გი დე მოპასანის „დუელი“ გი დე მოპასანის „დუელი“ />


  10:37:48     30-08-2011

გი დე მოპასანის „დუელი“

a9451.jpg

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებისთვის გვაქვს დიდი ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის გენიალური მოთხრობა „დუელი“, რომელიც თარგმნილია იროდიონ ქავჟარაძის მიერ.

მწერალი მოგვითხრობს პრუსია-საფრანგეთის ომის დამთავრების დროინდელ ამბავს (1871 წელი). პრუსიული იმპერიალიზმი ცნობილია. შეაგროვა კიდეც პრუსიამ გერმანული ქვეყნები, თითქმის ყველა, ავსტრიის გარდა. საფრანგეთსა და პრუსიას ყოველთვის ჰქონდათ საკამათო, უფრო სწორად, საომარი მიწა-წყალი, რომელსაც ერთმანეთს ეცილებოდნენ. პრუსიას მადა გაეხსნა. ეს პრუსიული „ხასიათი“ მერე ძვირად დაუჯდა ორივე მსოფლიო ომში. ამ მოთხრობაში თითქოს ნაწინასწარმეტყველებია პრუსიული იმპერიალისტური ქმედებების კატასტროფული აღსასრული.

დიდი მწერალი მშვენივრად გვიხატავს გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ხასიათებს. მათი ქმედებები ისე ბრწყინვალედ აქვს აღწერილი მწერალს, რომ ყველაზე კარგი ეთნო-ფსიქოლოგიც ვერ გადმოსცემდა ასე ამომწურავად, დიდი ნაშრომებით. გი დე მოპასანი ბრწყინვალედ წარმოგვიდგენს პრუსიელი „სალდაგფონი“ ოფიცრის სახეს. ის თავხედია, უტიფარი. ფრანგების გაჟუჟვაზე და მთელი ევროპის დაპყრობაზე ოცნებობს ხმამაღლა, ორი ინგლისელი და ერთი ფრანგი ამას ისმენენ. ფრანგი ჩუმადაა, მისი სამშობლო დაპყრობილია და თავის გადარჩენა უნდა, „ინგლისელები ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდნენ, თითქოს უეცრად თავიანთ კუნძულზე ჩაკეტილი აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ხმაურს დაშორებულნი.“ - გენიალურად წერს დიდი ფრანგი.
 
ეს ორი ინგლისელი მოგზაურობს დამარცხებულ და დაპყრობილ საფრანგეთში, თითქოს უხარიათო თავისი ძველი მეტოქისა და მეზობლის მარცხის ნახვა. ლაკონურადაა და გენიალურადაა გადმოცემული ხასიათის შტრიხები. მაგალითად, დუელია და ინგლისელი ქოლგას ხსნის, მზემ არ შემაწუხოსო.

დამპყრობლების სიძულვილით ანთებული მშვიდი და ფრთხილი, დინჯი ფრანგი შეურაცხყოფას ვეღარ იტანს და გააფთრებით ცემს გერმანელ ოფიცერს, მერე უცებ მშვიდდება...

პრუსიელი „სალდაგფონია“, უტიფარია და თავხედი, მაგრამ არ კადრულობს ისარგებლოს დამპყრობლის ძალაუფლებით და იარაღით მოკლას ფრანგი, რომელმაც სასტიკად სცემა და დუელში იწვევს (რუსი „სალდაგფონი“ ასე არ მოიქცეოდა).

თითო წინადადებაში გი დე მოპასანს მთელი ამბის გადმოცემა შეუძლია: „გონებადაკარგული, დამშეული, სასოწარკვეთილი პარიზიდან პირველი მატარებლები გადიოდნენ ახალი საზღვრებისაკენ“...

თუმცა რა გასაკვირია, ის ხომ ფრანგული ნოველისტიკის მწვერვალად ითვლება.

გი დე მოპასანზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ. დღეს კი წავიკითხოთ მისი ერთი შედევრი.

დუელი

(თარგმანი იროდიონ ქავჟარაძისა)

ომი დამთავრებული იყო. გერმანელებმა მთელი საფრანგეთის დაიპყრეს. ქვეყანა ცახცახებდა როგორც გამარჯვებულის წინ დაჩოქილი დამარცხებული მებრძოლი.

