22:30:16     31-01-2022
დავით მურაჩაშვილის პერსონალური გამოფენა და მასტერკლასი ფერწერაში - მხატვარს "ბილთმორი" უმასპინძლებს.
მხატვრობა საინტერსო პროფესიაა, რომელსაც ე.წ. ფუფუნების სფეროდ მიიჩნევენ. ხატვა ბავშვობიდან გიტაცებდათ? - მხატვრობა მართლაც ძალიან საინტერესო პროფესიაა. ხელოვნების ამ დარგმა, ე. წ. გამოქვაბულის მხატვრობიდან რომანტიზმის ეპოქამდე ( თუნდაც "ქუჩის მხატვრობამდე"), საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და, ამავე დროს, დიდი გავლენა მოახდინა ადამიანზეც. ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. დედაჩემს ჩემი პირველი ნახატი დღემდე შენახული აქვს - ავად გავმხდარვარ, საწოლში საღებავები მომითხოვია და პირველი ნახატიც სწორედ მაშინ შემიქმნია. ხატვა იოლი არ არის. თუკი პროფესიად აირჩევ, ყოველდღიური შრომისთვის, სწავლისთვის და განვითარების უწყვეტობისთვის მზად უნდა იყო. ჩემი ნახატები არაერთი პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა, არაერთი ადამიანი გამიხარებია, როცა დამისაჩუქრებია. ბევრი კომპლიმენტი მიმიღია ნახატებით აღტაცებული საზოგადოებისგან. უამრავი ნახატი შეუძენიათ. აი, ეს მარწმუნებს ჩემი პროფესიის ღვთიურობასა და სწორ არჩევანში. - რომელს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებთ- ხატვას თუ სიმღერას? - მე ორივეს სიდიადეს ვაღიარებ. მიხარია, ხელოვნების ორივე დარგში რომ ვიპოვე ჩემი თავი და არცთუ ურიგოდ. სხვებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწონთ, როგორც ვმღერი. მე და ჩემი ტყუპისცალი ძმის მიერ ნამღერი ქართული ხალხური სიმღერა "ბერიკაცი" მე-20 საუკუნის ოქროს ფონდშია შესული და ეს დიდ სტიმულს მძენს. სიმღერის გარეშე არ ვხატავ. მხატვრობა და სიმღერა ადამიანის სულიერ და გონებრივ ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. ზოგადად, ადამიანი ყოველთვის მიილტვის მშვენიერებისა და ჰარმონიისკენ. სწორედ ამან განაპირობა ჩემი სწრაფვა ხელოვნების ამ ორი უდიდესი დარგისკენ. ამავე დროს, ორივეში ნიჭი დამყვა და განვავითარებდი თუ არა, ჩემზე იყო დამოკიდებული. დღეს მე მხატვარიც ვარ და მომღერალიც. მალე ჩემი პერსონალური გამოფენა "სამყარო ხელისგულზე" გაიხსნება, რამდენიმე სიმღერა იწერება, რაშიც ხელს ქალბატონი ერნა წიფურია მიწყობს და ჩემს გულშემატკივრებს სიახლეებს შევთავაზებ. - რა გაძლევთ ხატვისა და სიმღერის სტიმულს? - რა თქმა უნდა, შინაგანად განცდილის გარეგანსახიერების ბუნებრივ- შემოქმედებითი იმპულსი. შინაგანად განცდილის გარეგანსახიერება რთულია- აქ ნამდვილი დიდოსტატობაა საჭირო ხატვაშიც და სიმღერაშიც. - რა გაოცებთ მხატვრობაში? - ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი ალტამირასა და ლასკოს გამოქვაბულების მხატვრობაა. ამ გალერეის შექმნას ერთი მხატვრის სიცოცხლე არ ეყოფოდა და ის ალბათ ათასწლეულების მანძილზე იქმნებოდა. - რას ურჩევთ დამწყებ მხატვრებს? - უპირველესად, პროფესია აირჩიონ სიყვარულით და არა მოდურობისა და პოპულარობის გამო. ყოველთვის იცოდნენ, რომ შრომასა და ცოდნას მოაქვს წარმატება და აღიარება. ცოტა პიროვნული ხიბლი დასჭირდებათ და წარმატების რეცეპტიც მზადაა!