თვითმფრინავი A-50 თვითმფრინავი A-50 />


  11:12:43     27-08-2011

თვითმფრინავი A-50

a9398.jpg

1973 წელს, საბჭოთა კავშირში შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის ახალ თვითმფრინავ A-50-ზე დაიწყეს მუშაობა. თანხების დაზოგვის მიზნით გადაწყდა, რომ ახალი მფრინავი რადარი უკვე რამდენიმეწლიან ექსპლუატაციაში მყოფ სამხედრო-სატრანსპორტო ИЛ-76МД-ს ბაზაზე შექმნილიყო. სერიულ სატრანსპორტო თვითმფრინავების ვარიანტ A-50-ში გადაკეთება და პირველი პროტოტიპის შექმნა ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკურ კომპლექსს დაევალა, რომელსაც გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) ხელმძღვანელობდა.

A-50-ის პირველი პროტოტიპი ჰაერში 1978 წელის 19 დეკემბერს აფრინდა, რადიოლოკაციური კომპლექსის სრული კომპლექტით 16 აგვისტოს. თვითმფრინავზე დაყენებულია Шмель-ის ტიპის რადარი, რომელიც ფიუზელაჟის თავზე, ცენტროპლანის უკან მბრუნავ გარსშემომდენში(დიამეტრი 10.5მ, სიმაღლე 2მ), ორ პილონზეა განთავსებული.

რადარი სანტიმეტრულ დიაპაზონში მუშაობს და დაბალ სიმაღლეზე მფრენი გამანადგურებელი კლასის თვითმფრინავების აღმოჩენა 400კმ დისტანციაზე შეუძლია, დიდ სიმაღლეზე კი 600კმ-ზე. თუმცა, ერთდროულად, მხოლოდ 50-60 სამიზნის დაცილება შეუძლია (მოდიფიცირებულ ვარიანტში-150). თვითმფრინავის რადიოტექნიკური კომპლექსი 20 ტონას იწონის, ეკიპაჟი 15 კაცისგან შედგება, საიდანაც 10 - რადარის ოპერატორია.

1984 წელს, გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ, თვითმფრინავი სერიულ წარმოებაში ტაშკენტის საავიაციო ქარხანაში ჩაუშვეს, შეიარაღებაში კი 1989 წელს მიიღეს. დაახლოებით 40 თვითმფრინავი აიგო, საიდანაც 19 დღეს რუსეთის შეიარაღებაშია. რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთმა ერთი თვითმფრინავი მოზდოკში გადმოისროლა და ომის დროს საქართველოს საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად იყენებდა.

ერთი თვითმფრინავი ერაყის შეკვეთის შესაბამისად გადაკეთდა და მასზე Thompson-CSF Tiger G-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგური დამონტაჟდა(მოდიფიკაცია Adnan 1). 1999 წელს, ინდოეთმაც გადაწყვიტა რუსული AWACS-ების შესყიდვა და თვითმფრინავის მოდერნიზაცია საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად მოითხოვა. A-50ЭИ-ზე ახალი ПС-90А-76 ტიპის ძრავები და ებრაული კომპანია Elta-ს იმპულსურ-დოპლერული რადარი EL/M-2075 დაყენდა.

საბაზო ვარიანტისგან განსხვავებით, მასზე გარსშემომდენი უძრავია. დღეს, ინდოეთს ერთი A-50ЭИ ჰყავს, კიდევ 6 თვითმფრინავი შეკვეთილია. ჩინეთსაც სურდა აღნიშნული მოდიფიკაციის თვითმფრინავის შეძენა და რამდენიმე თვითმფრინავიც შეუკვეთა, მაგრამ ამერიკული მხარის ზეწოლის შედეგად, ებრაულმა ფირმამ უარი განაცხადა ჩინეთთან თანამშრომლობაზე. ამის შემდეგ, ჩინეთმა საკუთარი ძალებით და ებრაულ-რუსული გამოცდილების გათვალისწინებით გააგრძელა პროექტზე მუშაობა. თვითმფრინავზე დამონტაჟდა ფირმა Nanjing Electronic Technology Research Institute-ის იმპულსურ-დოპლერული რადარი, რომლის მახასიათებლები თითქმის იდენტურიაA-50ЭИ-ზე დამონტაჟებული რადარისა. თვითმფრინავმა, რომელსაც KJ-2000 ეწოდა, პირველი გაფრენა 2003 წლის მარტში შეასრულა.

army.ge

0

ავტორი: