11:52:20     19-08-2011
Т-50-ის დებიუტი მოსკოვის ავიაკოსმოსურ სალონზე
16 აგვისტოს მოსკოვში, მორიგი საერთაშორისო ავიაკოსმოური სალონი МАКС-2011 გაიხსნა. თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით, გამოფენა მსოფლიოში ორგანიზებად მსგავს ღონისძიებების სამეულში შედის. მსგავს გამოფენებზე მთავარი ყურადღება ყოველთვის სამხედრო ტექნიკისადმი აქვს ყველას მიპყრობილი. მოსკოვში გამართული წლევანდელი გამოფენის მთავარი სიახლე კი, რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლის პროტოტიპია. უფრო სწორედ ორი პროტოტიპი. გამოფენის საფრენოსნო პროგრამაში ПАК ФА-ს ორი ეგზემპლიარი მონაწილეობს. ყოველდღიურად ისინი 15 წუთიან სადემონტრაციო ფრენებს შეასრულებენ.
Т-50-ზე მუშაობა 1998 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ რუსეთში მეხუთე თაობის გამანადგურებლის შექმნაზე ახალი კონკურსი გამოცხადა. თავად ტერმინს "მეხუთე თაობა" საკუთარი კრიტერიუმები გააჩნია, რომლებსაც თვითმფრინავი უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია: მრავალფუნქციონირება ანუ მაღალი ეფექტურობა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და წყალზედა სამიზნეების განადგურებისას; ფრენის ზებგერითი კრეისერული სიჩქარე; თვითმფრინავის შემჩნევადობის შემცირება როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიოლოკაციურ დიაპაზონში; საჰაერო ბრძოლაში ნებისმიერი რაკურსიდან სამიზნის მიმართ ცეცხლის გახსნის შესაძლებლობა. მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თვითმფრინავს აქვს მეხუთე თაობაში ნაბიჯის გადადგმის უფლება.
2002 წელს ,კონკურსის ფინალისტად "სუხოის" ფირმა და მის მიერ შემოთავაზებული ПАК ФА დასახელდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი და ყველაფერი რაც მის შექმნასთან იყო დაკავშირებული, ბურუსით იყო მოცული. მართალია, პერიოდულად, რუსულ პრესაში ჩნდებოდა ცნობები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს ზედაპირული და არაფრის მომცემი ინფორმაცია იყო.
პროექტს ფარდა, მხოლოდ 2010 წლის 29 იანვარს აეხადა, როდესაც თვითმფრინავი პირველად აფრინდა ჰაერში. რუსულ პრაქტიკაში ეს პირველი თვითმფრინავია, რომელიც "სტელსის" ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი.
მაგრამ ინფორმაცია მისი განფანტვის ეფექტურ ზედაპირის შესახებ, ჯერჯერობით, ბურუსითაა მოცული. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ეს პარამეტრი 0.005-დან 0.3მ2-მდე ვარირებს. რაც შეეხება თავად თვითმფრინავს, მისი სიგრძე 19.4 მ-ს, ფრთის გაქანი კი 14 მ-ს შეადგენს. ცარიელი აპარატი 17500 კგ-ს იწონის, მაქსიმალური ასაფრენი კი 35480 კგ-ს აღწევს. ძალური დანადგარის სახით, პროტოტიპებზე 117С-ს ტიპის ძრავებია გამოყენებული. მათი წევა მუშაობის ფორსაჟულ რეჟიმზე 15500 კგძალაა. ამავე დროს, ის წევის ვექტორის მართვის სისტემითაა აღჭურვილი. თვითმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე, ფორსაჟის გამოყენების გარეშე, 2100 კმ/სთ-ით განისაზღრება.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრიანვი ახალ თაობას განეკუთვნება და იერის მიხედვით ის რუსეთში მანამდე აშენებულ არც ერთ თვითმფრინავს არ წააგავს, მასში მაინც შეიძლება „სუხოის“ ფირმისთვის დამახასიათებელი ნაკვთების დანახვა: ორკილიანი ვერტიკალური ფრთასხმულობა, ერთმანეთისგან დაშორებული ძრავები.
