20:01:18     13-10-2022
"მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო..." – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველები იხსენებენ
ჟურნალისტი ნანა აკობიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში წერს:
"
„იცით, ხო - ბავშვი მოკვდა დღეს ვაკის პარკში.
ბავშვები ვიყავით სკოლიდან გასულები დასვენებაზე. უკვე მკვდარი იყო.“
ჩემი შვილი ამბობს. სკოლიდან დაბრუნდა - ისევ ვაკის პარკზე გადმოიარა. ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრულ ადგილზე.
მოვიდა და ჰყვება სხვა ბავშვის სიკვდილის ამბავს - შემზარავად მშვიდი ხმით.
15 წლისაა და შეჩვეულია უკვე არაიშვიათ სიკვდილებს და ტრაგიკულ შემთხვევებს. თვალიც შეაჩვია, ყურიც და ემოციებსაც მართავს - ჩემზე უკეთესად.
ჩემი სიძე კი, რომელიც ვაკის პარკში მუშაობს და იმ საბედისწერო წუთებამდე კარუსელებზე აკატავა ეს ულამაზესი გოგო სხვა ბავშვებთან ერთად, ამ დრომდე ტირის დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად: ისეთი ლამაზი იყო, წყლიდან რომ ამოიყვანეს - ანგელოზს ჰგავდაო. მამა მოვარდა სახლის ტანსაცმლით - „სუნთქავს, სუნთქავს“ - ჯიუტად იძახდაო...
და ჰო - ჯერ ბიჭი გადამხტარა შადრევნიდან ბურთის ამოსაღებად. იმ ბიჭის საშველად გადამხტარა ეს ანგელოზი გოგო, მეორე ბიჭთან ერთად.
...საშიშად შეეჩვივნენ ჩვენი შვილები სიკვდილებს და საფრთხეებს.
ჩვენ ვერ - მაგრამ რა მერე? რას ვაკეთებთ, ტირილის და მოთქმის გარდა?
ვერაფერს. იმიტომ, რომ მხოლოდ ტირილი გამოგვდის კარგად", – წერს ჟურნალისტი.