რუსეთი უკრაინული “ოცნებით” დაინტერესდა რუსეთი უკრაინული “ოცნებით” დაინტერესდა />


  23:58:54     26-08-2011

რუსეთი უკრაინული “ოცნებით” დაინტერესდა

a9386.jpg

რამდენიმე დღის წინ დასრულებულ, მოსკოვის საერთაშორისო ავიასალონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინულ მხარეს Ан-225-ის მეორე ეგზემპლარის დასრულების შესაძლებლობის ვარიანტის განხილვისთვის მიმართა. როგორც ჩანს რუსებმა უკრაინულ “მრიას” (ქართულად ეს სიტყვა "ოცნებას" ნიშნავს) სერიოზულად დაადგეს თვალი.

პირველად აღნიშნული წინადადება, აპრილში უკრაინაში ვიზიტისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა და შესაბამისი წინადადებით “ანტონოვის” ფირმის ხელმძღვანელობას მიმართა. ამჟამად, არსებული ერთადერთი “მრია” სწორედ ამ ფირმის ავიაკომპანიას ეკუთვნის. მეორე დაუსრულებელი ეგზემპლარი კი, კიევის საავიაციო ქარხანაში ინახება. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ თვითმფრინავის შეძენა არ არის გათვალისწინებული რუსეთის გადაიარაღების სახელმწიფო პროგრამაში.

თავად თვითმფრინავი გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. 1976-ში საბჭოთა კავშირმა მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსურ სისტემა Энергия-Буран-ზე დაიწყო მუშაობა. გეგმით ორბიტული ხომალდის და რაკეტის ძირითადი აგრეგატების აწყობა, ბაიკონურის კოსმოდრომზე უნდა მომხდარიყო. შესაბამისად საჭირო იყო ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დიდი დეტალების გადატანას უპრობლემოდ შეძლებდა. მარტივ მიზეზთა გამო საავტომობილი და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენება შეუძლებელი იყო. ამიტომ, ანტონოვის საკონსტუქტორო ბიუროს ახალი სატრანსპორტო თვითმფირნავის შექმნა დაევალა.

დროის ეკონომიის მიზნით, მისი შექმნა არსებული Ан-124 Руслан-ის ბაზაზე გადაწყდა. ფიუზელაჟი სიგრძეში დააგრძელეს. ცენტროპლანის თავზე კი მსხივლგაბარიტული ტვირთების სამაგრი წერტილები დააყენეს. ახალ თვითმფრინავს 32 თვალი გააჩნია _ 2 წინა და 28 ძირითად საყრდენებზე.

Ан-225 პირველად, 1988 წლის 21 დეკემბერს აფრინდა და დღემდე ის მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმფრინავად რჩება. მისი სიგრძე 84 მ-ს, ფრთის გაქანი 88.4 მ-ს, შეადგენს. ცარიელი თვითმფრინავი 250000 კგ-ს იწონის, მაქსიმალური ასაფრენი კი _ 600000 კგ-ს აღწევს. მხოლოდ საწვავის სახით, მას 300000 კგ ნავთი მიაქვს. ძალური დანადგარიც Руслан-ის ანალოგიურია თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას ექვსი ძრავა გააჩნია. რაც შეეხება სასარგებლო დატვირთვას, “ოცნებას” 250000 კგ-ის წაღება შეუძლია.

1989 წლის 22 მარტს, თვითმფრინავმა რეკორდების დამყარება დაიწყო. მაშინ ყველაზე დიდი ასაფრენი მასა, ამერიკულ Bოეინგ 747-400-ს გააჩნდა. მაგრამ Ан-225-მა მისი მაჩვენებელი 104 ტ-ით გადაფარა და მხოლოდ ერთი ფრენისას 100-ზე მეტი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მაგრამ საბჭოთა “ოცნების” მიზანს, არა მარტო რეკორდების დამყარება წამოადგენდა. 1989 წლის 3 მაისს, თვითმფრინავი მის ზურგზე დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული ხომალდ “ბურანით”, პირველად აფრინდა ჰაერში. მალე კომპლექსმა, 2700 კმ-იან მარშრუტზე ბაიკონური-კიევი უდაჯდომო ფენა შეასრულა. კომპლექსის ასაფრენმა მასამ, 560 ტ შეადგინდა. ნამდვილ მსოფლიო სენსაციად იქცა კომპლექსის ვიზიტი ლე ბურჟეში, 38-ე საერთაშორისო ავიასალონზე. ყველა გამოფენაზე Ан-225-ი ყურადღების ცენტრში იქცეოდა. საცდელი ფრენების გარდა თვითმფრინავი, კომერციულ რეისებსაც ასრულებდა. 1990 წლის მაისში, მან იაკუტიაში 110 ტ-იანი ტრაქტორი ჩაიტანა.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტამდე, მთლიანობაში ანტონოვის გიგანტზე 113 საცდელი ფრენა შესრულდა. აქედან 14 ზურგზე დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული `ბურანით~ განხორციელდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ, კოსმოსურ პროგრამას ძლიერი დარტმა მიაყენა.

