Dardo - ქვეითთა საბრძოლო მანქანა Dardo - ქვეითთა საბრძოლო მანქანა />


  11:00:45     20-08-2011

Dardo - ქვეითთა საბრძოლო მანქანა

a9159.jpg

ქვეითთა საბრძოლო მანქანა Dardo, რომელიც თავდაპირველად VCC-80-ად მოიხსენიებოდა, შეიქმნა ორი იტალიური კომპანიის: Iveco-სა და Oto Melara-ს (ახლანდელი Oto Breda) მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად, იტალიის არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით. ახალ საბრძოლო მანქანას მოძველებული M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები უნდა ჩაენაცვლებინა იტალიის არმიაში. ქვეითთა საბრძოლო მანქანა 1998 წელს დაპროექტდა და სერიულ წარმოებაშიც იმავე წელს ჩაეშვა. არმიას ჯავშანმანქანების პირველი პარტია, რომელიც 200 ერთეული Dardo-საგან შედგებოდა 1998 წელს გადაეცა.

VCC-80 Dardo-ს ძირითადი შეიარაღება ძლიერი 25 მმ-იანი Oerlikon KBA-ს ტიპის ავტომატური ქვემეხისაგან შედგება. ქვემეხის სწრაფსროლა წუთში დაახლოებით 600 გასროლაა, ხოლო სროლის მაქსიმალური ეფექტური მანძილი 2500 მეტრამდეა. ქვემეხი, სახმელეთო სამიზნეების გარდა, შესაძლოა წარმატებით იქნას გამოყენებული საჰაერო სამიზნეების, განსაკუთრებით კი დაბალ სიმაღლეზე მფრენი შვეულმფრენების წინააღმდეგ.

დამხმარე შეიარაღების სახით ქვეითთა საბრძოლო მანქანა აღჭურვილია 2x7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვემეხთანაა შეწყვილებული, ხოლო მეორე კოშკურაზეა დამონტაჟებული. ჯავშანმანქანის კოშკურის გვერდებზე ასევე დამაგრებულია რვა ერთეული 80 მმ-იანი საკვამლავი ყუმბარების გამშვები ყუმბარსატყორცნი.

Dardo აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით. მასზე დამონტაჟებულია MILAN-ის ან Spike-LR-ის (ასევე შესაძლებელია TOW-ს ან სხვა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვები დანადგარების დამონტაჟებაც) ტიპის ორი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, რომელთა მაქსიმალური მოქმედების სიშორე 4 კილომეტრს აღწევს. რაკეტები ქვეითთა საბრძოლო მანქანის კოშკურის ზემოდან ან გვერდებზე მონტაჟდება.

ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებულია კომპანია Galileo Avionica Hitfist-ს მიერ წარმოებული უმაღლესი დონის ინტეგრირებული ცეცხლის მართვის სისტემა. ეს სისტემა მოიცავს ლაზერულ მანძილმზომსა და თერმული ხედვის სისტემებს. ამ სისტემას ასევე შეუძლია გამოთვალოს სამიზნის სიჩქარე და თუ რა მანძილითაა ის დაშორებული. ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეთაური უზრუნველყოფილია მონიტორით, რომელიც აჩვენებს მსროლელის ღამის ხედვის სისტემით აღქმულ ხედს.

ჯავშანმანქანის კორპუსი შედუღებით, ალუმინისგანაა დამზადებული, რომელზედაც ჭანჭიკებით დაჯავშნული ფოლადის პანელებია დამაგრებული. მანქანის ასეთი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად ამცირებს მის წონას. ქვეითთა საბრძოლო მანქანის შუბლა ჯავშანი 25 მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვაზეა გათვლილი, ხოლო ბორტების ჯავშანი უზრუნველყოფს 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას.

ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისაგან: მძღოლის, მათაურისა და მსროლელისაგან შედგება შედგება, ხოლო დესანტის სახით მას ექვსი სრულად აღჭურვილი ქვითის ტრანსპორტირება შეუძლია. ჯავშანმანქანის ბორტებზე დამონტაჟებულია ხუთი ერთეული სპეციალური, მცირე ზომის ამბრაზურა, რომლიდანაც ჯავშანმანქანაში მსხდომ დესანტს ცეცხლის წამოება შეუძლია. ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებულია NBC-ის დაცვის სისტემა.

ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე ძალური დანადგარის სახით Iveco 8260 V6-ის ტიპის ტურბოდიზელის ძრავაა და დაყენებული, რომელიც 512 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ჯავშანმანქანის მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ-ს უდრის და მას 1.5 მეტრის სიღრმის წყლიანი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

მახასიათებლები:

შეიარაღებაში მიიღეს - 1998 წელს

ეკიპაჟი - 3 კაცი

დესანტი - 6 კაცი

წონა - 23.4 ტ

სიგრძე - 6.7 მ

სიგანე - 3 მ

სიმაღლე - 2.64 მ

ქვემეხი - 25 მმ-იანი

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა - 2 x Spike-LR

ტყვიამფრქვევები - 2 x 7.62 მმ-იანი

ძრავა - IVECO 8260 V-6 დიზელი

ძრავის სიმძლავრე - 512 ცხ.ძალა

მაქსიმალური სიჩქარე - 70 კმ/სთ

სვლის მარაგი - 500 კმ

დახრილობა - 60%

გვერდითი დახრილობა - 40%

ვერტიკალური წინაღობა - 0.85 მ

თხრილი - 2.5 მ

წყლიანი დაბრკ. გადალახვა - 1.5 მ

 

army.ge

0

ავტორი: