მეგის ქარდავა - არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ
ქარდავა განმარტავს, მხოლოდ გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გასცემს ყველა ბრალდებას პასუხს.
„წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით.
ამის ფონზე, ლამის „ეროვნული შეთანხმება“ შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან ( ექსტრადირების პიარ-კამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო ), რუსული ჰიბრიდული ომით ქართველების ჩუმი გენოციდისგან, გარუსების პოლიტიკისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლისგან, ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელს რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, რომლის პირობებშიც თავადვე იდევნებიან პოლიტიკურად პუტინის ოლიგარქისვე მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ, რაზედაც ერთხმად, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელე-ეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის „პრ-ა-კურატურა“ - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება. ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზეზი და მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. ეს პოლიტიკური კლასი გუშინ იგივე პათოსით, რუსული პუტჩით ამხობდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღეს 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციით პუტინის ოლიგარქის ხელდასმაში და დღეს მოსახლეობის „მოკლე მეხსიერებით“ მანიპულირებენ და ჭკვიანური სახით გვიხსნიან რა ბოროტებაა თურმე, პუტინის ოლიგარქის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამავდროულად რუსული იდეოლოგიური დივერსიის წარმოებით ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვარდების რევოლუციის რეფორმებს და რეფორმატორებს", - წერს მეგის ქარდავა.