გონებადაკარგული, დამშეული, სასოწარკვეთილი პარიზიდან პირველი მატარებლები გადიოდნენ ახალი საზღვრებისაკენ. ზანტად მიიძლაზნებოდნენ მინდვრებსა და სოფლებზე. პირველი მგზავრები ფანჯრებიდან გასცქეროდნენ გარუჯულ ველებსა და გადამწვარ დაბებს. გადარჩენილი სახლების წინ ცხენოსნებივით სკამზე გადამჯდარი პრუსიელი ჯარისკაცები ჩიბუხს აბოლებდნენ. თავზე წვეტიანი შავი ჩაჩქანი ეხურათ. ზოგიერთები ისე მუშაობდნენ ან საუბრობდნენ, თითქოს შინ ყოფილიყვნენ. როდესაც მგზავრები ქალაქებს გაივლიდნენ, გერმანელების მთელ პოლკებს ხედავდნენ. ისინი გადაჰყავთ-გადმოჰყავდათ. მიუხედავად ბორბლების ხმაურობისა მატარებლებში დროგამოშვებით შემოიჭრებოდა ხრინწიანი ხმით წარმოთქმული განკარგულებები.

ბატონი დიუბიუი, რომელიც ალყის შემორტყმის განმავლობაში პარიზის ნაციონალურ გვარდიაში ირიცხებოდა, ახლა შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ცოლისა და ქალიშვილის სანახავად. მტრის შემოჭრის წინ ცოლ-შვილი სიფრთხილის გამო უცხოეთში გაეხიზნა.

მდიდარი და მშვიდობის მოყვარე ვაჭრის დიდი ღიპისათვის შიმშილსა და დაღლილობას ვერაფერი დაეკლო. დიუბიუიმ საშინელი ამბები გადაიტანა ბედის მორჩილებითა და სასოწარკვეთილებით, ბევრი მწარე აზრი გამოთქვა ადამიანის მხეცობაზე. ახლა ის საზღვარს უახლოვდებოდა. ომი დამთავრებული იყო. პირველად ხედავდა პრუსიელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოვალეობა ქალაქეის მისადგომებთან პირნათლად შეასრულა და მრავალი ცივი ღამე გაატარა ყარაულობაში. შეშინებული და გაღიზიანებული უცქეროდა ამ შეიარაღებულსა და წვერმოშვებულ გერმანელებს, რომლებიც საფრანგეთის მიწაზე თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში, და მის სულში უღონო პატრიოტულ სიცხარესთან ერთად მკვიდრდებოდა ახალი, ძლიერი ინსტიქტი - სიფრთხილის გრძნობა, რომელსაც ახლა ფრანგები იჩენდნენ.

იმავე კუპეში საფრანგეთის დასათვალიერებლად ჩამოსული ორი ინგლისელი ტურისტი იჯდა. ისინი ცნობისმოყვარე და მშვიდი თვალებით იცქირებოდნენ. ორივე ჩასუქებული იყო. ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ზოგჯერ გზის მაჩვენებელში იხედებოდნენ, ხმამაღლა კითხულობდნენ, რათა უნახავი არ დარჩენოდათ არც ერთი ღირშესანიშნავი ადგილი.

მოულოდნელად მატარებელი პატარა ქალაქის საგურზე გაჩერდა, და ერთი პრუსიელი ოფიცერი ვაგონში ამოვიდა. მისმა ხმალმა კიბის საფეხურზე გაიჩხარუნა. ოფიცერი უზარმაზარი იყო. შემოსხლეტილი ფორმის ტანისამოსი ეცვა. ჟღალი ფერის წვერს, რომელსაც თითქოს ცეცხლი ედებოდა, სახე თითქმის სულ დაეფარა. ფერმკრთალი, გრძელი, აწკეპილი ულვაში სახეს ორ ნაწილად უყოფდა.

ინგლისელებმა ღიმილით შეხედეს, ცნობისმოყვარეობით დააკვირდნენ. ბატონ დიუბიუის კი თავის ისე ეჭირა, თითქოს გაზეთს კითხულობსო, ჟანდარმის დანახვით შეშინებული ქურდივით კუთხეში მიიკრუნჩხა.

მატარებელი დაიძრა. ინგლისელები საუბარს განაგრძობდნენ: ბრძოლების ადგილებს დაეძებდნენ. ერთმა ინგლისელმა სოფლისკენ გაიშვირა ხელი. უეცრად პრუსიელმა ოფიცერმა თავის გრძელი ფეხები გაჭიმა, ზურგზე გადაწვა და დამახინჯებული გამოთქმით ფრანგულად თქვა:

- მე თორმეტი ფრანგი მოვკალი ამ სოფელში, ასზე მეტი ტყვედ წამოვიყვანე.

- ჰო! რა ჰქვია ამ სოფელს? - ჰკითხეს ინგლისელებმა.

- ფარსბურგი, - ეს გარყვნილი ფრანგები ყურით წამოვათრიეთ. - მერე ბატონ დიუბიუის სეხედა და ამაყად ჩაიცინა.

