11:07:54     23-08-2011
სამხრეთ კორეული საბრძოლო მანქანა K-21
სამხრეთ კორეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა K-21-ზე, იგივე KNIFV-ზე მუშაობა სამხრეთ კორეაში 21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მისი მეშვეობით უნდა მომხდარიყო მოძველებული K200-ის სერიის ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჩანაცვლება. ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანის სერიული წარმოება 2008 წელს დაიწყო და დაახლოებით 900 ერთეული ამ ტიპის საბრძოლო მანქანის წარმოება იგეგმება. K-21-ების პირველი პარტიები სამხრეთ კორეის არმიამ 2009 წელს მიიღო. მიიჩნევა, რომ K-21 თავისი მახასიათებლებითა და შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად აღემატება მრავალ თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანას. სავარაუდოა, რომ თავისი დაბალი ფასის გამო, ჯავშანმანქანა ექსპორტზე მრვალ ქვეყანაში გავა და მნიშვნელოვან მოგებასაც მოიტანს.
მოძველებული ქვეითთა საბრძოლო მანქანის K200-ის მთავარ ნაკლად მისი სუსტი შეიარაღება მიიჩნეოდა. ეს ნაკლი K-21-ში გამოსწორებულია. სამხრეთ კორეული ჯავშანმანქანა ორკაციანი კოშკურითაა აღჭურვილი, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღება K40-ის ტიპის 40 მმ-იანი ავტომატური ქვემეხისაგან შედგება. ქვემეხს შეუძლია გაისროლოს მრავალნაირი ტიპისა და დანიშნულების ჭურვები, მათ შორის: ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი, ძლიერფეთქებადი, საკვამლავი და ა.შ. ქვეითთა საბრძოლო მანქანის საბრძოლო კომპლექტი კოშკურაში ინახება. ქვემეხის სწრაფსროლა წუთში დაახლოებით 300 გასროლას შეადგენს, ხოლო ჭურვის საწყისი სიჩქარე ლულიდან გამოსვლის მომენტში 1005 მ/წმ-ს აღემატება. ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვების ჯავშანში შეღწევადობა 160-220 მმ-ს აღწევს.
ქვემეხზე დამონტაჟებულია თანამედროვე, უმაღლესი დონის ცეცხლის მართვისა და ქვემეხის სტაბილიზირების სისტემები. K-21-ში გამოყენებული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა მოძრაობის დროსაც კი ზუსტი ცეცხლის უზრუნველყოფით განადგურდეს სამიზნეები.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ასევე, აღჭურვილია ადგილობრივად წარმოებული ორი ერთეული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვები დანადგარით, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით არის ქვეითთა საბრძოლო მანქანა K-21 შეიარაღებული. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ებრაული შპიკე-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მსგავსი, რომლის ჯავშანშეღწევადობა 700-დან 1000 მმ-მდეა. K-21-ზე დამხმარე შეიარაღების სახით 1 ხ 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია დაყენებული.
სამხრეთ კორეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშნის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მისი შუბლა ნაწილის ჯავშანი სპეციალურადაა შექმნილი და მსხვილკალიბრიანი ავტომატური ქვემეხების ჭურვებისაგან დაცვაზე არის გათვლილი. განსაკუთრებით კი 30 მმ-იანი 2A72-ის ტიპის ავტომატური ქვემეხისთვის განკუთვნილი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვაზე, რომლითაც რუსული BMP-3 არის შეიარაღებული. ამ ჭურვების ჯავშანშეღწევადობა დაახლოებით 50 მმ-ია 1000 მეტრ მანძილზე.
თანამედროვე ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან შედარებით K-21 მნიშვნელოვნად მსუბუქია. ეს გამოწვეულია იმით, რომ წონის შესამცირებლად მასში კომპოზიტური ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება. K-21 სრულად ამფიბიურია. ცურვაში მას გასაბერი ბალიშები ეხმარება, რომლებიც ავტომატურად იბერება და ბორტებზეა განლაგებული. ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მძღოლის, მეთაურისა და მსოლელისაგან შედგება, დესანტის სახით კი K-21-ში ცხრა სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი თავსდება.
ქვეითთა საბრძოლო მანქანა K-21-ში ფართოდ გამოიყენება უახლესი და უმაღლესი დონის სისტემები, რომლებშიც შედის, როგორც ბრძოლის მართვის, ისე ინტეგრირებული ნავიგაციისა და საინფორმაციო სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს მტრისა და საკუთარი ტექნიკის იდენტიფიცირებას.
ძალური დანადგარის სახით ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე D2848LXE-ის ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული. ეს ძრავა 680 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ K-21 სრულად ამფიბიურია, ამის გამო წყლიანი დაბრკოლების გადასალახავად ჯავშანმანქანის მცირე მომზადება - გასაბერი ბალიშების გაბერვა ჭირდება. უშუალოდ ცურვის შესაძლებლობას კი მისი მუხლუხები უზრუნველყოფს.
მახასიათებლები:
შეიარაღებაში მიიღეს - 2008 წელს
ეკიპაჟი - 3 კაცი
დესანტი - 9 კაცი
წონა - 25 ტ
სიგრძე - 6.9 მ
სიგანე - 3.4 მ
სიმაღლე - 2.6 მ
ქვემეხი - 40 მმ-იანი
ტყვიამფრქვევი - 1 ხ 7.62 მმ-იანი
ძრავა - D2848LXE დიზელის
ძრავის სიმძლავრე - 680 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ
ცურვის სისწრაფე - 6 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
წყლიანი დაბრკოლების გადალახვა - ამფიბიური
army.ge
0