23:24:35     29-06-2021
ეკატერინე ტიკარაძე - როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში
შეხვედრაზე განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე, შეხვედრაზე იმსჯელეს ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოში არსებობს.
„წინა შეხვედრები ეს იყო უშუალოდ იმ პერიოდში კრიტიკულად დაფიქსირებული მდგომარეობის განმუხტვისთვის და პროცესის სწორად წარმართვისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრებოდი. ვთვლი, რომ ჩემი პირადი ჩართულობა ყველა ამ შეხვედრაში და პროცესში არის მნიშვნელოვანი ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. დღეს გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, იმისათვის, რომ დავსახოთ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. შეხვედრაზე განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრომლემატიკა, რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიდი სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოში მოგვეპოვება, ვინაიდან ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე სახლებში ბავშვების გადაყვანა, ბავშვების გადაყვანა საკუთარ ოჯახებში და ამ პროცესს სჭირდება გაცილებით მეტი ხელშეწყობა და ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყო საკმაოდ მაღალ დონე.“ , - განაცხადა ტიკარაძემ.