12:18:13     22-08-2011
გიგო ხერხეულიძის სიცოცხლისა და სიყვარულის ტრაგიკული ისტორია (და ორი ლექსი)
ტრაგიკულად დაღუპული ნიჭიერი პოეტი გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძე დაიბადა 1891 წელს.
1911 წელს მან დაბეჭდა ლექსების კრებული „პირველი სხივი“...
ორიოდე დღის წინ პრესა.გე-ს მკითხველს ვუამბეთ კიკნა-ფშაველას (სიმონ ბადურაშვილის) ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ („ტრაგიკულად დაღუპული კიკნა-ფშაველა (სიმონ ბადურაშვილი) და ორი ლექსი“). მკითხველს ვუამბეთ შემდეგი ამბავი:
„1916 წელს გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა კიკნა-ფშაველას ლექსი „შავი მონასტერი“. რედაქციამ ლექსს შენიშვნა დაურთო: „ეს ლექსი, რომელიც ნათლად ხატავს ავტორის სევდას, მოგვივიდა ორი კვირით ადრე, ვიდრე საზარელი ტრაგედია დატრიალდებოდა. როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, კიკნა-ფშაველამ მოჰკლა თავისი ამხანაგი გ. ხერხეულიძე და მერე თვითონაც თავი მოიკლა“.
არსებობს სხვა ვერსიაც. სიკოს (კიკნა-ფშაველას) თიანეთში, სოფელ ჟებოტაში სტუმრობდა მისი მეგობარი, ასევე ახალგაზრდა პოეტი გრიგოლ (გიგო) ზურაბის ძე ხერხეულიძე. სუფრაზე კამათი მომხდარა გიგო ხერხეულიძესა და სიკოს ძმას შორის. სიკოს ძმას სტუმრისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია. გიგომ აარიდა თავი, დატოვა მასპინძლები და თბილისისკენ წამოსულა ფეხით. სიკომ (კიკნა-ფშაველამ) ვერ აიტანა სირცხვილი და თავისი ძმის წინაშე თავი მოიკლა. სიკოს ძმა კი მერე წამოსწევია გიგოს და ისიც მოუკლავს“...
მოკლედ, ახალგაზრდა პოეტი გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძე ტრაგიკულად დაიღუპა თიანეთში, 1916 წელს, გაურკვეველ სიტუაციაში. დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა, ისევე, როგორც მისი მეგობარი.
როგორც ამბობენ, გიგოს ჰყოლია 17 წლის შეყვარებული. როცა გიგოს შეყვარებულს გაუგია თავისი სატრფოს დაღუპვის ამბავი, თავი მოუკლავს. ორივე ერთად დაუკრძალავთ კუკიის სასაფლაოზე.
ასეთია ნიჭიერი პოეტის გიგო ხერხეულიძის სიცოცხლისა და სიყვარულის ტრაგიკული ისტორია.
დღეს გთავაზობთ გრიგოლ (გიგო) ხერხეულიძის ორ ლექსს.
შესწყვიტე გული სიხარული
შესწყვიტე გული სიხარული, ნუ თრთი-ფართხალებ,
ძალა არ შემწევს ნებას დაგყვე, ძნელს რას მავალებ.
ბუნების მეფევ, ნუ მიმიწვევ ტყე-მინდორ-ველად,
თავ-ბრუს ნუ მახვევ ფერად ვარდით, ნუ მადნობ ცრემლად.
და შენც, ბულბულო, ნუღარა ჰყეფ, ნუღარ ცქერიალებ,
შენს ტკბილ სიმღერას გემო არ აქვს, ნუ აწკრიალებ.
შენ კი მგოსანო, ტანჯულ ქვეყნის, აჟღერე ჩანგი
ცრემლის მორევში, სისხლ შერეულს, გამოჰქენ ჰანგი.
ვხევ თვით ზღვის კალთას
ზღვაში შესცურდი გაცოფებულს, გამძვინვარებულს,
ძაფით აკინძულს ნავში ვზივარ, ყვავილით შემკულს;
მივეშურები გაღმით კიდეს, ოცნების მხარეს,
სადაც ყოველი ედარება გედებრივ მთვარეს.
სადაც სიმართლეს აღუმართავს ციხე-დარბაზი,
სად აღარ სჭკნება მზის სხივთაგან მშვენების ვაზი,
სადაც ნეტარებს სიყვარული, ძმობა, ერთობა,
სად აღარ სუფევს ძმის ღალატი და მბრძანებლობა.
ვხევ თვით ზღვის კალთას, მაგრამ ზვირთი მიტყორცნის შორსა,
ტალღათა მთები, ცათ ასულნი, მეხვევა გარსა,
შფოთვით, ღრიალით ჭევლი ზღვისა ასკდება ნავსა,
მით მემუქრება შთანთქმას ჯურღმულს, უფსკრულში შავსა.
მაგრამ ამაოდ, ვერას მავნებს ბრაზ-მორეული
ზღვა, თოფ-ნაკრავი; კვლავად ნავით ვილტვი ეული,
ზედ ამიმართავს მსრბოლავ ნავზედ იმედის ფრთები
და რა გასაჭირს ვიგრძნობ, მყისვერ ცაშია ვქრები.