სამაჩაბლოს რუსულ სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური სწავლება დაიწყო სამაჩაბლოს რუსულ სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური სწავლება დაიწყო />


  09:41:30     23-08-2011

სამაჩაბლოს რუსულ სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური სწავლება დაიწყო

a9235.jpg

რუსეთში, ბოლო დროს, რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება გაიმართა. სულ ბოლო, არტილერისტთა მობილიზება, საქართველოს საზღვრებთან საკმაოდ ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მოხდა.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – „Смерч“, „Ураган“, „Град“; ბუქსირებადი ჰაუბიცები – „Мста-Б“, „Д-30“; თვითმავალი ჰაუბიცები – „Мста-С“, „Акация“, „Гвоздика“; ნაღმმტყორცნები – „Нона“, „Василек“, „Поднос“ - ეს იმ საშტატო შეიარაღების ჩამონათვალია , რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის არტილერისტთა წვრთნებშია ჩართული და რომელიც ახლაც მიმდინარეობს.

მთლიანად საარტილერიო შეკრებაში ჩართულია 10 000-ზე მეტი ადამიანი პირადი შემადგენლობიდან, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დაახლოებით 2000 ერთეული, აქედან 300-მდე ერთეული საარტილერიო შეიარაღება, 150 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და 200 ერთეული ნაღმმტყორცნი.

შეკრება ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. საარტილერიო დივიზიონების მიერ ჩატარებული ტაქტიკური სწავლება დადებითად შეფასდა. მოცემულ ეტაპზე, არტილერისტები, წრთვნას სამხრეთის სამხედრო ოლქის 16 პოლიგონზე გადიან.

შეკრებები ჩატარდა რუსეთის ფედერაციის უმეტესი სუბიექტების, სამხრეთის ფედერალური ოლქისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ტერიტორიებზე. ასევე, სომხეთის, აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბაზების პოლიგონებზე. შეკრებები სარაკეტო ჯარების დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის მართვის წრთვნებით დასრულდება.

სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსის, პოლკოვნიკ ს. იაროშუკის თქმით, ვოლგოგრადის ოლქში და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა - ალანიაში დისლოცირებული მოტომსროლელი ბრიგადებისა და შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბრიგადის არტილერისტების სწავლებები უკეთესადაა ორგანიზებული.

ზემოთ აღნიშნულ შკერებებთან შედარებით, ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება ორმხრივი ტაქტიკური სწავლება სამაჩაბლოში განლაგებულ მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ორშაბათს დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა იგორ გორბულმა აცნობა.

„გეგმის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს საველე პირობებში უწევთ თავიანთი ცოდნის დემონსტრირება საერთო საბრძოლო დისციპლინასა და ექსტრემალურ სიტუაციებში საცეცხლე პოზიციების დაკავებაში. მათ, ასევე, უწევთ საფორტიფიკაციო ობიექტების შექმნა მთიანი რელიეფის პირობებში და დანაღმული ტერიტორიების გადალახვა“, – აღნიშნა გორბულმა.

მისი თქმით, სწავლებებში ჩართულია 150 ერთეული საბრძლო ტექნიკა და 700–ზე მეტი სამხედრო პირადი შემადგენლობიდან. „პოლიგონზე გადაადგილება დანაყოფებს ავიაციის მიერ შექმნილი დაბრკოლებებისა და პირობითი მოწინააღმდეგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში უხდებათ“, – განაცხადა სარდალმა.

გორბულმა აღნიშნა, რომ სწავლებისას ყურადღება მახვილდება როგორც თავდაცვით, ისე შეტევით მოქმედებებზე. სწავლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია გაუმჯობესდეს დანაყოფთა მეთაურების უნარ–ჩვევები, დაიხვეწოს სახმელეთო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალებისა და არტილერიის ურთიერთმოქმედება საბრძოლო მოქმედებებისა და ტაქტიკური მანევრირებისას.

ამჟამად, სწავლება, რომელიც 26 აგვისტომდე გასტანს, ძარცემის პოლიგონზე მიმდინარეობს.

P.S. მსგავსი სწავლებებისათვის თვალყურის დევნება, საუკეთესო საშუალებაა გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად,იმ ქვეყნის სამხედრო პოტენციალსა და მზაობაზე.

0

ავტორი: