16:32:34     19-08-2011
ბადრი ბიწაძეს სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა დასრულდა. ბიწაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაეყენა. პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით 31 მაისს მიმართა, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს, 100 000 ლარის გამოყენების შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობა 1 ივნისს დაკმაყოფილდა, თუმცა ბიწაძე გირაოს თანხის გადახდას არ დათანხმდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და აუდიო-ჩანაწერების თანახმად: „ნინო ბურჯანაძე და მისი ვაჟი, ანზორ ბიწაძე ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა გზებს განიხილავდნენ, მათ შორის, სამოქალაქო ომსა და სისხლისღვრას. ბიწაძე „ეგვიპტის სცენარს“ უჭერს მხარს და აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად 100-500 კაცის სიკვდილიც ღირს. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პოლარიზებულია და პროცენტულად 50-50%-ზეა. მათი ვარაუდით, აქციაზე 30 000 მხარდამჭერი გამოვა. ბიწაძის შეფასებით, ჯარი სუსტია და იმ შემთხვევაში, თუ კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი სროლას გაბედავს, მათ რუსეთის სამხედრო დაზვერვის – გრუს-ს სპეცნაზთან მოუწევს საქმის დაჭერა». ამ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ბიწაძე აღარავის უნახავს, იგი დღემდე მიმალვაში იმყოფება, ამიტომ მისი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის დაუსწრებლად გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით: „დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ფაქტზე, ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ. ბადრი ბიწაძეს ბრალად ედებოდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად ძალადობითა და ძალადობის მუქარით. საქმის მასალების მიხედვით: ბადრი ბიწაძე, რომლის ინიციატივითაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სახალხო კრებასთან“ შექმნილი ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფება ,,შეფიცულები“, 2011 წლის მაისის თვეში შეხვდა გია უჩავას და დაავალა ,,სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სანდო და ფიზიკურად ძლიერი ,,შეფიცულები“-ს მეშვეობით, ხელკეტებით, ასევ,ე იარაღად სხვა საგნების გამოყენებით მოეწყო პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა, რაც უნდა გადაზრდილიყო მაშტაბურ ფიზიკურ დაპირისპირებაში.
გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“.
0