მატარებელი მტრის მიერ ოკუპირებულ დაბებზე მიდიოდა, ხედავდნენ გერმანელ ჯარისკაცებს, რომელნიც გზებზე, მინდვრების პირას, სადარაჯოებთან ჩამწკრივებულიყვნენ, ყავახანების წინ საუბრობდნენ. მიწა აფრიკის კალიებივით დაეფარათ. ოფიცერმა ხელი ასწია და თქვა:

- მე რომ სარდალი ვყოფილიყავი, პარიზს ავიღებდი და სულ გადავბუგავდი, ყველას ამოვჟლეტდი. არარ იქნებოდა საფრანგეთი!

ინგლისელებმა ზრდილობისათვის უბრალოდ უპასუხეს:

- პო, დიახ.

ოფიცერმა განაგრძო:

- ოცი წლის შემდეგ მთელი ევროპა, დიახ, მთელი ევროპა, ჩვენი იქნება, პრუსია ყველაზე ძლიერია.

შეშფოთებულმა  ინგლისელებმა არაფერი უპასუხეს. გაქვავებული სახეები ცვლილისფრად მოუჩანდათ გრძელ ქილვაშებში : მაშინ პრუსიელ  ოფიცერს სიცილი აუტყდა. კვლავ ზურგზე გადაწოლილმა დაცინვა დაიწყო. ის მასხრად იგდებდა განადგურებულ საფრანგეთს, შეურაცხყოფას აყენებდა მიწაზე გართხმულ მტერს, დასცინოდა ამ დღეებში დამარცხებულ ავსტრიას, დასცინოდა დეპარტამენტების გააფთრებულსა და უძლიერეს თავდაცვას, მასხრად იგდებდა მოძრავ გვარდიელებს, პარალიზირებულ არტილერიას. ოფიცერმა თქვა, ბისმარკს გადაწყვეტილი აქვს ნადავლი ზარბაზნებით რკინის ქალაქი ააშენესო. და უეცრად თავისი ჩექმები ბატონ დიუბიუის თეძოს მიადო. ყურებამდე გაწითლებულმა ფრანგმა განზე გაიხედა.

ინგლისელები ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდნენ, თითქოს უეცრად თავიანთ კუნძულზე ჩაკეტილი აღმოჩნდნენ, მსოფლიოს ხმაურს დაშორებულნი.

ოფიცერმა ჩიბუხი ამოიღო და ფრანგს მიაჩერდა:

- თამბაქო ხომ არა გაქვთ?

ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა:

- არა, ბატონო.

- გთხოვთ სადგურში ჩახვიდეთ და ტამბაქო იყიდოთ, როცა მატარებელი გაჩერდება, - უთხრა ოფიცერმა და ისევ სიცილს მოჰყვა. - მე თქვენ ფეხის ქირას მოგცემთ.

ორთქმავალმა დაუსტვინა და სვლა შეანელა. სადგურის დამწვარ შენობებს ჩაუარა. მატარებელი გაჩერდა.

გერმანელმა ფანჯარა გააღო და დიუბიუის მკლავზე ხელი მოჰკიდა:

- წადით, ჩემი დავალება შეასრულეთ. სწრაფად, სწრაფად.

სადგური გერმანელთა რაზმს ეკავა. რამდენიმე ჯარისკაცი ხის გისოსს მისდგომოდა. ორთქმავალმა იკივლა. მაშინ უეცრად ბატონი დიუბიუი ბაქანზე ჩამოხტა და მიუხედავად იმისა, რომ სადგურის უფროსი ნებას არ აძლევდა, გვერდით კუპეში შევარდა. ის მარტო იყო. ისე ჩქარა უცემდა გული, რომ ჟილეტი გაიხსნა, ოფლი მოიწმინდა და ძლივს მოითქვა სული.

მატარებელი მეორე სადგურზე გაჩერდა. უეცრად ოფიცერი გამოჩნდა და კუპეში შევიდა. მალე ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ინგლისელებიც გამოჩნდნენ. გერმანელი ფრანგს პირდაპირ დაუჯდა და სიცილით დაუწყო ლაპარაკი:

- თქვენ არ ინებეთ ჩემი დავალების შესრულება.

ბატონმა დიუბიუიმ უპასუხა:

- არა ბატონო.

მატარებელი ის-ის იყო დაიძრა.

- მე თქვენ ულვაშს მოგჭრით ჩემი ჩიბუხის დასატენად, - უთხრა გერმანელმა ოფიცერმა და ხელი ფრანგის სახისაკენ წაიღო. ინგლისელები ამ ამბავს მშვიდად ადევნებდნენ თვალს.

