11:18:41     23-08-2011
ღილა მოხევეს (ნიკიფორე ღუდუშაურის) ტრაგიკული ისტორია (და ორი ლექსი)
დღეს გავიხსენოთ კიდევ ერთი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის, ღილა მოხევეს ისტორია და რამდენიმე ლექსი.
ღილე მოხევე - ნიკიფორე პავლეს ძე ღუდუშაური დაიბადა 1882 წელს. ის ყოფილა სტამბის მუშა, რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმული.
ღილა მოხევეს პოეზია გამსჭვალულია მისებრ უბრალო ადამიანისადმი თანაგრძნობით და ჩაგვრისადმი შეურიგებლობით. იმ დროს სოციალური თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართალია, 1864 წელს ბატონ-ყმობა, ეს სამარცხვინო მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, გაუქმდა და გლეხებმა შეძლეს ნაწილობრივი თავისუფლების მოპოვება, მათ აღარ ჰყიდდნენ, აღარ ცვლიდნენ ძაღლებში, აღარ აშორებდნენ ოჯახის წევრებს თავადების ნება-სურვილით და ა. შ. მაგრამ, გათავისუფლება გლეხებისა არ მომხდარა მიწიანად, ამიტომ მიწის მუშაკნი დამოკიდებულნი იყვნენ მიწისმფლობელთა ინტერესებზე, რომელთაგან ქირაობდნენ საყანე ადგილებს და ძალიან დიდ ნაწილს იხდიდნენ თავისი ნაშრომიდან. შრომა კი ძალიან მძიმე ჰქონდათ...
ვინც გაექცა ამგვარ ყოფას, ქალაქში, ქარხნებში და სხვა საწარმოებში იტანჯებოდა 10-12 საათიანი სამუშაო დღითა და ძალიან მცირე ანაზღაურებისა და ცხოვრების გაუსაძლისი პირობების გამო...
ასე რომ, ღილა მოხევეს მსოფლმხედველობისა და ლექსების მოტივი გასაგებია.
მისი ლექსების კრებული „ამონაკვნესი“ დაიბეჭდა 1908 წელს და გავცელებულა კიდეც, მაგრამ, მოგვიანებით ცენზურამ დაიწყო მისი წიგნების ხმარებიდან ამოღება. გადარჩა სულ რამდენიმე ცალი. ღილას ლექსების შემონახვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ ვანო შადურს.
ღილას მიერ სტეფანწმინდაში შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ მისი მეგობარი ლადო მალანია იმსხვერპლა... ღილამ თავი დააკლა მეგობარს...
ეს მოხდა 1909 წელს, ღილა მოხევე მაშინ 27 წლისა თუ იქნებოდა...
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ღილა მოხევეს (ნიკიფორე ღუდუშაურის) ორ ლექსი.
მუშას
აღზრდილო ტანჯვა-წვალებით,
ცრემლ-ოფლში გამოწრთობილო.
შენის ნაშრომით სხვა ძღება,
შე უბედურ დღეს შობილო.
დღე და ღამ მიწას ჩაჰყურებ,
მაღლა ვერ აგიხედია,
წილად გხვედრია სიმწარე,
დაიწვას შენი ბედია.
გადგია მძიმე უღელი,
ძირს დაგიხრია ქედია,
და რომ ხელი ჰკრა შენს მტანჯველს,
ეს კი ვერ გაგიბედია.
გამოიღვიძე, ძამია,
კმარა, გეყოფა ძილია,
გეყოფა მუდამ სიმწარე,
დროა იგემო ტკბილია.
დროა მოიხსნა უღელი,
მტერს დახვდე გულდაგულადა,
„ან გამარჯვება იღირსო,
ან მოჰკვდე ვაჟკაცურადა!“
* * *
საცხოვრებელი იქ არის,
სადაც არა გყავს ბატონი,
სადაც შენისა თავისა
თვითონ ხარ ბატონ-პატრონი:
სადაც არა აქვს გავლენა
სიმდიდრეს, ბევრის ქონასა,
სად არ უფლობენ ისეთნი,
ვინც მუცელს გაიქონავსა;
სადაც ვერ სწვდება მტრის ბრჭყალი
თავისუფლების მსურველსა,
სადაც ხელს ვერ შეუშლიან
მუშასა, ოფლის მწურველსა.