ფინანსირების მკვეთრი შემცირების გამო, 1994 წელს პროგრამა Энергия-Буран დაიხურა. უნიკალური თვითმფრინავი კი სამუშაოს გარეშე დარჩა. 1994 წლის აპრილამდე, კომერციული გადაზიდვების ჩათვლით, თვითმფრინავმა 339 გაფრენა შეასრულა. შვიდი წლის განმავლობაში, თვითმფრინავი მიწაზე უპატრონოდ იდგა. რუსეთში წარმოქმნილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, “ოცნებისთვის” აღარავის არ ეცალა. საბოლოოდ, თვითმფრინავი ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიურომ დაიბრუნა და აქტიურად დაიწყო მუშაობა მისი სერტიფიცირებისთვის. თვითმფრინავის გამოყენება კომერციული გადაზიდვებისთვის იგეგმებოდა. 2001 წლის 7 მაისს, თვითმფრინავი შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, პირველად აფრინდა ჰაერში.

დღეისთვის, თვითმფრინავი მთელს მსოფლიოში დაფრინავს და სხვადასხვა სახის ტვირთები გადააქვს. 2009 წლის აგვისტოში, ის ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი მონო-ტვირთის გადატანისთვის, კიდევ ერთხელ შევიდა გინესის წიგნში _ მან ფრანქფურტიდან ერევანში 187.6 ტ-იანი გენერატორი ჩაიტანა.

მაშინ პირველთან ერთად, თვითმფრინავის მეორე ეგზემპლარის მშენებლობაც დაიწყო. მაგრამ პროცესის დასრულება ვერ მოხერხდა. არსებული ცნობებით, დღეს მეორე თვითმფრინავი 60-70 %-ით დასრულებულია. მისი საფრენოსნო მდგომარეობამდე მისაყვანად დაახლოებით 100 მილიონი დოლარია საჭირო, საიდანაც 25 მილიონი ძრავების შესყიდვას სჭირდება. “ოცნებაზე” Д-18Т-ს ტიპის ძრავების კატალოგური ფასი დაახლოებით 4.5 მილიონ დოლარს შეადგენს. თვითმფრინავს კი, ექვსი ასეთი ძრავა სჭირდება.

მეტისმეტად დიდი ღირებულება იმითაც აიხსნება, რომ სერიულად თვითმფრინავი არასდროს იწარმოებოდა. შესაბამისად, ყველა დეტალის დამზადება პრაქტიკულად ხელით მოხდება. შესაბამისი აღჭურვილობის არარსებობის გამო. მაგრამ საინტერესოა ის, რისთვის სჭირდება რუსეთს უკრაინული “ოცნება”. დღეს, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციაში, 140 Ан-12, ექვსი Ан-22, 76 Ан-26, 39 Ан-72, 175 Ил-76 და 25 Ан-124 “რუსლანი” ირიცხება. ამ უკასნკნელების ტვირთამწეობა 120 ტონაა, მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი მათი გამოყენება იშვიათად ხდებოდა.

“რუსლანების” საექსპლუატაციო რესურსი, 2014-2024 წლებში იწურება, რის შემდეგაც, მათ შეცვლა დასჭირდებათ. ამჟამად, მათი სერიული წარმოება რუსეთში შეჩერებულია. ამ პროცესის აღდგენა, 2015 წლისთვის იგეგმება.

სხვათა შორის, 1990-იანებში “რუსლანების” წარმოების შეწყვეტა, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენების კონცეფციის არარსებობის გამო მოხდა. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა რომ ამგვარი კონცეფცია “ოცნებისთვის” არსებობდეს. ეს ორი თვითმფრინავი, საკმაოდ უნიფიცირებულია, შესაბამისად, მათი ექსპლუატაცია სიძნელეებს არ წარმოქმნის. კითხვას მხოლოდ ის ბადებს, რა უნდა ატარონ რუსმა სამხედროებმა თვითმფრინავით, რომელსაც ბორტზე 250000 კგ-ის მიღება შეუძლია.

0

ავტორი: