11:34:11     27-08-2011
გაეროს სანქციები რუსეთს მილიარდებს აკარგვინებს
მსოფლიოში მიმდინარე დინამიური პოლიტიკური პროცესების გამო, გაერომ ზოგიერთი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებაზე სანქციები დააწესა. რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლოში, კონტრაქტის დარღვევის გამო, სარჩელი შეიტანა. ირანის გაღიზიანების მიზეზი, რუსეთის მიერ C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე უარის თქმა გახლდათ. მსგავსი ქმედების შესახებ ირანი 2010 წლის სექტემბრიდან იმუქრებოდა.
ამ ორ სახელმწიფოს შორის კონტრაქტი, რომელიც С-300ПМУ-1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ხუთი დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებდა, 2007 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენდა. დიდი ხნის განმავლობაში, ირანისთვის შეკვეთილი კომპლექსების მიწოდება ტექნიკური მიზეზების გამო ფერხდებოდა. ამასობაში კი, 2010 წლის ივნისში, გაერომ ირანს შეიარაღების იმპორტზე სანქციები დაუწესა. ამ რეზოლუციით ირანისთვის ნებისმიერი ტიპისა და სახეობის შეიარაღების მიწოდება აიკრძალა. რუსეთიც იძულებული იყო დათანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას.
სასამართლოში შეტანილი სარჩელის საპასუხოდ, 26 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა განაცხადა, ირანთან დადებული ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად (აღსანიშნავია რომ მანამდე რუსეთმა უკვე მიჰყიდა ირანს Тор-М1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რამაც ვაშინგტონი ძლიერ გაღიზიანა), დაწესებული სანქციების გამო, მისი ხორცშესხმა შეუძლებელია. მაგრამ ირანული დიპლომატების მტკიცებით, C-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები არ შედის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. შესაბამისად, რუსეთი ხელშეკრულებას მიზანმიმართულად არ ასრულებსო.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 22 სექტემბერს, რუსეთის პერზიდენტმა მედვედევმა თავად მოაწერა ხელი ირანისთვის საზენიტო სისტემებისა და სხვა ნებისმიერი თანამედროვე შეიარაღების მიწოდების აკრძალვაზე. კონტრაქტის შესაძლო შესრულებას, მოსკოვი მხოლოდ სანქციების გაუქმების შემდეგ დაუბრუნდება.
არადა ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მოსკოვი გაეროს სანქციების გამო მილიონებს და მილიარდებს კარგავს. 20 ივნისს "როსობორონექსპორტის" დირექტორის, ანატოლი ისაკინის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ გაეროს მიერ ლიბიის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა საერთო ჯამში 2 მილიარდ დოლარად შეფასებული სამხედრო კონტრაქტები დაკარგა. მართალია რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს არც ისე დიდი დანაკარგია. თუმცა რეალურად, რომ შევხედოთ საკითხს ეს "როსობორონექსპორტის" 2009 წლის შემოსავლის დაახლოებით 15-17 %-ია. ეს კი არც ისე მცირე ფულია. ამავე დროს, 2011 წლის მარტში, "როსტექნოლოგიის" ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის განცხადებით, გაერომ სანქციებმა რუსეთს 4 მილიარდი დოლარი დააკარგინა. ამ შემთხვევაში, ჩემეზოვი, სავარაუდოდ, მომავალ კონტრაქტებსაც გულისხმობდა.
რა კონტრაქტები გაუქმდა გაეროს სანციებით ლიბიასა და რუსეთს შორის, არ დასახელებულა. სავარაუდოდ, საუბარია 2010 წლის 29 იანვარს მოსკოვსა და ტრიპოლს შორის გაფორმებული 1.3 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებაზე. ის ლიბიისთვის Як-130-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავის, სხვადასხვა ჯავშანტექნიკის და ასევე, მანამდე შეძენილი საბჭოური წარმოების ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდებას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა განიხილებოდა ლიბიისთვის საავიაციო ტექნიკისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდების შესაძლებლობაც. ამ გარიგების ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს აღწევდა. სავსებით რეალური იყო, რომ ლიბია ახალი რუსული Су-35-ის ტიპის გამანადგურებლის პირველი ექსპორტიორი ყოფილიყო. სანქციების შემოღებამდე "როსობორონექსპორტი" ამზადებდა კონტრაქტს 12-დან 15-მდე თვითმფრინავის მიწოდებაზე, საერთო ღირებულებით 800 მილიონი დოლარი.
კადაფის ხელისუფლებას, რუსულ იარაღზე ჰქონდა თვალი დადგმული. დამატებით, 1 მილიარდის გადახდას ლიბია Ка-52-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენებში, 40 ერთეულ Панцирь-С1-ისა და С-300ПМУ-2-ის ტიპის (ორი დივიზიონი) საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებში, Т-90С-ის ტიპის ტანკებში, "გრადის" ტიპის დანადგარებსა და დიზელ-ელექტრულ წყალქვეშა ნავებში აპირებდა.
როგორც ჩანს, რუსეთს, თვალსა და ხელს შუა, ხელიდან არაერთი მილიარდი დაუსხლტდა. სხვათა შორის, 2008 წელს, რუსეთი ალჟირთან სოლიდურ სკანდალში გაეხვა. აფრიკის ამ ქვეყანამ მოსკოვისგან, МиГ-29СМТ-ის ტიპის გამანადგურებლები 15 ერთეულის ოდენობით შეიძინა. ცოტა ხანში კი, აფრიკელებმა ერთი ამბავი ატეხეს - რუსებმა თვითმფრინავებზე ძველი ნაწილები დააყენეს და ისე მოგვყიდესო. მართალია პრეტენზიები ალჟირელებმა მხოლოდ თვითმფრინავების ჩაბარებიდან ნახევარი წლის შემდეგ წამოაყენეს, მაგრამ რუსეთი იძულებული იყო, გამანადგურებლები უკან დაებრუნებინა. შემდგომ კი, საექსპორტოდ განკუთვნილი თხუთმეტივე "მიგი" საკუთარი შეიაღარებული ძალებისთვის იყიდა.
0