გერმანელმა ფრანგის ულვაშს წაავლო ხელი. მაშინ დიუბიუიმ გერმანელის მკლავს ხელი აჰკრა, საყელოში სტაცა ხელი და სკამზე მიაგდო. სიბრაზისაგან გაცოფებული, საფეთქლებდაბერილი, თვალებდასისხლიანებული ერთ ხელს ყელში უჭერდა, მეორეთი სახეში მუშტებს უშენდა. გერმანელი თავს იცავდა. ცდილობდა, ხმალი ამოეღო, მასზე დაწოლილი ფრანგისთვის ტანზე ხელები შემოეჭდო. მაგრამ ბატონი დიუბიუი თავისი უზარმაზარი მუცლით აწვებოდა და შეუსვენებლად, სულმოუთქმელად ურტყამდა და ურტყამდა, ვერ არჩევდა, მუშტები სად ხვდებოდა. გერმანელს სისხლი სდიოდა, გაგუდული ხიხინებდა, ჩამტვრეული კბილები პირიდან სცვიოდა. ამაოდ ცდილობდა გაშმაგებული ლოხი კაცი მოეშორებინა.

ინგლისელები ამდგარიყვნენ, ახლოს მისულიყვნენ, რათა უკეთ დაენახათ. სიხარულითა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი მზად იყვნენ სანაძლეო დაედოთ, თუ რომელი გაიმარჯვებდა.

და უცბად ბატონი დიუბიუი ასეთი დაძაბვისაგან ძალაგამოლეული წამოდგა და უსიტყვოდ დაჯდა.

პრუსიელი მოწინააღმდეგეს აღარ ეცა, იმდენად იყო დაბნეული, გაოგნებული გაკვირვებისა და ტკივილისაგან. როცა სული მოითქვა, უთხრა:

- თუ არ გსურთ დამბაჩით გავსწორდეთ, მოგკლავთ.

- როცა გნებავთ, მე მზად ვარ, - უპასუხა დიუბიუიმ. გერმანელმა განაგრძო:

აი, ქალაქი სტრასბურგი. სეკუნდანტად ორ ოფიცერს წამოვიყვან. დრო მაქვს, სანამ მატარებელი წავა.

ორთქმავალივით მქშინავმა ბატონმა დიუბიუიმ ინგლისელებს მიმართა:

- გთხოვთ ჩემი სეკუნდანტები იყვეთ.

ორივემ ერთად უპასუხა:

- ჰო, კარგი!

მატარებელი გაჩერდა.

ერთ წუთში გერმანელმა ორი ამხანაგი მონახა, სეკუნდანტებმა ორი დამბაცა მოიტანეს. ყველამ ქალაქია გალავანს მიაშურა.

ინგლისელები სულ საათს დასცქეროდნენ, ფეხს უჩქარებდნენ, გამალებული ემზადებოდნენ დუელისათვის, შეწუხებულნი, მატარებელმა არ გაგვასწროსო.

ბატონ დიუბიუის არასოდეს დამბაჩა არ სჭერია ხელში. იგი მტრისაგან ოც ნაბიჯზე დააყენეს. ჰკითხეს:

- მზად ხართ?

- დიახ! - უპასუხა მან. ამავე დროს დაინახა, როგორ გაშალა ერთმა ინგლისელმა ქოლგა, რათა მზისაგან თავი დაეფარა.

ვიღაცამ განკარგულება გასცა:

- ცეცხლი!

ბატონმა დიუბიუიმ ალალბედზე გაისროლა. უცებ გაოცებულმა ფრანგმა დაინახა, მის წინ მდგომი პრუსიელი შებარბაცდა, ხელი აიქნია და მოცელილივით პირქვე დაემხო. ბატონმა დიუბიუიმ იგი მოჰკლა.

ერთმა ინგლისელმა წამოიძახა „ოჰ“, და ამ წამოძახილში გაისმა სიხარული, დაკმაყოფილებული ცნობისმოყვარეობა და ბედნიერი მოუთმენლობა. მეორემ, რომელსაც ხელიდან საათი არ მოუშორებია, ბატონ დიუბიუის მკლავში ხელი სტაცა და სადგურისაკენ გააქროლა.

პირველი ინგლისელი მტკიცედ ადგამდა ნაბიჯს, ხელები დამუშტული ჰქონდა და ნიდაყვები გვერდებზე მიკრული.

- ერთი, ორი! ერთი, ორი!

და სამივე ჩამწკრივებული გარბოდა, მიუხედავად თავიანთი დიდი ღიპებისა, როგორც სახუმარო ჟურნალში დახატული სამი სასაცილო ადამიანი.

მატარებელი დაიძრა. ისინი ვაგონში შეხტნენ, ინგლისელებმა სამგზავრო ქუდები მოიხადეს, მაღლა აიქნიეს და სამჯერ დაიძახეს:

- ჰიპ, ჰიპ, ჰიპ! ვაშა!

შემდეგ ინგლისელებმა - ჯერ ერთმა, მერე მეორემ ბატონ დიუბიუის ხელი ჩამოართვეს და თავიანთ ადგილზე ერთმანეთის გვერდით დასხდნენ.

0

ავტორი: