00:39:45     24-08-2021
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში - ქართველი ექიმების და მეცნიერების მიმართვა
ქართველი ექიმები და მეცნიერები მიმართვას ავრცელებენ, რომელშიც აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, სადაც კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება საქართველოში, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი არ აღემატება 10%-ს, საავადმყოფოები დაავადებულ პაციენტებს ვერ იტევს და ადამიანური მსხვერპლი საგანგაშოდ მაღალია. ასეთ ეპიდვითარებას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყანა, მით უმეტეს საქართველოსთვის ამხელა დანაკარგი შეუვსებელია.
ამ მოცემულობაში, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რჩება პანდემიასთან ბრძოლის მთავარ ეფექტურ იარაღად. არსებული ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, განსაკუთრებით მძიმე ავადობის და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ. ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მასობრივად ტარდება, კოვიდ-ვაქცინამ უკვე გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. ამ უზარმაზარ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ფაიზერის ვაქცინას ამერიკის მთავარმა მარეგულირებელმა უკვე საბოლოო ავტორიზაციაც მიანიჭა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამჟამად არ არსებობს კოვიდ-19-ის სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი და დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალია.
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გადაჭარბებულ იმედს ამყარებს უახლოეს მომავალში მძლავრი ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატის „შემოსვლაზე“ და ამ იმედით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინაციაზე ამბობს უარს. იღუპებიან აუცრელი პაციენტები. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც. ახალგაზრდების ხვედრითი წილი ყოველდღიურად იზრდება. გარდა ამისა, ვირუსის სწრაფი გავრცელების დროს ჩნდება მუტაციები რომლებიც ვირუსს უფრო მოქნილს ხდის და ყოველ ჯერზე უფრო ხელსაყრელ თვისებას სძენს. ვირუსი ახალ თვისებებს იძენს და უფრო საშიში ხდება.
კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეფექტური ანტივირუსული პრეპარატის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ მასშტაბის პანდემიის ჩახშობა შეუძლებელია ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე. ძლიერი ანტივირუსული პრეპარატი უდავოდ დაგვეხმარებოდა და ვაქცინაციასთან ტანდემში უფრო გაგვიმარტივებდა პანდემიის კონტროლს, მაგრამ ანტივირუსული თერაპია დამხმარე საშუალებაა და ვაქცინაციას ვერ ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მოსახლეობაში ჯერ კიდევ არსებობს სკეპტიციზმი და ირაციონალური შიში ვაქცინაციისადმი. ჩვენ, ექიმები და მეცნიერები, თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ყველასათვის გასაგებ ენაზე. ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ვახერხებთ კიდეც.
ჩვენი გმირი ექიმები სიცოცხლის რისკის ფასად, მუხლმოუხრელად შრომობენ. ნაწილი საავადმყოფოებში, ნაწილი რეგიონებში კარდაკარ დადის, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს და საყოველთაო აცრებს საკუთარი ხელით აწარმოებს. შედეგიც არ აყოვნებს."