13:32:46     27-10-2022
თბილისში შინ მარტო მყოფი 10 წლის ბავშვისთვის დაშინებით კარის გაღების მცდელობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს
თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს" - წერია განცხადებაში