13:22:39     03-11-2022
როგორ მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში? – ექიმი არჩილ მარჩანია დეტალურ რეკომენდაციებს გასცემს
პირველადი დახმარების ცენტრი ექიმ არჩილ მარშანიას რეკომენდაციებს ავრცელებს იმ შემთხვევაში თუ მოხდა ბირთვული აფეთქება და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს:
ბირთვული აფეთქება
გასაგები მიზეზების გამო, ბოლო ხანებში მოხშირდა ბირთვულ საფრთხეებზე საუბარი. უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს თუმცა, ვისაც გაინტერესებთ, გაგაცნობთ რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICRP) რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ბირთვული აფეთქების შემთხვევაში:
აფეთქებიდან პირველი 10 წთ:
არ დარჩეთ გარეთ ან ავტომობილში.
ყველაზე უსაფრთხო ადგილი თავის შესაფარებლად არის დახურულ შენობაში შესვლა;
შენობაში უნდა გადაინაცვლოთ ცენტრალურ ნაწილში (კედლებიდან და ფანჯრებიდან მაქსიმალურად მოშორებით), საუკეთესო შემთხვევაში კი სარდაფში.
მიწისქვეშა პარკინგები და მეტროც კარგი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს.
თუ იმყოფებით ავტომობილში და ახლომახლო შენობა არ არის, გადადით გზიდან უსაფრთხოდ, ამოეფარეთ გზის შემაღლებულ ნაწილს ან შედით ხიდის/გადასასვლელი გზის ქვეშ.
აფეთქებიდან პირველი 24 სთ:
თუ ფიქრობთ, რომ რადიაციულ ნარჩენებთან გქონდათ შეხება, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა მოიშოროთ, თუ გყავთ შინაური ცხოველები და ფიქრობთ, რომ მათაც ჰქონდათ შეხება, მათი გასუფთავება უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში.
გასუფთავების (დეკონტამინაციის) დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე:
1 - https://www.cdc.gov/.../infographics/decontamination.html
2 - https://www.youtube.com/watch?v=X8988d1zgDk
ჩართეთ საინფორმაციო წყარო, ტელევიზია/რადიო და მოისმინეთ ინფორმაცია.
ინსტრუქცია მიიღეთ მხოლოდ ოფიციალური(!) წყაროებისგან - საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადების კონტროლის ცენტრი, შსს და ა.შ. - და მიჰყევით მათ.
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ევაკუაცია და გადაადგილება თვითნებურად, ნუ მოუსმენთ სხვადასხვა არაოფიციალურ პირებს თუ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს, დარჩით დაცულ ადგილას 12 - 24 საათის განმავლობაში და არ დატოვოთ შენობა, თუ გადაუდებელი სასიცოცხლო საფრთხე არ გემუქრებათ.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული აფეთქება:
ძლიერი ნათება - რომელსაც შეუძლია მხედველობის დროებითი გაუარესება შესაძლოა იყოს ბირთვული აფეთქების მანიშნებელი და შესაძლოა განვითარდეს აფეთქების ადგილიდან 10 კმ მოშორებით;
სითბური დარტყმა - მოსდევს ძლიერ ნათებას. მაღალი ტემპერატურის აირების გამოდევნა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალების დაზიანება, სხვადასხვა ნივთების აალება, შესაძლოა გავრცელდეს აფეთქების ადგლიდან რამდენიმე კმ-ში;
დარტყმითი ტალღა - აზიანებს ახლომდებარე შენობებს და შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა ფრაგმენტების გავრცელება, აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრში;
პირველადი რადიაცია - აფეთქებიდან რამდენიმე კმ-ში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება და სიკვდილიც კი;
ნარჩენი რადიაცია - აფეთქების შემდეგ, რადიაციული ნარჩენები ერევა მტვერს, ხდება მისი ატმოსფეროში გაფანტვა და შემდეგ მისი უკან, მიწისკენ დაბრუნება, რასაც დაახლებით 10 წთ (ან მეტი) სჭირდება.
ნარჩენი რადიაცია ყველაზე საშიშია აფეთქებიდან 10 კმ-ს რადიუსში და პირველ რამდენიმე საათში;
ელექტრომაგნიტური ტალღა - დამატებითი ზიანი შეიძლება განვითარდეს ტელეკომუნიკაციების დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ინფორმაციის მიღებისთვის ვეცადოთ თვალყური ვადევნოთ და გამოვიყენოთ ყველანაირი წყარო, ტელევიზია, ინტერნეტი, რადიო FM/AM
როგორ შეიძლება მოვემზადოთ წინასწარ:
წინასწარ განსაზღვრეთ თავშესაფრის ადგილმდებარეობა (შენობის ცენტრალური ნაწილი/სარდაფი), იქნება ეს თქვენი სახლი, მეტრო, დიდი შენობები თუ სხვა;
გქონდეთ პირველადი საჭიროების ნივთები - ფანარი, ელემენტები, სამედიცინო ჩანთა, ნიღბები, ტანსაცმელი, საკვები, წყალი (დეტალური სიის ერთ-ერთი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.ready.gov/kit );
გაიარეთ პირველადი დახმარების ტრენინგები ორ წელიწადში ერთხელ;
არ იქნება ურიგო წინასწარ შემუშავებული გეგმის ქონაც, რომელსაც შეუთანხმებთ თქვენი ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს.
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი, უბრალოდ წინასწარი მზაობა და ცოდნა ყოველთვის კარგი იდეაა.
ჯანმრთელობას გისურვებთ