11:08:04     25-08-2011
მიხეილ ყაზბეგის „საყვარლის განშორებაზედ მწუხარება“
დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის მამის, მიხეილ ყაზბეგის ლექსს: „საყვარლის განშორებაზედ მწუხარება“.
მიხეილ გაბრიელის ძე ყაზბეგი დაბადებული უნდა იყოს 1801-1805 წლებში. ყაზბეგების წინაპრების გვარი იყო ჩოფიკაშვილი. მიხეილის მამა, გაბრიელი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ხევის მოურავი იყო. შემდეგ რუსული მმართველობისგან მაიორის ჩინი მიიღო და აზნაურობაც უბოძეს. ხევის გამგებელადაც დაუნიშნავთ.
მამის მერე ეს თანამდებობა გაბრიელის უფროსმა ვაჟმა, მიხეილმა მიიღო. მიხეილ ყაზბეგს პირველი ცოლი, საგინაშვილის ქალი, მალე გარდაეცვალა. შემდეგ ელისაბედ თარხნიშვილზე იქორწინა.
მართალია, მკაცრი და ახირებული კაცი ყოფილა, მაგრამ მიხეილს გაგიჟებით უყვარდა თავისი ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე, მომავალი, ერთ-ერთი, სიამაყე ქართული ლიტერატურისა. ხშირად ამბობდა თურმე: „ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება ისე იცხოვროსო.“
თავიდან ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. 1866 წელს მიხეილ ყაზბეგი გარდაიცვალა. ალექსანდრე ყაზბეგი წერდა: „უბედურება მოჰყვა უბედურებას და შუა ზაფხულში გარდაიცვალა მამა ჩემი! გარდაიცვალა იმ დროს, როდესაც შინ ერთი გროში არა გვქონდა, გარდა იმ ათის თუმნისა, რომელიც მე ჩავუტანე იმ უბედურს სიკვდილის წინა დღით და რომელიც იყო ნაყოფი პირველი ჩემის ოფლისა“.
მიხეილ ყაზბეგი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი განათლება არ ჰქონდა, ნიჭიერი ადამიანი ყოფილა. წინამდებარე ლექსი დაწერილია 1843 წელს. გამოუქვეყნებიათ ცისკარში 1859 წელს.
ლექსებს წერდა მიხეილ ყაზბეგის მეუღლე, ესტატე თარხნიშვილის ასული ელისაბედიც, დიდი ალექსანდრე ყაზბეგის დედა.
წინამდებარე ლექსი თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან წარმოგვიდგენს მიხეილ ყაზბეგის შინაგან სამყაროს, მის პოეტურ დამოკიდებულებას სიყვარულისადმი, მის ნიჭიერებას.
საყვარლის განშორებაზედ მწუხარება
კმაყოფის გზანი დავკარგე, ვერა ვპოვე სად არია
ედემად ზრდილო, მოგშორდი, ვინ მყავს შენი სადარია,
კვალად გვედრი არ გამწირო, ჩემთვის ცა ჰყო სადარია,
ესე დღე ჩემდა ვაებად სიკვდილის დასადარია.
ყოველივე უბედობა ჩემზედ მოხდა მტრის ენითა,
შემიპყრა გაყრის სევდამან მოულოდნელის სენითა,
რით განვიქარვო ჭმუნვანი მე, თუ არ ისევ შენითა,
ვეძებ მკურნალად შენსავე სად სამყოფი სადარია.
თუმცა ვპოვე, ჰოი, სიცოცხლევ, სად მცირე ჟამს იბანაკე,
ოხვრა, სულთქმით ღამე გზანი, გარმოვლინე მინდორ-ვაკე,
ერთსა წამსა მასულდგმულე, მეძვირფასე, მომებაკე,
გარნა, ვაი! მყისვე მუნით სად გაფრინდი, სად არია.
თვით ვიმოწმებ ამა თქმაზედ ყოვლი გრძნობა შენ გემონა,
ერთგულს მოტრფეს შენცა გეტრფი, მაგრამ ესრეთ არ მეგონა,
წახველ, სული თან წამოგყვა, გული სრულად დამეღონა,
არ დამტევე საყნოსელად სად ვარდი და სად არ ია.
ჰოი! სიცოცხლისა ნუგეშავ! მიბრძანე, რა ვყო უშენოთ,
გული გამექცა, შენთან არს, გთხოვ მას წალკოტი უშენოთ,
შენ მოგაბარებ საბრალოს, ტყვესა უებარს უშენოთ,
გეაჯები შენსა ნაცვლად, სად მუშთარი სადარია.
ჩყმგ წელსა აპრილის ა დღესა
ს. სტეფან-წმინდას.
(„ცისკარი“, 1859 წ., # 7)
---
მუშთარი - პლანეტა იუპიტერი.
0