ირანი რუსეთს სასამართლოში უჩივის ირანი რუსეთს სასამართლოში უჩივის />


  00:52:38     25-08-2011

ირანი რუსეთს სასამართლოში უჩივის

a9303.jpg

ირანმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი, რუსეთის მიერ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების, С-300–ის ირანში განთავსებაზე უარის თქმა გახდა. ის რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ირანი რუსეთს უჩივლებდა, გასული წლის სექტემბერშივე გახდა ცნობილი.

რუსეთსა და ირანს შორის კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთს, ირანისათვის დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების 5 დივიზიონი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-300-ПМУ1 უნდა გადაეცა, ჯერ კიდევ 2007 წელს მოეწერა ხელი.

გაეროს უშიშროების საბჭომ 2010 წლის ივნისის რეზოლუციით, ირანს სანქციები დაუწესა. რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნისთვის ყველანაირი ტიპის შეიარაღების მიწოდება იკრძალება, მათ შორის, რაკეტების, სარაკეტო სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და ხომალდების.

ირანისათვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვას რუსეთიც შეუერთდა. გაეროს რეზოლუციის მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა სპეციალურ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ირანისათვის იარაღის გადაცემა აკრძალა.

„იურიდიულად, С-300–ის გადაზიდვა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არ არის შეტანილი. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთს აღნიშნული კომპლექსის ირანისთვის მიწოდებაში დაეხმარება. ამით რუსეთს იურიდიული კოზირი ექნება,“ განაცხადა რუსეთში ირანის ელჩმა, მაჰმუდ რეზა საჯანიმ, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სარჩელის პარალელურად, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წარმოებაში ჩაუშვებენ ადგილობრივი წარმოების საზენიტო–სარაკეტო კომპლექსს, რომელიც მახასიათებლებით რუსული С-300-ის ანალოგია.

„Рособоронэкспорт“–ის ხელმძღვანელმა ანატოლი ისაიკინმა, მიმდინარე წლის 20 ივნისს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და დაუშვა ირანისათვის С-300–ის გადაცემის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უშიშროების საბჭო, ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებს. როგორც ჩანს, ოფიციალური თეირანისათვის ეს დაპირება საკმარისი არ აღმოჩნდა და საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანით, გადამჭრელ ზომებს მიმართა.

შეგახსნებეთ, რომ ჰარსაწინააღმდეგო თავდაცვაში, რუსეთი აღნიშნულ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსს აქტიურად იყენებს. С-300–ები განლაგებული აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.  

0

ავტორი: