რუსეთი ვენესუელას, იარაღის შესაძენად, ოთხ მილიარდ დოლარს აძლევს რუსეთი ვენესუელას, იარაღის შესაძენად, ოთხ მილიარდ დოლარს აძლევს />


  23:16:57     26-08-2011

რუსეთი ვენესუელას, იარაღის შესაძენად, ოთხ მილიარდ დოლარს აძლევს

a9385.jpg

რუსეთი და ვენესუელა, უახლოეს პერიოდში, ერთობლივ ბანკს შექმნიან. „წარმომადგენლობითი ოფისი უკვე გაიხსნა მოსკოვში და სულ მალე კარაკასსა და პეკინშიც გაიხსნება“, წერს „კომერსანტი“. მხარეები დეტალებზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და პრეზიდენტ უგო ჩავესის შეხვედრისას შეთანხმდნენ.

ბანკის პირველი პროექტი, კარაკასისათვის ოთხმილიარდიანი კრედიტის გაცემა იქნება, რომელსაც ვენესუელა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოიყენებს. თანხა დაიხარჯება, ასევე, თავდაცვითი სისტემების კომპლექსის შექმნაში, რომელშიც გაერთიანდება საზღვაო, საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.

ჩავესის განცხადებით, ასეთი სისტემა ვენესუელისათვის აუცილებელია, რათა ლიბიისა და მისი ლიდერის, მუამარ კადაფის ბედი არ გაიზიარონ. იარაღის შეძენის ზუსტი გეგმა ცნობილი არ არის, თუმცა სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრის ანალიზის მიხედვით, ვენესუელას შეკვეთა რუსულ შეიარაღებაზე, საერთო ჯამში, 6–7 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

მოსკოვმა კარაკასს ოთხი მილიარდი დოლარის საექსპორტო კრედიტზე, 2010 წლის ოქტომბერში განუცხადა თანხმობა, რომელიც ვენესუელას Т-72–ების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და საზენიტო–სარაკეტო სისტემების შესაძენად სჭირდებოდა.

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ეს თანხა იქნება გადარიცხული მოსკოვის მიერ კარაკასისათვის ერთობლივი ბანკის საშუალებით. 2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ ერთხელ უკვე მიიღო 2.2 მილიარდ დოლარიანი კრედიტი რუსეთისგან.

„კომერსანტის“ ცნობით, ერთობლივი ბანკის ფუნქცია არა მხოლოდ კრედიტების გაცემა, არამედ სხვა, ორმხრივი პროექტების დაფინანსებაც იქნება. ამასთანავე, ორგანიზაცია, შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მცირე ალტერნატივა გახდეს.

ასეთი დასკვნა გამოცემას ჩავესის მიერ პეკინში ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის თაობაზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოაქვს, რაც ამ ყველაფერში ჩინეთის ჩართვასაც გულისხმობს.

ერთობლივი საფინანსო ორგანიზაციის შექმნაზე საუბარი რუსეთსა და ვენესუელას შორის, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. 2008 წლის ნოემბერში, მხარეებმა ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მემორანდუმი გააფორმეს.

ახალი საფინანსო ორგანიზაცია რუსული „Еврофинанс Моснарбанк“–ის ბაზაზე იქმნება. ვენესუელას მხრიდან, აქციონერები სახელმწიფო ბანკი და ვენესუელას სანავთობო კომპანია იქნებიან. მოსკოვის გულუხვობის საპასუხოდ, უგო ჩავესი, ბანკისათვის, ვენესუელას სანავთობო კომპანია PDVSA–ს ნაწილის გადაცემას აპირებს. აქციების პაკეტი, სავარაუდოდ ასე გადანაწილდება – რუსეთი–51%, ვენესუელა–49%.

როგორც ვხედავთ, რუსეთმა არაჩვეულებრივად დაუფასა ვენესუელას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ასეთი გულუხვობით, სხვა ლათინოამერიკული ქვეყნების „შებმასაც“ ცდილობს.

0

ავტორი: