21:04:23     11-01-2022
მხატვარი დავით მურაჩაშვილი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება
ცნობილმა თანამედროვე მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა ცოტა ხნის წინ პერსონალური გამოფენის გამართვის შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მისი შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ შორის აღსანიშნავია პეიზაჟი, რომელიც მნახველს დანახვისთანავე ხიბლავს და ბუნებას აკავშირებს. პეიზაჟი დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ერთ - ერთი მთავარი თემაა, რომელსაც მხატვარი ფიგურალურ სურათებში ხან ფონად იყენებს და ხან ნაწარმოების ძირითადი თემაა. ამავე დროს, კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და დამთვალიერებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დავითის პეიზაჟები სავსეა მზის შუქით და სინათლით.
მხატვარი დიდოსტატურად ახერხებს ტილოზე ფოტოკადრივით აღბეჭდოს აღელვებული ზღვა, წაქცეული თუ ცადაწვდილი ხეები, ულამაზესი ტყეები, ქარისგან გადარეკილი ღრუბლები, დათოვლილი ტევრები, ჭალები, დასახლებები, მივიწყებული ჯამბაზები, წყლის სარკესა თუ ცაში მაცქერალი წყვილები და ა.შ. დავით მურაჩაშვილის შემოქმედება ბუნების რეალურ ადგილებს ასახავს, აგრეთვე გამოირჩევა ქალაქის ხედებითა და არქიტექტურული ანსამბლებით. ამერიკული მოტივები კი განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
როგორც მხატვარმა აღნიშნა, 2 წელიწადსა და ათ თვეში 800 ნახატი შექმნა. საგამოფენო ნახატების დიდი ნაწილიც უკვე მზადაა. "მართალია, ჩემი ნახატები მალე იყიდება, შეკვეთილი ტილოების დახატვასაც დრო სჭირდება, მიუხედავად ამისა მაინც ვახერხებ საგამოფენო სივრცე მხოლოდ გამორჩეული ტილოებით დავაკომპლექტო და ჩემს თაყვანისმცემლებს რამდენიმედღიანი სასიამოვნო გამოფენა შევთავაზო"- აღნიშნა მხატვარმა.