14:01:08     04-02-2022
მიხეილ სააკაშვილი - ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო, კომუნალურები ორჯერ რომ გაძვირდა და კომბოსტო სამჯერ, სააკაშვილის ბრალიაო
ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო - დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება რომ დავუშვი,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამასწინათ ერთ-ერთმა მისმა (ბიძინა ივანიშვილის) წარმომადგენელმა თქვა, მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დაეკარგაო. მინდა ვუთხრა მას - როდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო და შემდეგ დეგრადირდა, ხდება ხოლმე, მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს; შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ საწოლში ღამე 200 წნევით მახრჩობდნენ; შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ გადაძახილს მიწყობდნენ 24 საათი გლდანში. მახსოვრობა დამეკარგა, მაგრამ არა იმდენად, რომ დამავიწყდეს და ჩვენ ხალხსაც არ დაეკარგა მახსოვრობა. ძალიან კარგად იცის ხალხმა, რაზეა საუბარი.
გუშინ გამოვიდნენ, ინფლაცია სააკაშვილის ბრალიაო. სააკაშვილის ბრალი ყოფილა. სასამართლო სისტემას ვთხოვ - გთხოვთ, სასწრაფოდ დამიმძიმეთ ბრალი. გუშინ „ოცნებამ“ თქვა, რომ კომუნალურები რომ თითქმის ორჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალია; ის, რომ კომბოსტო 3-ჯერ გაძვირდა, სააკაშვილის ბრალი ყოფილა; ჩინოვნიკების გაზრდილი ხელფასები და ის, რომ ხალხს არ გაეზარდა ხელფასები, ჩემი ბრალია. დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამე, მართალი რომ ვთქვათ - ჩემი ბრალია, რომ ამ მატყუარების, ფლიდების და საქართველოს მოძულე ადამიანის საქართველოში შემოშვება დავუშვი. ეს ნამდვილად არის ჩემი ბრალი და ისტორია ამაში მე გამამტყუნებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.