თვითმფრინავის ფოტოების გავრცელებასთან ერთად, დასავლურმა ექსპერტებმა მასსა და მის ამერიკულ "კოლეგას" შორის გარკვეული მსგავსებები იპოვეს. მართლაც ამერიკულ YF-23-სა და რუსულ ПАК ФА-ს შორის შეიძლება საერთო ნაკვთების გამონახვა. 1970-იან წლებში, აშშ-ში ფირმა Northrop-ის A-9-მ წააგო კონკურსში A-10A-სთან, ცოტა ხანში კი, „სუხოის“ საკონსტრუქტორო ბიურომ შექმნა Cy-25, რომელიც A-9-ს ძალზე წააგავდა. როგორც ჩანს ისტორია მეორდება - Northrop-ის YF-23-მა წააგო კონკურსში F-22-თან, მოგვიანებით კი, „სუხოის“ ფირმამ შექმნა გამანადგურებელი, რომელიც იერით დამარცხებულ YF-23-ს წააგავს.
სხვათა შორის, რამოდენიმე კვირის წინ, ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით, საინტერესო ცნობა გავრცელდა. თითქოს რუსული კომპანია "სუხოი" სამხრეთ კორეის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს. ერთი შეხედვით გასაკვირი არაფერია "სუხოის" თვითმფრინავები მსოფლიოს ათობით ქვეყნებში დაფრინავენ. Су-30МК-ს სერიის საექსპორტო მრავალფუნქციური გამანადგურებლები კი არც ისე მცირე პოპულარობით სარგებლობენ. თუმცა საინტერესო ის არის, რომ "სუხოის" ფირმას კორეული მხარისთვის Т-50-ის ტიპის თვითმფრინავის შეთავაზება სურდა.
გაკვირვებას სწორედ ეს გარემოება იწვევს. თვითმფრინავი რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ამერიკული "რაპტორის" საპასუხოდ იქმნებოდა, უცხო ქვეყნის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამჟამად Т-50-ი გამოცდის სტადიაში იმყოფება.
სამხრეთ კორეამ აღნიშნული ტენდერი, სამამულო სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზაციის მესამე ეტაპის ფარგლებში გამოაცხადა. ამ აზიური სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალები 7.9 მილიარდ დოლარის საერთო ღირებულების 60 გამანადგურებლის შეძენას აპირებენ. რუსების გარდა, ტენდერში ორი ამერიკული ფირმა Boeing და Lockheed Martin და ასევე ევროპული კონსორციუმი Eurofighter მონაწილეობენ. მათ კონკურსში, შესაბამისად, F-15 Silent Eagle, F-35 Lightning II და Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები წარმოადგინეს.
ბევრი მიიჩენვს, რომ ტენდერში რუსული კომპანიის მონაწილეობის ოფიციალური დადასტურების შემთხვევაშიც კი, რუსულ და ევროპულ მონაწილეებს გამარჯვების ძალზე მცირე შანსი ექნებათ. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტ როლს თვითმფრინავის შესაძლებლობები კი არა, პოლიტიკა თამაშობს - სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შორის უკვე წლებია რაც საკმაოდ მყარი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაა ჩამოყალიბებული. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ტენდერში ფინალისტის გამოვლენაში დიდი როლი სწორედ დიდმა მეგობრობამ ითამაშოს.
რაც შეეხება მოსკოვის ავიასალონში მონაწილეობას, ორივე პროტოტიპის სადემონსტრაციო ფრენები საკმაოდ მოკრძალებულ ხასიათს ატარებს და უმაღლესი პილოტაჟის არც ერთ ფიგურას არ შეიცავს. ეს მარტივად აიხსნება. თვითმფრინავი ამჟამად გამოცდის სტადიაში იმყოფება. ასეთი შემთხვევისას კი, მწარმოებლებს ურჩევნიათ რიგით და არა მხოლოდ რიგით მაყურებელს თვითმფრინავი ჰაერში აჩვენონ, ვიდრე თავბრუდამხვევი პირუეტებით მას საფრთხე შეუქმნან.
გამოფენაზე ცნობილი გახდა, რომ ამჟამად "სუხოის" ფირმა თვითმფრინავის კიდევ ორ პროტოტიპს Т-50-3 და Т-50-4 აშენებს, რომლებიც საგამოცდო პროგრამას 2012 წელს შეუერთდებიან. 2013-ში კი, პირველი სერიული თვითმფრინავები უკვე რეგულარულ სამხედრო ნაწილებს გადაეცემათ. გარდა ამისა, "სუხოის" დირექტორის განცხადებას თუ დავუჯერებთ, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 600-მდე თვითმფრინავის გაყიდვა იგეგმება. აქედან 200 ცალ მეხუთე თაობის გამანადგურებელს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები შეიძენენ. ანალოგიურ რაოდენობის ყიდვას ინდოეთი აპირებს. თვითმფრინავების დარჩენილი რაოდენობა კი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდება.
0