი ბრალდებისთვის იმდენად, რამდენადაც ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ აუზში არ უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები არც იმ და არც ნებისმიერ სხვა დღეს.
ვის უნდა უზრუნველყო აღნიშნულის დაცვა, ფაქტია, რომ ეს იყო ბრალდების მხარის ვალდებულებაა დაედგინა და განესაზღვრა იმდენად, რამდენადაც, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია და არც არავინ დაობს, რომ პროექტის ჩაბარების შემდგომ, 21 აგვისტოდან, ამის ვალდებულება არ ჰქონდა შპს. "გრინსერვისს".
არსებობს აუზის ორი ტიპი, როგორც ამას სპეციალისტები განმარტავდნენ. არის აუზი, რომელიც განკუთვნილია ცურვისთვის და გადაადგილებისთვის, არსებობს შადრევანი, რომელიც ნებისმიერი ამისთვის არ არის განკუთვნილი იმდენად, რამდენადაც იმთავითვე შეიცავს რისკებს, არამხოლოდ ელექტროენერგიის, არამედ ჭავლების მიზეზითაც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულდა აუზის ის ტიპი, რომელიც განკუთვნილი არ იყო ადამიანების გადაადგილებისთვის" – განაცხადა ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.