13:26:04     01-03-2023
მეფუტკრეობიდან ეკო ტურიზმამდე - საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ბენეფიციარი საგარეჯოდან
„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანიდანაა, რომლის საქმიანობაც მეფუტკრეობას, აპი თერაპიას და აგრო და ეკო ტურიზმს მოიცავს.
ხათუნა შაშურაშვილის ოჯახი უკვე 100 წელზე მეტია რაც მეფუტკრეობითაა დაკავებული. დღეს კი, ოჯახის მრავალწლიან საქმიანობას შვილებთან ერთად აგრძელებს.
„დღესდღეისობით საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე 700 ოჯახი ფუტკარი გვყავს და ფუტკრის ყველა სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. მაგალითად, ისეთს, როგორიცაა: თაფლი, ფეხგუნდა, ცვილი, დინდგელი, სადედე რძე, თაფლის არაყი და სხვა მრავალი“, - გვიყვება ხათუნა.
2022 წელს, „კოდალას“ თაფლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხარისხის წოდება მიანიჭა.
„პანდემიამდე ჩვენი ბრენდი არ არსებობდა, არც მარკეტებსა და დიდ ქსელებში ჩვენი პროდუქცია არ იყიდებოდა. როდესაც ყველაფერი გაჩერდა და ყველა სახლებში ჩავიკეტეთ, დავიწყე ბრენდისა და ლოგოს შექმნაზე მუშაობა. გადავწყვიტე, ბრენდის სახელი ჩვენს გვართან ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ჩვენი პოტენციური მომხარებელი ჩვენს პროდუქციას იცნობდა, როგორც კოდალაშვილების თაფლს. ასე გაჩნდა სახელი „კოდალას“ თაფლი და ბრენდი „სკა-კოდალა“, - ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.
თუმცა, მეწარმე მხოლოდ მეფუტკრეობით არ დაკმაყოფილდა და ახლის ძიება დაიწყო. რის შედეგადაც აგრო და ეკო ტურიზმის შესწავლა გადაწყვიტა. პანდემიის დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთი გომბორის მთებში, სოფელ კოჭბაანში შეიძინა, სადაც ფუტკრისა და ტურისტებისთვის ის ეკოლოგიური გარემოა შექმნილია, რაც მათ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
„დავიწყე კოტეჯების მშენებლობა. ავაშენე ერთი დიდი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც 70 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. მეორე კოტეჯში კი, აპიკაბინაა მოწყობილი, სადაც გამაჯანსაღებელი აპითერაპიის კურსის ჩატარებას ვგეგმავ. აღნიშნული თერაპია „ბზუილო თერაპიას“ წარმოადგენს, რომელიც ნერვულ სისტემაზე გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ხოლო, „აერო თერაპია“ რესპირაციულ, იმუნურ, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციას უწყობს ხელს“, - გვიყვება ხათუნა.
მეწარმე სამომავლოდ მესამე კოტეჯის აშენებასაც გეგმავს, რომელიც 2023 წლის ზაფხულში გაიხნება და ტურისტების მიღებას შეძლებს. ის თანამშრომლობს, როგორც ქართულ, ასევე ევროპულ და აზიური ქვეყნების ტურისტულ სააგენტოებთან, რომელიც ტურისტებისთვის სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.
როგორც თვითონ გვიყვება, მარკეტინგის კუთხით, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და განვითარებაში „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ დაეხმარა.
„რაც შეეხება „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობას, მარკეტინგის კუთხით საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე, ასევე მომცა მოტივაცია და დამეხარა ჩემი საქმიანობის განვითარებასა და უკეთ წარმართვაში“, - ამბობს „სკა-კოდალას“ დამფუძნებელი, ხათუნა შაშურაშვილი.
ინფორმაციისთვის, „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.