10:57:34     23-09-2022
"ავტობუსების დამატება პრობლემას ვერ გადაჭრის" – კახა კალაძე
თბილისში არსებული სატრანსპორტო კოლაფსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტებისადმი გაზრდილი მოთხოვნის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ დამატებითი ავტობუსების დანიშვნა არსებულ პრობლემას ვერ გადაჭრის:
"საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ იქნებ დამატებითი ავტობუსები დაინიშნოს. გულწრფელად ვეუბნები ადამიანებს, რომ ეს ვერ გადაჭრის ამ პრობლემას. სანამ ეს სამუშაოები არ დასრულდება, ინფრასტრუქტურული პროექტების, დამატებით ავტობუსების დამატება კონკრეტულ ხაზებზე, კიდევ დამატებით პრობლემებს შექმნის. იმიტომ რომ საცობში თუ დღეს მანქანები და 2 ავტობუსი დგას, იქნება 4 ავტობუსი საცობში.
პრობლემა არის ის, რომ არსებული საავტობუსე პარკი ვერ ახდენს იმ ბრუნების გაკეთებას საცობების გამო, რომელიც მათ აქვთ მითითებული მთელი დღის განმავლობაში. გუშინ, მაგალითად 1300 ბრუნი ვერ შეასრულა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ეს იმას ნიშნავს რომ 70 000 მგზავრის გადაყვანა ვერ მოხერხდა.
ეს გამოწვეულია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით და იმით, რომ ქალაქში გვაქვს 20 კონკრეტული ადგილი, რომელიც არის პრობლემური, გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, აქ საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები. გვაქვს ეს პროექტები და მზად ვართ გასაკეთებლად. თანმიმდევრულად მივყვებით. გარკვეული დისკომფორტი არის, ბოდიში ამ დისკომფორტისთვის, მაგრამ, სხვანაირად შეუძლებელია საქმის კეთება და არსებული პრობლემების გამოსწორება, - ამბობს კალაძე.